გახარიას საზოგადოების წინაშე გამოცდის ჩაბარება მოუწევს

გახარიას საზოგადოების წინაშე გამოცდის ჩაბარება მოუწევს

მესტიის საკრებულოს დეპუტატი, ლომარ ნიგურიანი, რომელიც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმე გასროლით მოკლეს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი იყო. ოპოზიციონერ დეპუტატს მისი საცხოვრებლის გვერდით მდებარე სახლიდან მაშინ ესროლეს, როდესაც ის საკუთარი სახლის სახურავიდან თოვლს წმენდდა. მესტიაში მომხდარი ინციდენტი საპოლიციო რეიდის აუცილებლობას ადასტურებს.

შეგახსნებეთ, რომ 22 დეკემბერს, დილის 8:00 საათიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ტერიტორიული დანაყოფის თანამშრომლებმა, დანაშაულის პრევენციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან 6 წარსულში ნასამართლევია.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 1 ავტომატი, 6 პისტოლეტი, 7 სანადირო თოფი, 3 შაშხანა, ორი გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 საიგის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 ხელყუმბარა, 4 კოჭა ტროტილი, 1 ცეცხლგამტარი ზონარი და 1095 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: 7 შეკვრა ჰეროინი, 20 გრამამდე სითხე და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

საპოლიციო კონტროლი რიგ შემთხვევაში გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას. მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 6 პირი, ასევე დაკავებულია 2 ძებნილი, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობით ჩაბარებულია ცეცხლსასროლი იარაღები - 12 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი, 1124 ვაზნა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის ცივი იარაღის ტარების ფაქტი.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო კონტროლის აუცილებლობაზე ისაუბრა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის განცხადებით, უწყება იძულებული იყო მიემართა საპოლიციო კონტოლისთვის. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. მინისტრის თქმით, საპოლიციო კონტროლის შედეგები საკმაოდ მასშტაბურია, განსაკუთრებით ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებით.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია, თუმცა ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება - სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა ამ ინსტრუმენტისთვის. ასევე, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საპოლიციო კონტროლის საჭიროებას განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომლის თქმით, კონტროლი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით ტარდება და მას პარლამენტი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება.

„საპოლიციო ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება იყოს დაცული, თუმცა ამასთანავე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები იყოს სათანადოდ დაცული და შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი პროცესი იქნება პარლამენტის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო კონტროლის შეწყვეტას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“ და შს მინისტრს პოეტ ზვიად რატიანის ცემისა და დაკავებაში მონაწილე სამართალდამცველების დასჯისკენ მოუწოდებენ. როგორც ნიკა რურუა აცხადებს, ე.წ. რეიდები დარღვევებით ტარდება, რაც, მათი შეფასებით, სისტემის მარცხია.

„ადამიანს შეედავნენ ქურთუკის ფერზე, როგორც თვითონ ყვება და ეს რაღაც აბსურდული სიგიჟეა. რეიდები ასეთი განურჩეველი არის ცუდი იდეა და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს გუშინ დანიშნულმა მინისტრმა, თუ არ უნდა რომ ხვალ და ზეგ გასაგდები გახდეს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.

შს მინისტრს მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია და მოუწოდებს, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად, ნუ გამოიყენებს რეიდების მოძველებულ ფორმას. ხოშტარია მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს მაღალია ადამიანის უფლებების შელახვის რისკი.

„ასეთი გზებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავამძიმებთ ვითარებას, ჩვენ ვნახეთ კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ძალიან ლოგიკური იყო პოეტთან დაკავშირებით, როდესაც ძალიან უხეშად დაირღვა მისი უფლებები. პოეტის გარდა, უამრავი შემთხვევა იქნება მსგავსი იმიტომ, რომ რეიდი მოიცავს უკვე ბუნებრივად ამის საშიშროებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საპოლიციო კონტროლი არ მოსწონს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ნინო გოგუაძეს და თვლის, რომ შს მინისტრმა პირველივე ნაბიჯი რაც გადადგა, იყო ნაბიჯი უკან, საბჭოთა კავშირისკენ.

