მოსალოდნელია თუ არა ბაგა-ბაღები კვლავაც ფასიანი გახდეს და შეძლებულმა ოჯახებმა შესაბამისი თანხები გაიღონ? პრემიერი აცხადებს, რომ, მართალია, 2013 წლიდან „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო ბაღებში გადასახადი აკრძალა, მაგრამ ხარჯების ზრდამ და ბაგა-ბაღებზე მზარდმა მოთხოვნამ საჭირო გახადა ცვლილებები.
გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას არ იზიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ის მიიჩნევს, რომ ულოგიკოა პრემიერის მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო ვერ აუდის ფინანსურ ვალდებულებას, ამიტომ ბაღები ფასიანი უნდა გახადონ.
თინა ხიდაშელის აზრით, ბიუჯეტი უბრალო მოქალაქეებისგან გადახდილი გადასახადებისგან შედგება, ამიტომ გაუმართლებელია ორჯერ გადავუხადოთ ფული სახელმწიფოს. გარდა ამისა, კონსტიტუციით განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ეს ნიშნავს ბიუჯეტიდან განათლების დაფინანსების ვალდებულებასაც. საბავშვო ბაღიც ამ სისტემის შემადგენელი რგოლია და ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი რატიანიც ბაღებში გადასახადის შემოღებას გაუმართლებლად მიიჩნევს და მთავრობას ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლას სთავაზობს. მისი აზრით, ბავშვს უნდა მივცეთ ვაუჩერი და ის ამ ვაუჩერს ან სახელმწიფო, ან კერძო ბაღში გამოიყენებს, ვინაიდან დაუშვებელია, ბავშვები გავმიჯნოთ იმის მიხედვით, ვინ არის შეძლებული და ვინ - ღარიბი ოჯახიდან წამოსული.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი პრემიერს ეთანხმება. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ თავიდანვე მცდარად გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, როცა ბაგა-ბაღები უფასო გახადა. მართალია, კომუნისტების დროს განათლების სისტემა მთლიანად უფასო იყო, მაგრამ ბაღები იმ დროსაც არ ყოფილა მთლად უფასო. კვების ფულს თანადაფინანსების პრინციპით მშობელი იხდიდა. ამიტომ მდიდარმა ოჯახებმა ეს ფული უნდა გაიღონ.
„მანდ შეიძლება გრადაცია, მდიდართა ფენამ თავიდან ბოლომდე გადაიხადოს საბავშვო ბაღების გადასახადი, ხოლო თანადაფინასების პრინციპით კვების გადასახადი არამდიდრებსაც უნდა შეეხოთ. ვიცი, არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ ძალიან დიდი ფულია საჭირო კვებისთვის. რაც შეეხება ვაუჩერს, ეს შეიძლება გაიცეს ბაგა-ბაღის ნებისმიერ აღსაზრდელზე, როგორც სკოლაში გაიცემა თითოეულ მოსწავლეზე, მაგრამ ზოგიერთ მოწაფეს ვაუჩერი კერძო სკოლაში მიაქვს, ზოგს კი - სახელმწიფო სკოლაში“, - აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.
ექსპერტი განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოების პრობლემაც ზუსტად ბაგა-ბაღების დაფინანსების ანალოგიური იყო. პრინციპის საყოველთაობა, რომ ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელო ჰქონოდა, კრიტიკის საგანი ხდებოდა. შეძლებული ოჯახები ძველ წიგნებს მაინც არ აძლევდნენ საკუთარ შვილებს და მათთვის ახალ სახელმძღვანელოებს ყიდულობდნენ, ამიტომ მხოლოდ ღარიბი ოჯახების ზურგზე გადადიოდა მწყობრიდან გამოსული სახელმძღვანელოებით სარგებლობა. ბაგა-ბაღებთან მიმართებითაც ნებისმიერი ოჯახი არ უნდა თავისუფლდებოდეს გადასახადისგან.
„საყოველთაობის პრინციპმა მოგვიტანა ის, რომ საბავშვო ბაღებში სავალალო სიტუაციაა. მოლოდინის რეჟიმით იმდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეთ, რომ სახელმწიფოს ფულიც რომ გაუჩნდეს და ხვალვე დაიწყოს ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, მაინც ვერ შეძლებს ყველა მსურველის დაკმაყოფილებას. ამიტომ ერთდერთ გამოსავლად მიმაჩნია უკვე აპრობირებული და საყოველთაოდ გამოცდილი ხერხი - ვაუჩერიზაციის სისტემა. ამით კერძო ბაღების წახალისებაც მოხდება, რაც კერძო ბიზნესსაც სტიმულს მისცემს. შეძლებული ოჯახები, ალბათ, გამოიყენებენ ვაუჩერს, დაამატებენ საკუთარ თანხას და შვილს შეიყვანენ კერძო ბაღში. მწირი შემოსავლის მქონენი კი, ალბათ, უფრო სახელმწიფო ბაღს მიანიჭებენ უპირატესობას. გარდა ამისა, ვაუჩერით მოხდება ხარისხის დარეგულირება და საბავშვო ბაღებში ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება“, - განმარტავს მარიამ რამინაშვილი.
ბაგა-ბაღებთან მიმართებით საკუთარ პოზიციას გამოთქვამს საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში ზურაბ ვახანია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, თუკი სახელმწიფოს საშუალება აქვს, ბაღები კი არა, ყველაფერი უნდა დააფინანსოს, მაგრამ, თუკი არ აქვს ამის საშუალება, მაშინ შეძლებული მშობლების შვილის ბაგა-ბაღში აღზრდა რატომ უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ?
„თუკი მშობლებს ერთობლივად 1200-ლარიანი ხელფასი მაინც აქვთ, კიდევ სახელმწიფო დაეხმაროს მათ შვილის აღზრდაში? გაუგებარია ისიც, სახელმძღვანელოებს რატომ არიგებენ უაზროდ. მე არ მჭირდება, ჩემს შვილიშვილს უფასო სახელმძღვანელოები დაურიგონ. მდიდარი არ ვარ, მაგრამ არ მიჭირს ისე, რომ სახელმწიფომ მოიკლოს უფასო წიგნები. განურჩევლად ყველას არ უნდა მიეცეს უფასო მომსახურება. სპეციალურ ქულებს ნუ მიაქცევენ ყურადღებას და სოციალურად დაუცველებებს სახელმძღვანელოებიც მისცენ უფასოდ და მათთვის საბავშვო ბაღებიც უფასო გახადონ. მდიდრებმა კი, ცხადია, თანხა უნდა გადაიხადონ“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.