ქართველი მსახიობით მოხიბლული კლაუდია კარდინალე

ქართველი მსახიობით მოხიბლული კლაუდია კარდინალე

დღევანდელ მოგონებებში ცნობილი ქართველი ხელოვანების „საყურადღებო“ ისტორიებს შემოგთავაზებთ.

ნება მომეცით წინა საუკუნის დასაწყისში დაგაბრუნოთ და ქალაქ ვარშავის საოპერო თეატრთან „დაფიქსირებული ერთი საინტერესო შემთხვევა მოვიგონოთ.

ცნობილი მწერალი და ხელოვნებათმცოდნე ირაკლი ანდრონიკოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა:

„საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ლირიკული ტენორი, „საქართველოს ბულბულად“ წოდებული, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, 1916 წელს, ბაქოს საოპერო გუნდთან ერთად, პოლონეთში იმყოფებოდა სოლო გასტროლებზე, სადაც მას კარგად იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ. ერთ წვიმიან, შემოდგომის დღეს, ვარშავის საოპერო თეატრში უნდა ემღერა და ამ კონცერტს პოლონეთის მთელი მთავრობა ესწრებოდა. ვანო  ნახევარი საათით ადრე მოიყვანა იმპრესარიომ თეატრში „როლს-როისის“ „ლიმუზინით“. ამ დროს თეატრის შესასვლელთან ვანოს თაყვანისმცემელთა ასეულობით უბილეთო ადამიანი იდგა და თავის კერპის გამოჩენას ელოდა, „ლიმუზინი“ „დაბუქსავდა“, ბრბოში ვერ გააღწია, იმპრესარიომ წინასწარ მომზადებული ქოლგა აიღო და დიდი ბოდიშის მოხდით, სარაჯიშვილს უთხრა:

– პან (ბატონო) სარაჯიშვილო, ამ ხალხს ვერ დავშლით და ფეხით უნდა მივიდეთ თეატრამდეო.

– კი მაგრამ, რატომ დგანან ეს ადამიანები ამ თავსხმაში და ადგილიდან არ იძვრიანო? – გაუკვირდა ვანოს.

– თქვენი თაყვანისმცემლები არიან. ბილეთები ვერ იშოვეს კონცერტზე დასასწრებად და თქვენს გამოჩენას ელოდებიან, რომ თვალი შეგავლონო.

ვანომ იმპრესარიოს სიტყვები არ დაიჯერა. პირველი გადავიდა მანქანიდან და როგორც კი, სახელოვანი მომღერალი დაინახეს, თაყვანისმცემელთა ბრბო დიდი ოვაციით გარს შემოეხვია „ლიმუზინთან“ მდგომ სარაჯიშვილს. „საქართველოს ბულბული“ ისე შეძრა ასეთმა სახალხო აღიარებამ, რომ ნახევრი საათის განმავლობაში, „როლს-როისის“ სახურავზე მდგომმა, კოკისპირულ წვიმაში, უბილეთო თაყვანისმცემლებს თავისი საუკეთესო რეპერტუარი უმღერა. ოპერაში შეკრებილ არისტოკრატიულ-პოლიტიკურ ბომონდს კი, კარგა ხანს მოუწია ლოდინი... და მართალია, დაგვიანებით, მაგრამ კონცერტი მაინც ჩატარდა“.

ვანო სარაჯიშვილის შემდეგ მოგონებების ესტაფეტა ბატონ ნოდარ დუმბაძეს გადავცეთ.

ერთხელ, ნოდარ დუმბაძე რომ „ნიანგის“ რედაქტორი გახლდათ, ის და ნოდარ მალაზონია რედაქციაში ჭადრაკს თამაშობდნენ. ის იყო, მალაზონიამ ეტლით სვლა გადაწყვიტა, რომ მიხვდა, ამით ლაზიერს კარგავდა. ეტლს ხელი ცივად გაუშვა და ვითომც არაფერიო, კვლავ ფიქრი განაგრძო. ეტლით თამაშობდიო, – შეახსენა რედაქტორმა. მაგრამ მოწინააღმდეგე დუმს. ეტლიო, – კვლავ უმეორებს დუმბაძე. ის კი ჯიუტად ამბობს, ხელი არ მიმიკარებიაო. ძალს ის არის და ძალს მისი რედაქტორი – არც ერთს დათმობა არ უნდა. სხვა საშველი რომ ვერ ნახა, მალაზონიამ გაბრაზებულ-გასაწყლებული ხმით ესღა მოიფიქრა:

– ბიჭო! იმ შენს ილიკო და ილარიონებში რომ წერ, იმან ამას ის გაუკეთა და მერე ამან იმას ისაო... მამაშენის ჩექმები და შარვალ-კოსტუმი ვირზე აკიდებული რომ მიიტანეთ ორ ბათმან სიმინდზე გასაცვლელად, ბაბილო ვაშაყმაძემ ჩექმა და კოსტუმი რომ გამოგართვა და სიმინდი მოგცა. მეორე დილას სიმინდი რომ გამოგატანა და ყველაფერი ისევ უკან დაგიბრუნა. ის ხომ იყო კარგი! ახლა შენ ამ გაჭირვებული დედოფლის დაბრუნება რომ გენანება ჩემთვის, ესაა შენი ჰუმანიზმი?

– მტყუანს! არ აუდგა გვერდები ბაბილო ვაშაყმაძეს, რამდენი იმას ჩემთვის ის შარვალ-კოსტუმი და ჩექმა უკან არ დაებრუნებინოს, – მიპასუხა ნოდარმა.

