„იმედი მაქვს, სიმართლის დადგენამდე ცოცხალი ვიქნები და მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან“

„იმედი მაქვს, სიმართლის დადგენამდე ცოცხალი ვიქნები და მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან“

პანკისის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია. ადგილობრივები სუს-ის ხელმძღვანელთან შეხვედრას და ხეობის მიმართ არსებული პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. ადგილობრივები ადასტურებენ, რომ 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას საქმეზე ხეობის მაცხოვრებლების დაკითხვა გრძელდება. დაახლოებით 10 საათის განმავლობაში სუს-ში სამი ადგილობრივი დაკითხეს, მათ შორის არიან 26 დეკემბერს დაკავებულების ოჯახის წევრები.

როგორც ცნობილია, 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პირი, რომელსაც კადრებში სახე დაფარული აქვს, იუსუფ ხანგოშვილი ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის, ჯარაფ ხანგოშვილის შვილია. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა მედიასთან არ კონტაქტობს.

იუსუფ ხანგოშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, სადაც ის ჩატაევის ჯგუფის წევრებთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად, მობილური ტელეფონების ერთ-ერთი მაღაზიაში იმყოფება. მამა, ჯარაფ ხანგოშვილი ადასტურებს, რომ კადრებში მისი შვილია და აცხადებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან მას კავშირი რამდენჯერმე ჰქონდა, რადგან ისინი ხეობას ხშირად სტუმრობდნენ.

როგორც უხუცესთან საბჭოს წევრი აცხადებს, მისი შვილი დაკითხვაზე მედიაში კადრების გავრცელებამდე დაიბარეს, რადგან ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთად ჩანდა კადრებში.

„ჩემი შვილი კი არა, მაგათ ნახევარი სოფელი იცნობდა, მერე რა რომ ჩანს, ეს არაფერს ამტკიცებს. ჰკითხეს, საიდან იცნობდა და რა კავშირი ჰქონდა. არაფერი კავშირი ჩემს შვილს მათთან არ ჰქონია. სტუმარ-მასპინძლობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. იმ პირებსაც, როგორც სტუმრებს, ისე დაეხმარა. ისინი აქ, ხეობაში ხშირად ჩამოდიოდნენ და გასაკვირი არ არის, რომ ჩემი შვილი მათ იცნობდა. სხვა რაიმე სახის კავშირი სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულებთან არ ჰქონია“, - ამბობს ჯარაფ ხანგოშვილი.

სუს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდა პანკისის ხეობის მკვიდრი, ჯაბრაილ ქუშანაშვილი, რომელიც ასევე მედიასთან არ კონტაქტობს. დედა, ჰეიდი ქუშანაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის დაკითხვის მიზეზი ფოტოსურათი გახდა, სადაც ის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ბორზიევთან ერთად არის გადაღებული. მისი თქმით, მისი შვილი და დაკითხვაზე დაბარებული კიდევ ორი პირი, თემირლან მაჩალიკაშვილის მეგობრები არიან. ის დაკითხვის დეტალებზეც საუბრობს.

„როგორც ჩემმა შვილმა მითხრა, კითხვები იმ ფოტოს შესახებ დაუსვეს, სადაც ჯაბრაილი და ლიკვიდრებული პირები არიან ერთად. ჩემი შვილი არ მალავს, რომ ფოტო გადაღებული აქვს, მაგრამ მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ისინი მხოლოდ ერთხელ ნახა. დაკითხვაზეც უჩვენებიათ ის სურათი და ამანაც ის თქვა, რაც სიმართლეა. იქ უთქვამთ, შესაძლოა, სასამართლოზე დაგიბაროთ მოწმის სახითო. რა უნდათ ჩვენგან, არ ვიცი. რა ესაქმება ჩემს შვილს იმათ სასამართლოზე!

დაკითხვაზე უთხრეს, სიმართლე თქვითო, ვიცით რასაც აკეთებთო, ყველაფერი ვიცით, უბრალოდ გვინდა, რომ თქვენგანაც მოვისმინოთ და გავიგოთო. პირველად ცოტა ზეწოლა იყო, მაგრამ ჩაიარა, როცა მიხვდნენ, რომ არაფერ შუაში არ იყვნენ ბავშვები, უბრალოდ ნანახი ყავდათ და მეტი არაფერი.

