სარეიტინგო ომი ქართულ ბანკებს და მის კლიენტებს პრობლემებს შეუქმნის

სარეიტინგო ომი ქართულ ბანკებს და მის კლიენტებს პრობლემებს შეუქმნის

[ეკა ბაქრაძე]

ევროპა ამერიკული სარეიტინგო კომპანიების წინააღმდეგ დაირაზმა. გამოცხადებული დაპირისპირებით, შესაძლოა, ქართულმა ბანკებიც დაზარალდნენ, უფრო სწორად საბოლოო ჯამში დარტყმის ქვეშ მაინც მომხმარებელი აღმოჩნდება. თუკი ბანკებისთვის ევროპული ბაზრებიდან მოზიდული იაფი რესურსი გაძვირდება, რა თქმა უნდა, უპირველესად მოსახლეობა იზარალებს.

ამერიკული სააგენტოების მიერ მინიჭებული რეიტინგებით მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და ბანკები ხელმძღვანელობენ. ამ დროისთვის საქართველოს სამივე სააგენტოს მიერ დადებითი რეიტინგები აქვს მონიჭებული, რაც ხელისუფლებას აიმედებს, რომ ისინი ქვეყნისადმი ინვესტორთა ინტერესს გაზრდიან.

ქართველი ექსპერტები კი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ „რეიტინგმეიკერების“ საქმიანობას. მათდამი ნდობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათ რეიტინგებს ინვესტორები უკვე აღარ ენდობიან, შესაბამისად, მათი შედეგები მხოლოდ პიარისთვის თუ გამოდგება.

„ვინ ეკითხებათ ამ ორგანიზაციებს ქვეყნებს რეიტინგებს, რომ ანიჭებენ ან რა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ ამ რეიტინგებს?  ექსპერტებს მაინც ჰკითხონ რამე. საერთოდ, მათ არც კი უნდა მოუსმინოთ“, - ამბობს ექსპერტი დავით ნარმანია.

ასეა თუ ისე, სარეტინგო ომში საქართველოც დაზარალდება, უფრო სწორად კი ჩვენი საბანკო სექტორი.

ექსპერტის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებს აქამდეც არ მოუტანიათ განსაკუთრებული სარგებელი და აწ უკვე ვითარება უფრო გართულებულია.

„ის, რომ FITCH ან, რომელიმე სააგენტო საქართველოს კარგ შეფასებებს აძლევს, ინვესტორთა აქტივობაზე დიდად არ ასახულა.  შესაბამისად ამ მიმართულებით რამე სერიოზულ საფრთხეს არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს აბაშიშვილი. 

თუმცა, მისი განცხადებით, სხვა ვითარებაა საბანკო სექტორში, სადაც სააგენტოების რეიტინგები მათ დასავლური ბანკებიდან შედარებით იაფად საკრედიტო რესურსის მოზიდვაში უწყობს ხელს. ექსპერტის აზრით, თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან სააგენტოების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია სერიოზულ სახეს მიიღებს, ამით ქართული საბანკო სექტორიც დაზარალდება და ევროპული ბაზრებიდან მოზიდული შედარებით იაფი რესურსი გაძვირდება.

2 დღის წინათ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის ევროპული ორგანოს (ESMA) ხელმძღვანელმა, სტეივენ მაიორმა განაცხადა, რომ ევროპულ წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ის სამ ამერიკულ სარეიტინგო სააგენტოს, „ძველი სტილით“ მუშაობის შესაძლებლობას აღარ მისცემს.

მაიორმა STANDART&POORS, MOODY-ს და FITCH RAITING-ს ევროპაში სარეიტინგო სააგენტოებისთვის დაწესებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკისგან განსხვავებით, სადაც ამ სააგენტოებისადმი მოთხოვნები საკმაოდ ბუნდოვანია, ევროსაბჭო გაცილებით მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.

ESMA-ს ხელმძღვანელი „დიდი სამიანისგან“ მათი საქმიანობის ამსახველ დეტალურ დოკუმენტაციას ითხოვს. სარეიტინგო მენეჯერების მიერ ევროპული წესებისადმი დაქვემდებარების საკითხი ახლა ასე მწვავედ იმიტომ დადგა, რომ 7 ივლისიდან, სარეიტინგო სააგენტოების ერთადერთი ზედამხედველი ორგანო სწორედ ESMA ხდება.  აქამდე, ამერიკელებისთვის ლიცენზიის გაცემის და სააგენტოების კონტროლს ევროპის ეროვნული უწყება ახორციელებდა.

კრიზისამდე, ბაზრები რეიტინგებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლა კი, მათ უკვე გადამეტებულადაც კი აფასებენ.  რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ივნისში განაცხადა, რომ ევროპაში აუცილებელია შეიქმნას საკუთარი სარეიტინგო სააგენტო, რათა ევროპა ამერიკაზე დამოკიდებული აღარ იყოს.