შს სამინისტრო სამართლებრივ საფუძველს მოკლებულს უწოდებს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული ყოფილი პროკურორის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს შს მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე მას მკვლელობის აღიარებას სთხოვდა.
ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2018 წლის 17 იანვარს სსკ-ის 236-ე მუხლით, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა. გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, როგორც შსს-ში აცხადებენ გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით.
ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.
შსს მოუწოდებს ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან.
გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გენინსპექციას მიმართავს. როგორც ადვოკატი აცხადებს 16 იანვარს, როდესაც გიორგი ჭანტურია დააკავეს, ადვოკატის მისვლამდე, დაკითხვის დროს, დანაშაულის აღიარების მოთხოვნით, მასზე შს მინისტრის მოადგილემ ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა.
რა უთხრა დაკავებულს შს მინისტრის მოადგილემ და რა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა გიორგი ჭანტურიაზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, ძველი რუსთავის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამართალდამცველები სპეციალური ტექნიკით და მაშველების მონაწილეობით სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ. პოლიცია მკვლელობის იარაღს ეძებეს, რომელიც არსებული ინფორმაციით მკვლელმა მკვლელობის შემდეგ მტკვარში გადააგდო. უშვებთ იმ ვერსიას, რომ მკვლელობის იარაღი შესაძლოა გიორგი ჭანტურიას კუთვნილება იყოს?
ალექსანდრე კობაიძე: მე ამის შესაძლებლობას არ ვუშვებ. თეორიულადაც კი წარმოუდგენელია.
თქვენ ამბობთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე დაკავებულზე ახდენდა ზეწოლას, რომ ეღიარებინა დანაშაული. ცხადია, თქვენ ენდობით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, მაგრამ თუ შემდეგ განვითარებულ პროცესებს გადავხედავთ, ჭანტურია 40 საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. რამდენად სარწმუნო შეიძლება იყოს ჭანტურიას განცხადება?
- თავი, რომ დავანებოთ ნდობას ფაქტი ერთია - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 4 საათზე შეიყავანეს დაკითხვაზე და 11 საათზე დაიწყეს დაკითხვა. ასეთი რამე არ შეიძლება, ეს სამართლებრივად წარმოუდგენელია. ისმის კითხვა - რატომ ჰყავდათ ამდენი ხანი გაჩერებული? საქმის მასალებით დასტურდება, რომ 4 საათზე შეიყვანეს და ღამის 11 საათზე დაიწყო დაკითხვა. ე.ი. რა გამოდის, ისე იჯდა? უკაცრავად და „აბირჟავებდა“ პოლიციაში?
პირველი დაკითხვის დროს, მანამდე, სანამ მე შევიდოდი საგამოძიებო უწყებაში, როგორც გიორგიმ მითხრა, ვინმე კახა ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. როგორც გიორგიმ განმიცხადა, ეს იყო მინისტრის პირველი მოადგილე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გენინსპექციას აუცილებლად მივმართავთ, მაგრამ დღეს თუ ხვალ, ეს ჯერ არ ვიცით.
რა სახის ზეწოლა ხდებოდა მასზე?
- ფსიქოლოგიური.
ფსიქოლოგიურ ზეწოლაში რას გულისხმობთ?
- შს მინისტრის პირველი მოდგილე, ბატონი კახა ეუბნებოდა, რომ შენ მოკალი და უნდა აღიაროო.
თავად ჭანტურიამ თუ სცადა გაერკვია რის საფუძველზე ადანაშაულებდა მინისტრის მოადგილე?
- ეუბნებოდა თქვი, რომ შენ მოკალიო.
მაგრამ გიორგი ჭანტურია გაანთავისუფლეს და შესაბამისად, ლოგიკურია კითხვა - სად ჩანდა, რომ მასსზე ხდებოდა ზეწოლა?
- როგორც გითხარით, საქმის მასალების მიხედვით 11 იანვარს 4 საათზე შევიდა საგამოძიებო ორგანოში და 11 საათზე დაიწყო მისი გამოკითხვა.
ის, რომ 8 საათის შემდეგ დაიწყო დაკითხვა, ეს ნიშნავს, რომ ეს პერიოდი ზეწოლა ხდებოდა?
- რა თქმა უნდა, მით უმეტეს ეს ადამიანი იძახის, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. თუ არ ნიშნავს და თუ საპირისპიროს დამტკიცება უნდა გამოძიებას, მაშინ დაგვიმტკიცოს, რომ 4 საათიდან 11 საათამდე გიორგი ჭანტურია პოლიციის შენობაში „აბირჟავებდა“.
