საქართველოს მოსახლეობის მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საქართველოს მოსახლეობის მესამედი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას? - გამოკითხულთა 13% პასუხობს, რომ - კარგად, 53% - საშუალოდ, 32% - ცუდად, 2%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) სოცილოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი, ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალია, კერძოდ, გამოკითხული ადამიანების 72% თავს დასაქმებულად არ თვლის უმცირესობათა დასახლებებში.

გამოკითხული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული ეკონომიკური ხასიათისაა. კერძოდ, გამოკითხულთა 54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ასახელებს სამუშაო ადგილებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა - 23%-ით.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მონაწილეობა მიიღო გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, (ეს მაშინ, როდესაც ცესკო-ს მონაცემებით აქტივობა იყო 45.86%), 33%-ის თქმით კი, მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. რაც შეეხება ამომრჩეველთა ასაკობრივ კატეგორიას, 18-დან 35 წლამდე გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ მონაწილეობა არ მიუღია არჩევნებში, 51%-მა კი მონაწილეობა მიიღო.

36-დან 55 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, გამოკითხულთა 27%-ს არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, 72%-მა კი მიიღო; 56 წლის ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში კი აქტივობა ყველაზე მაღალი იყო - გამოკითხულთა 23%-მა თქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 77%-მა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია - მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 %, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს გასულ წელს დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა, როდესაც უკმაყოფილოთა რიცხვი აღემატა იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - 26%, ან საერთოდ არ იცვლება - 32%.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 26% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% - საქართველო საერთოდ არ იცვლება, 39% - საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 3%-მა უპასუხა, რომ არ იცის.

მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. კვლევის თანახმად, უფრო მეტი მოქალაქე უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვიდრე - ნატო-ში.

კერძოდ, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 21%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 7%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი, 26%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, ხოლო 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

ამასთან, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ მომხრეა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 8% არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 3% ამბობს, რომ არ იცის, რომელ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას უჭერს მხარს.

აღსანიშნავია, რომ NDI-მ კვლევების განმავლობაში პირველად დაისვა კითხვა - თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი თუ აშშ, პასუხები ასე გადანაწილდა, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი, 36% აცხადებს, რომ აშშ, 15%-ის აზრით, თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 8% აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 30%, 17%-მა კი არ იცის. ამავე კვლევით, 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა არსებობს, რასაც 29% არ ეთანხმება, 26%-მა არ იცის. 44% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა, 28% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 28% კი არ იცის კითხვაზე პასუხი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53%-ის აზრით რუსული პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ის აზრით - პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 28%-ის აზრით - ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 12% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით, 11%-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.

NDI კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ამ პოზიციას არ ეთანხმება 24%, ხოლო 16% აცხადებს, რომ არ იცის. 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ონლაინ მედია საშუალებები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გამოკითხულთა 19% იგივე მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის განცხადებით, მოსახლეობის უმეტესობა დადებითად აფასებს საარჩევნო პროცესს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოს. უმეტესობა ამბობს, რომ გარემო არჩევნების დღეს იყო მოწესრიგებული, უსაფრთხო. თუმცა მისი თქმით, მოსახლეობის 30% ბოლომდე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორად მოხდა ხმების დათვლა.

„საინტერესო იყო კითხვები დეზინფორმაციის შესახებ. მოსახლეობის დაახლოებით, 60% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია ვრცელდება ხოლმე სატელევიზიო საშუალებებით, რაც ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი შედეგია. მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან დიდია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველვყოთ სანდო მედიაგარემო ქართული საზოგადოებისთვის.

რიცხვი იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, სულ ოდნავ, თუმცა გაზრდილია წინა კვლევასთან შედარებით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კარგი ამბავია ის, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მხარდაჭერა სტაბილურია და მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ ამ 2 მიზანს“, - განაცხადა ლორა თორტონმა.

დევნილთა და განსახლების მინისტრი კვლევის შემაშფოთებელი შედეგის არც ერთ მონაცემს მანამ არ დაიჯერებს, სანამ არ ეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20%, არამედ 0%-იანი. მანამდე, სოზარ სუბარის განცხადებით, აზრი არ აქვს რამეს. რაც შეეხება ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვის შემცირებას, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ რამდენიმე თვეში მსგავს სტრატეგიულ საკითხებზე 8%-იანი კლება შეუძლებელია.

