მოვლენებით სავსე 2017 წელს მოლოდინებით სავსე 2018 წელი მალე შეცვლის - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადახედა საკუთარ ნაღვაწს და სამომავლო გეგმებიც დაგვისახა. როგორი იყო განვლილი წელი და რა პოლიტიკურ დინებებს უნდა ველოდეთ მომავალი წლისთვის, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ვახტანგ ძაბირაძე: მნიშვნელოვანი მომენტების სიმცირით ნამდვილად არ გამოირჩეოდა გასული წელი - დავიწყოთ იმით, რომ გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა კონსტიტუციის ახალ პროექტზე; შემდეგ იყო მარტის ამბები ბათუმში; მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია; ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ბოლოს - სამთავრობო ცვლილებები.
ერთი წლისთვის საკმაოდ ბევრია, თუ ამას დავუმატებთ აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ - „ჯეველინები“ მაქვს მხედველობაში, შეიძლება ითქვას, რომ არც თუ მცირე ოდენობის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
როგორ გაართვა თავი ამ ყველაფერს საქართველომ? ხელისუფლების მიმართ კი ისმის კრიტიკა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფაქტობრივად, უძრაობის პერიოდს დავაღწიეთ თავი...
- შესაძლოა, ყველაფერი არ არის ისე, როგორც თითოეულ ჩვენგანს სურს, მაგრამ მეთოდურად მივიწევთ წინ - უმნიშვნელოვანესი იყო ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან ურთიერთობები, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც არ არის მხოლოდ რამდენიმე სარაკეტო დანადგარის გადმოცემა - უფრო დიდია განაცხადი, ვიდრე ეს გადმოცემული ტექნიკით გამოიხატება - ამ მხრივ შეიძლება, ითქვას, რომ ყველაფერი რიგზეა.
თუმცა კვლავაც რჩება უმთავრესი პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ ეს პრობლემა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არსებობს, მანამდე იმპერიის შემადგენლობაში ვიყავით. ანუ, კვლავ რუსული პრობლემა რჩება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით რაღაც მნიშვნელოვანი გარღვევა ვერ მოხდება და არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალ წელს პუტინისტური პოლიტიკა გაგრძელდება კიდევ 7 წლით. ასე რომ, ამ შემთხვევაში დიდი იმედები და ილუზიები არ უნდა შევიქმნათ და ალბათ, ვერც შევქმნით.
მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია საქართველოშიც და რუსეთშიც რამდენად შეიძლება იქონიოს ამ ფაქტებმა გავლენა მოვლენათა დინამიკაზე?
- საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გავლენას ვერ მოახდენს ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკაზე, ეს უფრო პოლიტიკურ ძალთა რეიტინგების და მათ მხარდამჭერთა ძალების განსაზღვრაა. მოგეხსენებათ, საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა არ არის, არც - საპარლამენტოა და ძირითად მიმართულებებს, როგორც საშინაო ასე - საგარეო პოლიტიკის, მთავრობა აყალიბებს.
რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკას, არ მეგულება ვინმე, ვისაც ერთპროცენტიანი გამარჯვების შანსი მაინც აქვს პუტინთან ბრძოლაში. ფაქტობრივად, იქ არჩევნები არ ტარდება, მაგრამ როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, პუტინი მაინც გაიმარჯვებს. შესაბამისად, გაგრძელდება ის პოლიტიკა რაც იყო აქამდე და საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს, არ დაუშვას კატასტროფული შეცდომა, არ წამოეგოს რაიმე პროვოკაციას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს. სხვა მხრივ, რომ ჩვენს მიმართ რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება, არ ველოდები.
საქართველო უნდა იყოს აქტიური ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომ შევაჩეროთ რუსეთი, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ ამ ეტაპზე რაიმე დათმობებზე წავიდეს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები თავად რუსეთში, არა მარტო პოლიტიკური, არამედ - ზოგადად. რუსეთი ბოლო 7-8 წელია, არა მხოლოდ საქართველოსთვის არის პრობლემა, არამედ ევროპისთვის და მთელი დასავლეთისთვისაც.