კახაბერ საბანაძემ დაკავებულს უთხრა რა სტატუსით ხვდებოდა მას დაკითხვის დაწყებამდე, რისი უფლებაც კანონით შს მინისტრის მოადგილეს არ ჰქონდა?
- უთხრა, რომ შს მინისტრის მოადგილე ვარ, აღიარე, რომ შენ მოკალიო. თან მარტო არ იყო, დაახლოებით 20 კაცი იყო იმ ოთახში.
ისინიც პოლიციელები იყვნენ?
- თანამდებობის პირები იყვნენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ შს მინისტრის მოადგილე მარტო მივიდოდა? მე ასე არ წარმომიდგენია. ძალიან ბევრი იყვნენ და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი კახა იყო.
ჭანტურიას სხვა მაღალჩინოსნების შესახებ აქვს ინფორმაცია, ვინ იყვნენ ისინი?
- არა. როგორც ამბობს, მათ არ იცნობს.
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის რამოდენიმე ვერსიაზე არის საუბარი, მათ შორის სიგარეტის ბიზნესზე, რომელიც ერაყის ტერიტორიაზე უნდა ეწარმოებინა და ამ საქმეში მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ ებრაელები და არაბები, რასაც არსებული ინფორმაციით მწვავე დაპირისპირება მოჰყვა ბიზნესპარტნიორებს შორის. ეს ვერსია გამორიცხავს ჭანტურიას შემხებლობას, მაგრამ მოკლულის მეუღლე ჭანტურასთან კონფლიქტზე ამახვილებს ყურადღებას. ბოლო პერიოდში რა შემხებლობა ჰქონა ჭანტურიას და ქუთათელაძეს, სად მოხდა კვეთა, რომ გამოძიებამ ჭანტურიაზე აიღო სწორება და დღემდე ამ მიმართულებით მიდის ძიება? ცნობილი ფაქტია ისიც, როგორ ჩამოართვეს ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილი ჭანტურიას...
- გიორგი ჭანტურიაზე სწორება აიღეს იმიტომ, რომ ბოლო შეხვედრა ჰქონდა გიორგის და ეს არის მთავარი პრობლემა ამ საქმის. შეხვდნენ, დასხდნენ და ისაუბრეს, ამის შემდეგ ორივე თავის გზაზე წავიდა. სხვა საუბარი არ ყოფილა.
გამოძიებას მტკიცებულებად მხოლოდ ბოლო შეხვედრა აქვს?
- დიახ.
მეუღლის განცხადებაზე რას იტყვით? ის ჭანტურიაზე ამახვილებს ყურადღებას...
- ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მეუღლე გაბრაზებულია, უნდა მკვლელი დაისაჯოს. ჩვენც გვინდა დაისაჯოს მკვლელი, მაგრამ ვიმეორებ, რომ გიორგი ჭანტურია ამ მკვლელობასთან არაფერ კავშირში არ არის.
გამორიცხავთ, გამოძიებამ თქვას, რომ მკვლელი არის გიორგი ჭანტურია?
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქმის მასალების მიხედვით, რაც ამ ეტაპზე არსებობს, გამორიცხულია გიორგი ჭანტურიას ბრალეულობა იკვეთებოდეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას. ჩემი შეფასებით ვერ მოიპოვებენ იმის მტკიცებულებას რაც გიორგის დანაშაულს დაადასტურებს, იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებული, ანუ ძველი მტკიცებულება დარჩება საქმეში, ამ შემთხვევაშიც არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება.
როგორც ცნობილია, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი და ყოფილი პარლამენტარი სამსონ ქუთათელაძე რამდენიმე დღის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია აქვს მოხვედრილი. ამ დრომდე არსებული ვერსიით მკვლელობის მოტივი ბიზნეს საქმიანობა იყო. არაოფიციალური ინფორმაციით გენერალი საკუთარ კაბინეტში ქილერის მიერ იქნა მოკლული, რომელმაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით იარაღი და ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დღეს ეცვა, კვალის დაფარვის მიზნით მტკვარში გადაყარა. სწორედ ამ მტკიცებულებებს ეძებენ სამართალდამცავები მყვინთავებთან ერთად რუსთავში, მდინარე მტკვარში.