2018 წელს საქართველო მნიშვნელოვან თარიღს, პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს დღესასწაულობს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“ გახსნა.
მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ასი წლის წინ, 1918 წელს ჩვენმა წინაპრებმა შესაძლებლობის მიცემისთანავე დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება. ამ რესპუბლიკამ მოწინავე იდეებით, მოწინავე ფორმით დაიწყო არსებობა და დანერგა ის მაღალი სტანდარტები, რაც იმ პერიოდში დებატების საგანი იყო ევროპაში. ეს გახლდათ სიკვდილით დასჯის გაუქმება, პატიმართა უფლებები, ადამიანის უფლებები.
„შემდეგ იყო 70-წლიანი ოკუპაცია. ამ 70 წლის განმავლობაში არც ერთ ეტაპზე საქართველო ბოლომდე არ იყო დაპყრობილი, რადგან არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ურთულეს პირობებში ტოტალიტარულ სახელმწიფოში სწორედ პიროვნული გმირობის ხარჯზე იცავდნენ დამოუკიდებლობის იდეას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ „ჩვენი მიზანია დამოუკიდებლობის თავისუფლებად ქცევა“.
რამდენად ვამართლებთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის სტატუსს, როცა თითოეულ ჩვენს ნაბიჯს, სადაც ჯერ არს, იქ ზომავენ?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი ჩვენ ეროვნულ დღესასწაულს ვერ აღვნიშნავთ და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობთ, მაშინ რითი ვართ თავისუფლები? თავისუფლება მხოლოდ ის არ არის, უცხოური ოკუპაციისგან გათავისუფლდე და უცხო ქვეყნის ტანკები არ იდგეს შენთან. თავისუფლება ბევრად უფრო ფართო ცნებაა. ილიას თქმისა არ იყოს, თავისუფლება ის არის, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ პრაგმატული სახელმწიფოებრივი ეგოიზმის პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას.
„ჩვენ სახელმწიფო ვართ საერთოდ? ჩვენს დღესასწაულ დიდგორობაზე თურქეთის ელჩი გვიბაკუნებს ფეხებს. შემდეგ ისრაელის ელჩი დაგვიბაკუნებს, ამის მერე ამერიკის წარმომადგენელი გაეროში რაღაცას იტყვის და ჩვენები უკვე ყურებზე დგანან. აწ გარდაცვლილი პროფესორის ლევან თოიძის ბრწყინვალე წიგნია საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის შესახებ. 1921 წელს თავისუფლება დავკარგეთ იმიტომ, რომ არავინ დაგვეხმარა. ე.წ. ყველა ჩვენმა მეგობარმა ზურგი შეგვაქცია. საფრანგეთმა განაცხადა ერთა ლიგაში, კი ბატონო, მე ვემხრობი საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ჯარს ვერ გავგზავნი იქ და, თუ ვინმე გაგზავნის ჯარს, მე ტაშს დავუკრავო. ინგლისის წარმომადგენლემა კი თქვა, თქვენი ვექილი ვარ, მაგრამ ჯარს ვერ გამოვგზავნიო. ყველამ ზურგი შეგვაქცია. ამას დაემატა ის ფაქტიც, რაც ქვეყნის შიგნით ხდებოდა, ნახევარი საქართველო მოღალატე იყო - აქ იყვნენ ბოლშევიკები, შულავერის კომიტეტი, ორჯონიკიძეები და სხვები. თითქმის ყველანი ბერიას და სტალინის აგენტები იყვნენ. ჩემს წინაპრებს შორის არავინ ყოფილა ბოლშევიკი, ყველა მათგანი დახვრიტეს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე მცდარად მიიჩნია მოსაზრება, თითქოს მენშევიკებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად არაფერი იღონეს. სოსო ცინცაძის თქმით, მენშევიკებმა გააკეთეს ის, რაც შეეძლოთ. მათ ჯარი არ ჰყავდათ, ერთი გვარდია ჰყავდათ და ის გვარდიაც 1924 წელს აჯანყდა, ვალიკო ჯუღელის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის და სხვების მონაწილეობით. თუმცა მენშევიკებს რისი გაკეთება შეეძლოთ, როცა ევროპამ საქართველო მოატყუა.
„ნოე ჟორდანიას მოადგილე, თანაშემწე გახლდათ მამაჩემის ძმა და ვიცი, ოჯახში რა განწყობაც სუფევდა. თებერვლის რევოლუცია რომ მოხდა, პირველი რევოლუცია, ანუ „სოციალ-დემოკრატების“ რევოლუცია, ნოე ჟორდანიას მეგობრები და თანამებრძოლები ბოლშევიკებმა ამოწყვიტეს რუსეთში. ჟორდანია მაშინ თვლიდა, რომ ქართული „სოციალ-დემოკრატია“ უნდა ყოფილიყო რუსული დიდი „სოციალ-დემოკრატიის“ ნაწილი, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დემოკრატიული რუსეთის კონფედერაცია, თუ ფედერაცია. რატომ იყო, „სოციალ-დემოკრატებმა“ სტალინს პანღური რომ ამოარტყეს და გააგდეს - რადგან მოითხოვდნენ უფრო მეტ დამოუკიდებლობას. ამიტომაც სტალინს ჭირის დღესავით ეჯავრებოდა თბილისი, მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში. სამწუხაროდ, დღევანდელ ჩვენს თითო-ოროლა ისტორიკოსს „ქართული ოცნება“ უფრო პატრიოტად მიაჩნია, ვიდრე „სოციალ-დემოკრატები“.
„სახალხო ფრონტის“ ყოფილი ლიდერი ნოდარ ნათაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა ძალიან მძიმე მომენტში გამოაცხადა და ამაში ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევაც ერია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰგონიათ, თითქოს მენშევიკები საქართველოს ორგულები იყვნენ, ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ, პირიქით, მენშევიკები აბსოლუტურად ერთგულები იყვნენ. რაც დრო გადის და მიჩქმალული საარქივო მასალები ამოდის, მით უფრო ვლინდება ეს ფაქტები.
„პოლიტიკური არარსებობის შემდეგ მოვიპოვეთ თავისუფლება. საბჭოთა კავშირში ყოფნისას ყოველდღიურად ვიბრძოდით ამ თავისუფლებისთვის, არ ვეგუებოდით ოკუპაციას. 1990 წლის 9 მარტს მიღებული გვაქვს კანონი, სადაც წერია, საქართველო არის დაპყრობილი და, ფაქტობრივად, ანექსირებული ქვეყანა. ჩვენ უკვე საკანონმდებლო აქტში გვიწერია, რომ საქართველო იყო თავისუფალი და 1921 წელს რუსეთმა ხელახლა დაიპყრო. სამწუხაროდ, დავკარგეთ დამოუკიდებლობა, რადგან რუსეთმა დაგვიპყრო და ევროპაც არ მოგვეხმარა. ევროპამ მხოლოდ იურიდიულად გვაღიარა, მეტი არაფერი შეეძლო, ჩვენი გულისთვის დიდ ომს არავინ დაიწყებდა“, - აღნიშნა ნოდარ ნათაძემ, რომლის აზრითაც, ამჟამად ჩვენ ვართ სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, გაეროს წევრი სახელმწიფო, მერე რა, რომ წლების განმავლობაში იდიოტები გვყავდნენ ქვეყნის სათავეში. შევარდნაძიდან და სააკაშვილიდან მოყოლებული.