საყოველთაო მწირმოსავლიანობამ ციტრუსის მიმართულებითაც იჩინა თავი. უკვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნარინჯის ბაღები, შარშანდელთან შედარებით, განახევრებულ მოსავალს გამოიმეტებენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მეციტრუსეებს შეღავათიან კრედიტს აღარ გაუმოუყოფს.
წლევანდელ სეზონზე ციტრუსის გაცილებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან, ვიდრე გასულ სეზონზე. გასულ სეზონზე საქართველოში 105 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი მოვიდა, წლეულს კი, წინასწარი მონაცემებით, 50-60 ათას ტონა ცირტუსის მოსავალს ელოდებიან, რაც ციტრუსის მეწლეურობას უკავშირდება.
ეს სამომხმარებლო ენაზე ნიშნავს, რომ ისევე როგორც ყველა პროდუქტის ფასი, წლეულს მანდარინიც და ფორთოხალიც საგრძნობლად გაძვირდება. თუკი შარშან 1 კგ ხარიხიანი მანდარინის ყიდვა 70-80 თეთრის ფარგლებში იყო შესაძლებელია, ამ ზამთარს მისი ფასი 1-1,5 ლარის დიაპაზონში იქნება.
მიმდინარე წლის სეზონზე ციტრუსის მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლებში იმყოფებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მათ ციტრუსის ბაღები დაათვალიერეს და ფერმერები გამოკითხეს.
წინასწარი პროგნოზით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, საშუალოდ, 40-45 პროცენტით ნაკლებია, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში 55-60 პროცენტით. მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა სექტემბერში იქნება დაზუსტებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ სეზონზე სეზონის პერიოდში ამოქმედდა წლების განმავლობაში უმოქმედო ციტრუსის მიმღები პუნქტები. ციტრუსის დახარისხება, შეფუთვა და ეტიკეტირება მიმდინარეობდა ევროსტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა დიზაინის ტარა-მასალაში (ხის, მუყაოს, კომბინირებული მუყაოსა და ხის, პლასტმასის).
აღსანიშნავია ისიც, რომ ციტრუსის გადასამუშავებლად შარშან მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი ლარის სესხი გამოყო. წლეულს კი სუბსიდირებისათვის ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული.
“წელს მოსავლის სიმცირის გამო ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, ამ მიმართულებით თანხის გამოყოფა აღარ იგეგმება. მთავარია, წარმატებით მოხდეს პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ექსპორტის განხორციელებას 3 მიმართულებით ვაპირებთ. ქართული ციტრუსის დიდი ნაწილი გავა უკრაინაში, გარკვეული რაოდენობით - აზერბაიჯანსა და სომხეთში”, - აცხადებს კვეზერელი.
პრინციპში, ასეთი მცირე მოსავლის სუბსიდირება არც არის აუცილებელი. საქართველოს შიდა მოხმარებისთვის 20-30 ათასი ტონა ციტრუსი ისედაც სჭირდება, დარჩენილი 20 ათასიც უპრობლემოდ გავა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სადაც მანდარინსა და ფორთოხალზე დიდი მოთხვონაა.
შარშან ციტრუსის შიდა ბაზარზე რეალიზაციისა და ექსპორტისათვის სესხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამაც გაიღო, რომლის საერთო რაოდენობა 1 800 000 ლარით განისაზღვრა. ამასთან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სასურველია, თუ ციტრუსის ექსპორტიორ ფირმებზე შეღავათიანი, უპროცენტო სესხი გაიცემა.