ის ადამიანებიც, რომლებიც, ფიგურალურად რომ ვთქვათ, რუსეთთან დიალოგისა და ლოიალური დამოკიდებულების მომხრე იყვნენ, პოზიციას იცვლიან და მათი რიცხვიც მცირდება - რუსეთი ისევ და ისევ ყალიბდება საშიშ მეზობლად არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთ ევროპისთვისაც. აქედან გამომდინარე, რუსეთთან პოლიტიკის გარღვევას არ უნდა ველოდოთ, არ მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყოს.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, იმის მიუხედავად, რომ წლის ბოლოს მთავრობის, ერთი შეხედვით, ეფექტური ცვლილებები განხორციელდა, მთავარ გამოწვევად რჩება სოციალური ფონი. ბიუჯეტი საამისო იმედს არ იძლევა, მაგრამ ამის მიუხედავად, ელოდებით, რომ მთავრობის ეფექტურობა აისახება ქვეყანაზეც? ადამიანები იგრძნობენ, რომ მათზე ვინმე ზრუნავს და ხელისუფლება ხალხის სამსახურშია? - ასეთ დამოკიდევბულებას სამწუხაროდ, მრავალი წელია, ვერ მივაღწიეთ...
- მოდით ასე ვთქვათ, აქვს თუ არა ამ ხელისუფლებას რესურსი იმისა, რომ არასასურველი მიმართულებით წასული პროცესები შეაჩეროს და შემდეგ სასიკეთოდ შემოატრიალოს? - ჩემი შეფასებით, ამის რესურსი ხელისუფლებას აქვს, თუმცა, მის ამოქმედებას სჭირდება მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია არა მხოლოდ მთავრობის, არამედ მთელი ხელისუფლების.
საჭიროა გაბედული და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუციუების ჩამოყალიბება, სამართლიანი, მაგრამ მტკიცე ხელი ხელისუფლებაში - საკმაოდ ბევრი ფაქტორია ასამოქმედებელი.
თუ ყველაფერი დარჩება იგივე და მხოლოდ პერსონალიები გამოიცვლება, როგორი კარგი ფიგურებიც არ უნდა იყვნენ პოსტებზე, არაფერი შეიცვლება.
მაგალითად, ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა შს მინისტრს პარლამენტში წარდგენისას. არ ვიცი, როგორ მოახდენს რეალიზებას, მაგრამ ჩანდა სურვილი რეფორმირებისა. თუმცა, შს სამინისტრო ზოგადად რომ ვთქვათ, არის სახელმწიფო სახელმწიფოში, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ ერთი უწყების რეფორმირება არაფერს მოგვცემს. შესაძლოა, იყოს კარგი მინისტრი, იყოს პროგრესი, მაგრამ არ უნდა დავიიმედოთ თავი იმით, რომ გუშინდელზე ცოტა უკეთესი მდგომარეობა შეიქმნა - ეს ფრაზა უნდა ამოვარდეს ლექსიკიდან, ჩვენ ცოტა უკეთესი კი არა, კარგი გვინდა! წინ წასვლა გვინდა და ეს ტემპი უნდა გაძლიერდეს.
ახლაც ამ აზრზე ვარ და ყოველთვის მომხრე ვიყავი მცირე მთავრობების, მაგრამ ეს მექანიკურად სამინისტროების შეკვეცას არ ნიშნავს. რასაც ვუყურებ, ბიურიოკრატია არის უაღრესად გაზრდილი. ეს სიპებშია გადანაწილებული თუ აიპებში, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საბიუჯეტო სახსრებზეა ლაპარაკი. ამასთან, ძალზე პრობლემურია ტენდერების თემა, არ მაქვს მხედველობაში უცნობთან დაკავშირებული მოვლენები - ეს შეიძლება იყოს ერთი მაგალითი, თუ როგორ ტარდება ტენდერები.
მეორე საკითხია, როგორ სრულდება ტენდერები - ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ დაბალი ხარისხის მომსახურებას ვიღებთ. გამარჯვებული ფირმები ნაკისრ ვალდებულებას ან არ ასრულებენ, ან ძალიან უხარისხოდ - ეს კიდევ ცალკე პრობლემაა.
ცალკე პრობლემაა სოციალური საკითხები, პრობლემაა ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი თანდათანობით ქრება და მსხვილი, კორპორაციული ბიზნესი იკავებს ბაზარს, რაც შემდეგ, ასევე პრობლემა გახდება. ცალკეა საბანკო სისტემა, რომელიც ასევე პრობლემაა.
მოკლედ, ქვეყნის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემაა და ამას სჭირდება ერთი მხრივ, ბიუროკრატიის შემცირება, მეორე მხრივ, ბიუროკრატია, რომელიც სხვა არაფერია თუ არა აღსრულების მექანიზმი, როდესაც ძალიან იზრდება, თავად კარნახობს ინტერესებს ხელისუფლებას. ანუ აღმასრულებლიდან ის უკვე ხდება განმკარგავი. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულდება სიტუაცია - ყველგან არის ბიუროკრატიის პრობლემა, მაგრამ ჩვენთან უფრო მნიშვნელოვანია.
ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ბიუროკრატია ჩვენი თანამოქალაქეებისგან შედგება, რომლის უკანაც ოჯახები დგანან და დღეს რომ დაიწყო მკვეთრი შემცირება და ეს ხალხი ულუკმაპუროდ დატოვო, ესეც არ გამოვა. ამიტომ, ამას გარდამავალი პერიოდი სჭირდება.
ველოდებოდი, რომ მთავრობის დამტკიცებისას უფრო დეტალურად იქნებოდა ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს შემცირება მთავრობის, რა მიზანი აქვს და რა შედეგს უნდა ველოდოთ.
სამწუხაროდ, უფრო სხვა მიმართულებით წავიდა შეხვედრები და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აინტერესებს, როგორ განვითარდება ქვეყანა ხვალ და ზეგ, შოუს მაყურებელი აღმოჩნდა. ახლა უკვე ჯერი იმაზეა, რომ დროულად გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლიც დაგვანახებს, რა და როგორ ხდება.
თუმცა ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ერთდროულად, აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ, საზოგადოებაში დადებითი განწყობაა შექმნილი. სააკაშვილის დროს, მაგალითად, ყველამ იცოდა, რომ მინისტრები არაფერ შუაში იყვნენ და საღებავის ფერს და შენობის არქიტექტურასაც პრეზიდენტი განსაზღვრავდა - დღეს ტენდენცია შეიცვალა? ხალხთან მიახლოების პროცესის ჩანასახია?
- შესაძლოა, გარკვეული სამინისტროების მუშაობის ეფექტურობა ჩანს, აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვაზე - საყოველთაო ჯანდაცვა წარმატებული პროექტია, შესაძლოა, კორექტირებებია საჭირო, მაგრამ მთლიანობაში, სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა აიღო საკუთარ თავზე - ეს დიდი მოვლენა და ძვირი სიამოვნებაა ისეთი ღარიბი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. ალბათ სახელმწიფოს მოვლეობა ესეც არის და ჯანდაცვის მინისტრისადმი რომ დადებითი დამოკიდებულებაა, ეს გასაგებია.
აღსანიშნავია სასჯელაღსრულების სამინისტრო - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე წლებია არც საერთაშორისო და არც სხვა დაწესებულებებს არ უთქვამთ, რომ ნახეთ, რა ხდება კახა კახიშვილის სამინისტროში. შესაძლოა ჩვენი პენიტენციალური სისტემა დასავლეთისას ვერ გაუტოლდება, მაგრამ ჩანს პოლიტიკური ნება და სწრაფვა გაუმჯობესებისკენ.
რა გითხრათ სხვა სამინისტროებზე - ეკონომიკური გუნდი რთულ ვითარებაშია, გამომდინარე, თუნდაც ობიექტური რეალობიდან და ძნელია აქ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდეს.
შესაძლოა, ცაკლეულ სამინისტროებში იყოს გარკვეული შეცდომები და პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ ეს ის მთავრობაა, რომელსაც ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიჰყავს. ეს ასე არ არის, მაგრამ უფრო მეტი ეფექტურობა და მობილურობაა საჭირო.
საზოგადოება და ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს - თუ გავატარებთ რეალურ რეფორმებს, ეს პერსონები იქნებიან პოსტებზე თუ სხვები, უფრო უარესი შედეგი ნამდვილად არ გვექნება.
რეფორმებზე მუდმივად ვლაპარაკობთ, მაგრამ ნაწილობრივ ვატარებთ და ზოგჯერ, ნაწილობრივ ჩატარებული რეფორმა ბევრად უარეს შედეგს იძლევა, ვიდრე ის, რომ რეფორმა საერთოდ არ ჩატარდეს. არ არის ეს ჰაიჰარად გასაკეთებელი საქმე, მთავრობაში უნდა არსებობდეს მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების რეფორმირებაზე იმუშავებს.
ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ცაკლეული სტრუქტურებს, ვგულისხმობ როგორც ცენტრს, ისე - რეგიონებს, ერთ მთლიანობაში უნდა მოიაზრებოდეს ხელისუფლება ყველა იმ სუსტი წერტილით, რომელიც არსებობს და საზოგადოებას აწუხებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ხელისუფლება ეფექტური.
თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი პროცესები სასურველი მიმართულებით შემოაბრუნოს. მას აქვს დრო, მაგრამ არც ისე დიდი - საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნები არ წყვეტდეს რეალურ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ეს არჩევნები იქნება ის ბოლო წერტილი, რომლის შემდეგაც გამოჩნდება საით წავა ქვეყანა. წავალთ დაპირიპირებისა და რევოლუციისკენ თუ გვექნება საშუალება, დინამიკურად განვვითარდეთ.