რაღაცის გაკეთება სურთ, ვითომ დაკითხვა, რაღაცეები, მაგრამ ყველაფერი ვიცით, მანდ რაც ხდება, რის გაკეთებაც უნდათ, ჩვენს სისხლში ხელებს ისვრიან და ჩვენზე ისუფთავებენ. მთავრობამ თვითონ არ იცის, რა ჩაიდინა სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს და ჩვენგან რა უნდათ, ჩვენ რატომ გვთხოვენ პასუხს თავის დანაშაულზე?!“, - აცხადებს ჰეიდი ქუშანაშვილი.

პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც ანტიტერორისტული სპეცოპერაცის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდება. ლომჯარია სოფელ დუისში ადგილობრივებსაც შეხვდება და სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ოჯახებშიც მივა. სახალხო დამცველი სამართალდამცველ სტრუქტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახთან შუამავლობას სთავაზობს.

„ოჯახსაც შევთავაზე და საჯაროდაც მინდა გავაკეთო შეთავაზება გამოძიების მისამართით, რომ ჩვენ გარკვეული შუამავლის თუ ხიდის როლი შევასრულოთ, რომ მაქსიმალურად იყოს მიწოდებული ოჯახისთვის ის ინფორმაცია, რომლის მიწოდებაც შეიძლება, რადგან ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან დიდი უსამართლობის გრძნობა.

ვფიქრობ, გამოძიებამ მათ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. რა თქმა უნდა, ის კითხვები, რაც ოჯახის წევრებს უჩნდება, გვიჩნდება ჩვენც. ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია, თუმცა არ ვიცით, რამდენად მოგვეცემა გაცნობის საშუალება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ითხოვს, რომ კონფიდენციალურობის დაცვით, თუნდაც ადგილზე მიეცეს საქმის მასალების გაცნობის საშუალება.

„ოჯახმა გაიხსენა სპეცოპერაციის ღამის დეტალები. მათ აქვთ შეკითხვები თემირლანის დაჭრის საქმესთან და ასევე საძინებელ ოთახში ხელყუმბარის არსებობასთან დაკავშირებით. ეს არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემას მაჩალიკაშვილები მოკლე ვადებში ითხოვენ“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რაც მისი თქმით, გამოძიებას სწორად წარმართვას შეუწყობს ხელს.

„მე ჩემი მხრივ, სხვადახხვა გზებით ვეცდები სიმართლის დადგენას და თუ საჭირო გახდა სტრასბურგის სასამართლომდე მივალ. იმედი მაქვს, სიმართლის დადგენამდე ცოცხალი ვიქნები და მეც ჩემი შვილივით ტყვიას არ მესვრიან. სახალხო დამცველს დეტალურად მოვუყევით რაც მოხდა სპეცოპერაციის ღამეს, მას აინტერესებდა თემირლანის დაჭრასთან დაკავშირებით დეტალები.

საჭიროა ყველა დეტალის ცოდნა, რადგან საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ დაისაჯოს ყველა, ის ვინც დამნაშავეა. ასევე მოვითხოვთ დროულ და ობიექტურ გამოძიებას. სურვილი მაქვს შევხვდე ვახტანგ გომელაურს, რადგან ბევრი კითხვა მაქვს, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“, - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მტკიცებულებების გასაცნობად მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი. მარიამ კუბლაშვილი, საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და სპეცოპერაციის ადგილზე, სამართალდამცველების და თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტომასალის შედარებას გეგმავს.

„განსხვავებებია ერთი და იგივე დროს გადაღებულ სხვადასხვა ფოტოებში, ისინი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან და ეს ეჭვს ბადებს. ეჭვს ბადებს ასევე სამედიცინო ისტორია. გავიდა ლოგინიდან ტყვია, არის მოხვედრილი კედელზე და ეს ადგილი არის ამოღებული.

გვაქვს დაცვის მხარეს კითხვა, რატომ გახდა საჭირო ამ კედლის ამოღება. წაღებულია ბალიში - გასაგებია, აგრეთვე საბანი, რომელიც ეფარა. რატომ უნდა დაიწყოს გამოძიება 33-ე მუხლით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს პირდაპირი განზრახვა?!“, - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.