ცნობილი ქართველი, საბჭოთა კინორეჟისორი მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი) იხსენებდა:

„ჩემს ფილმში, „წითელ კარავში“, მსოფლიო კინოვარსკვლავებთან, კლაუდია კარდინალესთან და შონ კონერთან ერთად, ცნობილი საბჭოთა კინომსახიობებიც მოვიწვიე, მათ შორის, ქართველებიც და ერთ-ერთი იყო ოთარ კობერიძე. ულამაზესი, 30 წლის კლაუდია კარდინალე, ფაქტობრივად, ჭკუას აკარგვინებდა ფილმში მონაწილე მამაკაცებს. ყველა მას ეტრფოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ქალმა არც 38 წლის უსიმპათიურესი და უცნობილესი  შონ კონერი გაიკარა, რომელსაც ქალები საწოლში უხტებოდნენ და არც 24 წლის „კრასავჩიკი“ – ნიკიტა მიხალკოვი. კარდინალეს, ჟარგონით რომ ვთქვა, ჩვენი ოთარ კობერიძე „დაევასა“, რომელიც თავის მექალთანე კოლეგებზე ბევრად უფროსი იყო – 45 წლის სწორედ ფილმის გადაღებებისას შესრულდა. გადაღებები სხვადასხვა ადგილებში მიმდინარეობდა. მათ შორის, ლენინგრადშიც შევყოვნდით ერთი თვით და ფინეთის ყურეში ვმუშაობდით. კლაუდია კარდინალე სასტუმრო „ასტორიაში“ ცხოვრობდა, ისევე, როგორც შონ კონერი, და მას „ლიმუზინი“ ემსახურებოდა. როგორც  კონერი და მიხალკოვი ცდილობდნენ ულამაზესი ქალის გულის მონადირებას, ასევე გასაქანს არ აძლევდა ოთარს კარდინალე. ბოლოს, კარდინალემ ოთარი თავის ნომერში დაპატიჟა სტუმრად. კობერიძე კაცი იყო, გაეცინა და დაეთანხმა. ამის შემხედვარე გაწბილებულმა „ჯეიმს ბონდმა“ (კონერმა) ქართველ კოლეგა მეტოქეს შესთავაზა – ხელი გადავწიოთ და ვინც მოიგებს, კლაუდიასაც ის ესტუმროსო. კინოვარსკვლავი ქალიც იქვე იყო და ოთარი „ჯეიმს ბონდს“ დასთანხმდა. უარი არც ოთარს უთქვამს, მაგრამ ეშმაკმა, ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვმა უფროს კოლეგებს შესთავაზა:

– მოდი, ეს დავა ძველი, ჰუსარული წესისამებრ გადავწყვიტოთ. ფანჯრის რაფაზე დადექით, სპირტიანი სასმელი მოიყუდეთ და ვინც არ გადავარდება, გამარჯვებულიც ის იყოსო.

ჩემი აზრით, მიხალკოვი ფიქრობდა: კონერი და კობერიძე გაილეშებიან, შერცხვებიან და კარდინალეს მე დავეუფლებიო. „ბონდიც“ და ოთარიც დათანხმდნენ ნიკიტას, მაგრამ ოთარმა დააზუსტა – ქართული არაყი დავლიოთო, რაზეც „ბონდმა“ თანხმობა განაცხადა და კობერიძემ თბილისიდან წამოღებული ჭაჭა მოიტანა. ფანჯრების რაფის ნაცვლად, ორივე მსახიობი კინოგადამღები ფურგონის სახურავზე ავიდა და შეჯიბრებაც დაიწყო... ოთარმა ჭაჭა ბოლომდე გამოსცალა, კვლავ ფეხზე იდგა და შონ კონერს უყურებდა, რომელმაც მხოლოდ ნახევარზე ოდნავ მეტი დალია, შემდეგ ამოყირავდა და ქვიშაში თავით ჩაერჭო. ეს კიდევ არაფერი. ჭაჭამ ის ისე ცუდად გახადა, რომ ხუთი დღე ქმედითუუნარო გახდა და გადაღებები შევაჩერეთ. არადა, ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარი იყო, რომელსაც ცნობილი პროდიუსერი, ფრანკო კრისტალდი აფინანსებდა და კონერის ჭაჭით თრობამ მას 200 ათასის ზარალი მოუტანა. სანამ ფილმის გადაღებები შეჩერებული იყო, კარდინალე და ჩვენი ოთარი ხუთი დღით გაუჩინარდნენ“.

დღევანდელ მოგონებებს ალექსი ჭინჭარაული დაასრულებს.

ცნობილი სახალხო მთქმელი, ალექსი ჭინჭარაული, ერთხელ განათლების სამინისტროს მოსაცდელში თავის რიგს ელოდა. თუმცა, იქ მასზე ადრე ერთი მოკლეკაბიანი, დეკოლტირებული გოგონა შევიდა და... არა და აღარ გამოვიდა უკან. შეწუხებულმა ჭინჭარაულმა კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, მოსაცდელი დატოვა. მინისტრს კი ბარათი დაუტოვა ექსპრომტად, სადაც ეწერა:

„განათლების დირექტორო,

ვის გიხმობენ „პრასვეტიტელს“,

დღისით, მზისით „პასეტიტელს“,

რატომ იღებ ასე ტიტველს“.