ეს ერთი წელი ხელისუფლებამ გარდა მიმდინარე პრობლემებისა, სწორედ იმ სტრატეგიის შემუშავებას უნდა მოანდომოს, რომელიც ერთი წლის შემდეგ რეალურად განხორციელდება. თუ ამ მიმართულებით წავიდნენ, უნდა ვიფიქროთ რომ პროცესები მშვიდობიანად განვითარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი ტენდენციების შეჩერება შეუძლებელი იქნება.
რამდენად ეცლება ხელისუფლებას ამისათვის, ძნელი სათქმელია, რადგან პროგნოზირებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაწყებულმა შიდა დინებებმა შესაძლოა, „ჯებირებიც“ გადმოანგრიოს. ამ მიმართულებით გამწვავებას ელოდებით?
- როდესაც სტრატეგიაზე ვსაუბრობ, ამ მომენტსაც ვგულისხმობ. უმრავლესობა არ არის ერთნაირი, განსხვავებულები არიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, მომავლის ხედვით, არც ფრაქციებად დაშლაშია რაიმე საგანგაშო, მაგრამ მნიშვნელოვანია, უმრავლესობაში ჩამოყალიბდეს უმრავლესობა, რომელიც ასეთ სტრატეგიას შეიმუშავებს და იქნება ერთიანი მომავლის სტრატეგიულ ხედვებში.
თუ ასეთი გუნდი ვერ შიქმნება და ფრაქციებად დაქსაქსული უმრავლესობა გვექნება, შესაძლოა ისევ უმრავლესობის მხარდამჭერი, მაგრამ მთვლემარე მდგომარეობაში, არ იქნება პროცესებში აქტიურად ჩართული, სწორედ ამ შემთხვევაში წავალთ არასასურველი მიმართულებით.
გარდა ამისა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ძალიან სუსტია და მათგანაც უნდა ამოარჩიოს ხელისუფლებამ, ვისთან თანამშრომლობას შეძლებს და ვისთან - არა, ისე როგორც საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც მის მიმართ გუნდრუკის კმევით არ არის დაკავებული, მაგრამ ხედვები გააჩნია ქვეყნის განვითარების, მათ შორის, თანამშრომლობაა საჭირო მედიასაშუალებებთან.
უნდა მოხდეს მთელი ადამიანური რესურსების მოძიება, მობილიზება, რათა მოვლენების სასურველი მიმართულებით შემობრუნების საშუალება გაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრაქციებად დაშლის პროცესი უმრავლესობაში ოპოზიციის ჩამოყალიბების პროცესად გადაიქცევა და შესაძლოა, ისეთივე სცენარით განვითარდეს, როგორც ეს მოხდა 2001-2003 წლებში - მაშინაც ქუჩამდე მივედით და ახლაც ასე მოხდება.
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - მაშინ გარე სამყარო შედარებით დადებითად იყო განწყობილი ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოროცესებისადმი, ვიდრე დღეს არის. არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსეთს, მხედველობაში მაქვს მთლიანი გარემო.
მას შემდეგ მნივნელოვნად შეიცვალა ვითარება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, უფრო დაიძაბა, გართულდა და ავტორიტარიზმისკენ წავიდა ვიდრე ამ 18 წლის წინ იყო - ესეც ანგარიშგასაწევია.
2003 წლის სცენარი რომ განვითარდეს, კაცმა არ იცის, რა გაგრძელებას მიიღებს, რადგან მაშინ სხვაგვარად გადაწყდა რაღაც. ქვეყნის გარეთ არსებობდა ერთიანი მიდგომა როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის მხრიდან. ამიტომაც განვითარდა ის პროცესი მშვიდობიანად.
დღეს ვითარება ისედაც ურთიერთდაძაბულია და ყველა მეზობელი შეეცდება მისთვის სასიკეთო გავლენა მოიპოვოს, რაც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის სრულებითაც არ იყოს სიკეთის მომტანი.
ძალიან მძიმე და რთული პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამიტომაა საჭირო ერთიანობა და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. მხოლოდ ლოზუნგი, რომ მომავალი წელი დიალოგის წლად იქცევა, არ იმუშავებს, რეალური ფორმა უნდა მიიღოს ამ ყველაფერმა და რეალური დიალოგის თემები მოიძებნოს, რომელიც შემდეგ ისევ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
ძალზე რთული პრობლემები ქვს ამ ხელისუფლებას გადასაჭრელი, რისთვისაც მაქსიმალური მობილიზება, ძალისხმევა და გონიერება მართებს.