ყოველ მეოთხე პედაგოგს უმუშევრობა ემუქრება

ყოველ მეოთხე პედაგოგს უმუშევრობა ემუქრება

[გიორგი ბექაური]

სასწავლო წელი ეს-ესაა დასრულდა და უკვე დაიწყო სამომავლო გაწამაწია. მასწავლებელთა დიდი ნაწილის ბედი კვლავ სასწორზეა. არსებობს ვარაუდი, რომ პედაგოგთა 25% სექტემდრიდან უმუშევარი დარჩება.

ახალ 2011-12 სასწავლო წელს პედაგოგთა ნაწილი გამსხვილებული საათებით შეხვდება, ზოგი კი საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩება. რა კრიტერიუმით უმცირდებათ მასწავლებლებს საათები, ეს მათთვის ცნობილი არ არის. ამ მხრივ დაზღვეული მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებელია.

საჯარო სკოლებში განაკვეთების გამსხვილება მიმდინარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობის საათების (საშუალოდ 10) მქონე მასწავლებლებს ამ მცირე საათებსაც ჩამოაკლებენ და მეტი საათების მქონე, სავარაუდოდ, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს გადასცემენ.

სკოლებში მასწავლებლებისთვის საათების გამსხვილება სასკოლო ვაუჩერის თანხის შეკვეცამ გამოიწვია. ეს თანხა, რომელიც 435 ლარს შეადგენდა, იანვრიდან დაახლოებით 385 ლარამდე შემცირდა.  სწორედ ამას მოჰყვა კლასების გამსხვილება-გაერთიანება, ამ გამსხვილებას - საათების შემცირება და ამ შემცირებას, შესაბამისად, მასწავლებლის ხელფასის დაკლება და სამსახურიდან გაშვებაც.

სხვათა შორის, ამ დროისათვის სრული სასწავლო განაკვეთით სერტიფიცირებული მასწავლებლებიც კი ვერ დაიკვეხნიან, არათუ ჩვეულებრივი პედაგოგები.

„ჩვენს საგანში 3 სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს, მაგრამ სრული განაკვეთი, ანუ 18 საათი, არც ერთს არ აქვს.  გამოდის, რომ ვისაც მცირე განაკვეთი გვაქვს და ჩვენს საათებს ამ სერტიფიცირებულების განაკვეთის გასამსხვილებლად გადაუნაწილებენ, ჩვენ გაგვიშვებენ სკოლიდან. ასეთები კი 40% მაინც ვიქნებით“, - აცხადებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის პედაგოგი.

ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ამყარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციაც: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მინისტრის N576 ბრძანების თანახმად, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს მისცეს სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი. შესაბამისი ბრძანება და ინსტრუქცია გადაგზავნილია საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში“.

აკადემიკოსი ზურაბ ვახანია პრესასთან საუბრისას ამბობს, რომ ყოველივე ამის შესახებ ზუსტად ცნობილი ჯერ არაფერია. „ხმები დადის, რომ სკოლებში მცირესაათიანი მასწავლებლები სკოლებში არ დარჩებიან. ვთქვათ, ამა თუ იმ სკოლაში მათემატიკაში კვირაში 50 საათია და ამავე საგნის მასწავლებლად ჰყავთ 5-6 მასწავლებელი. თითოეულ მათგანს კი საშუალოდ 10 საათი აქვს. როგორც ამბობენ, 50 საათი უნდა განაწილდეს 3 მასწავლებელზე, მაქსიმალურად რომ დაიტვირთონ.  საათების გამსხვილება თუკი მართლა მოხდა, ეს ბევრი მასწავლებლის დათხოვნას გამოიწვევს“, - ამბობს ვახანია.

სხვათა შორის, ამ საკითხზე საუბარი შარშანაც მიდიოდა, რასაც შედეგად მასწავლებლთა მცირე რაოდენობის შემცირება მოჰყვა. „მართალია, მაშინ ზოგმა სკოლამ არ შეამცირა მასწავლებლები, მაგრამ საათები ყველას ცოტ-ცოტათი ჩამოაკლეს. ახლა გამოვიდა ასეთი რამე, რომ ვისაც მაშინ ჩამოაკლეს საათები, ისევ ჩამოაკლებენ, რომ სხვებს გაუმსხვილონ. მივიღებთ იმას, რომ მასწავლებლების 20-25%-ს სამსახურიდან გაუშვებენ.

როგორც სამინისტროდან აცხადებენ, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს საათები მართლაც ემატებათ, მაგრამ სხვა მასწავლებლების ხარჯზე. შედეგად კი 3 მასწავლებლიდან დარჩება 2“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.