„ზოგადად, მე NDI-ს კვლევების ცალკეულ ციფრებზე შეფასებებს არ გავაკეთებ. ვისაუბრებ მხოლოდ ერთ ციფრზე, 1,9% არის ცდომილება, როგორც იქ წერია და ამ დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, თითქმის ყოველ არჩევნებზე დაახლოებით 20%-იანი ცდომილებაა. ევროკავშირს რამდენი უჭერს მხარს და ნატო-ში ინტეგრაციის მომხრე რამდენია, ამას ვერ გადავამოწმებთ და არჩევნებში რომელი პარტია რამდენს იღებს, ამას ვამოწმებთ ყოველ არჩევნებზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მინისტრი მონაცემებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული პრობლემა აღელვებს და მთავრობის მუშაობას დადებითად რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ოდენობა აფასებს, მინისტრი ასე პასუხობს:

„ყველა მაჩვენებელზე და ყველა ციფრზე მე ვთქვი ჩემი მოსაზრება და ცალკე არც ერთს არ გამოვყოფ. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ის რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა არის დაბალი, ჩვენ არ ვართ შვეიცარია, ეს კარგად ვიცით და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ზოგადად, კერძო სექტორში ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები გაიზარდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მთლიანობაში, არც ერთ მონაცემს არ დავიჯერებ, სანამ არ მეცოდინება, რომ ცდომილება არის არა 20%, არამედ 0%-იანი. მანამდე აზრი არ აქვს რამეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობის შემცირება გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, ასეთ შემთხვევაში საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას.

„ყოველთვის არის სხვადასხვა გამოკითხვები ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს. რყევის დიაპაზონია, რომელიც ან მატულობს ან იკლებს. არა მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი უნდა მივაწეროთ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზაციებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გაანალიზონ ეს მონაცემები. თუ ეს გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ექსპერტს რამაზ საყვარელიძეს, რომლის შეფასებით, თუკი მოსახლეობის ეს ნაწილი (60%) სახავს რაიმე გზას და ამის მერე შეუძლია გააკეთოს დასკვნა სწორად ვითარდება თუ არა ქვეყანა, მისი თქმით, ასეთ შემთხევაში გამოდის, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანა ყოფილა.

„მოსახლოება ირჩევს პარლამენტს, პარლამენტი მთავრობას, ამდენი სელექციის შედეგად ადამიანების რაღაცა რაოდენობა იკრიბება საიმისოდ, რომ დადგნენ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. სოციოლოგიური გამოკითხვით საკითხის ასე დასმა - სწორი გზით ვითარდება თუ არა ქვეყანა, მინიმუმ ღიმილის მომგვრელია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რომ იცოდეს სწორი გზით ვითარდება თუ არა ქვეყანა, საჭირო არ იქნებოდა პარლამენტის არჩევა, მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებას აირჩევდნენ და დამთავრდებოდა ამით საქმე.

პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი ჯგუფი აღარ დასჭირდებოდა. სოციოლოგიით გამოკითხავდნენ მოსახლეობას და გაირკვეოდა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იყო კიდეც იმის მცდელობა, რომ სოციოლოგიით განვსაზღვროთ ცენტრალური მიმართულებებიო, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, სოციოლოგიაში მნიშვნელოვანია როგორ დასვამ კითხვას. როგორც საყვარელიძე ამბობს, ანალოგიურად დგას საკითხი, როდესაც ისმევა კითხვა - ევრაზიული კავშირი გირჩევნია, თუ ევროპა?

„მიუხედავად იმისა, რომ განმარტებას იძლევიან, თუ ადამიანს თავად არა აქვს გაცნობიერებული ეს განსხვავება, ერთი განმარტების მიცემით, შენ იმას ვერ აუხსნი იმ „საიდუმლოს“, რომ ევროკავშირი სხვა პოლიტიკის მატარებელია და ევრაზიული კავშირი კი, სულ სხვა პოლიტიკის. ასე, ქუჩაში შემხვედრისთვის ამ კითხვის დასმა ისე, რომ მანამდე არ შეამოწმო იცის თუ არა, რა განსხვავებაა ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის, წესით არ არის საკითხისადმი სწორი მიდგომა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.