„ჩვენ ყველამ ერთად მოვისმინეთ მინისტრ გახარიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტში, სადაც მან აღიარა რომ შსს-ში არსებობს პრობლემები და ეს უწყება საჭიროებს რეფორმირებას. მართალი გითხრათ, ამ განცხადებამ ჩემში იმედი გააჩინა, მაგრამ ამის მერე პირველივე ნაბიჯი რაც გადადგა მინისტრმა გახარიამ იყო ნაბიჯი არა ცივილიზებული სამართლებრივი სახელმწიფოსკენ, არამედ იყო ნაბიჯი უკან, საბჭოთა კავშირისკენ.

მან დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენა სწორედ რომ ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ე.წ. რეიდები, რომლის დროსაც და რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ადამიანების უფლებების დარღვევა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ოპონენტებისგან განსხვავებით შს მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს სამოქალაქო სექტორი. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რეალურად ეს ყველაფერი ხელისუფლების კონტრილის კონტექსტში შეაფასოს, რადგან კანონს მიღმა სხვა ქმედებები იქნას თავიდან აცილებული. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებას განსაზღვრავს და პასუხისმგებლობას იღებს მოქმედი ხელისუფლება და არა რომელიმე კონკრეტული უწყება, ან უწყების პირველი პირი.

„რა თქმა უნდა, უშუალო პასუხისმგებელი არის მინისტრი, ხოლო კანონს მიღმა ქმედებაზე კონკრეტული ჩინოვნიკი, თუკი ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მაგრამ ერთიანი პოლიტიკური პასუხისმგბელობა, რა თქმა უნდა, არის კოლექტიურად მთავრობის და, რა თქმა უნდა, პრემიერის თამადობით. რაც შეეხება შეწყვეტას, ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილში, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციაში და არა მხოლოდ, ბოლო პერიოდში და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებული წუხილის საგანი იყო კრიმინალის ზრდა.

თუკი პრობლემატურად მიგვაჩნია ეს საკითხი, ხელისუფლებას და კონკრეტულად შსს-ს უნდა მოვთხოვოთ კონკრეტული ქმედებების გატარება. ამდენად, თუკი თანმიმდევრული ვიქნებით ლოგიკაში, თუკი ჩვენი წუხილის საგანი არის მომეტებული კრიმინალი, კრიმინალთან ბრძოლა და პრევენციული ღონისძიების გატარება არის ის საკითხი, რომელიც უნდა გაატაროს შს სამინისტრომ, მათ შორის ეს არის საპოლიციო კონტროლი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

მისი თქმით, შს სამინისტროს ვალდებულებაა მაქსიმალურად, ძალიან დიდი ძალისხმევით, კანონის მაქსიმალური დაცვითა და ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს საპოლიციო კონტროლის განხორცილება და კრიმინალის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიების გატარება.

„ვფიქრობ, საკითხის ასე დასმა არის სწორი, მაგრამ არ გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, მით უმეტეს წინა საახალწლო პერიოდში, რომელიც, როგორც წესი, ყველა პერიოდში პრობლემური იყო, არ იქნება სწორი. ალბათ, უფრო სწორი იქნება, მეტი გამჭვირვალეობა, კანონის ჩარჩოებში მეტად დარჩენა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცულობით განხორციელდეს საპოლიციო კონტროლი. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი საქმე, მაგრამ არა შეუძლებელი. ხელისუფლებამ ეს უნდა შეძლოს“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

იურისტი, საერთაშორისო სამართლის ექსპერეტი, ლია მუხაშავრია ამბობს, რომ საპოლიციო კონტროლი ყოველთვის უნდა ხორციელდებოდეს ქვეყანაში და ამისთვის გვყავს შს სამინისტრო. მაგრამ მისი თქმით, სრულიად დაუშვებელია ის ძველი, დრომოჭმული ფორმა, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იყო დაგმობილი.

„სრულიად დაუშვებელია როდესაც საპოლიციო რეიდები ხორციელდება სამოქალაქო ფორმაში ჩასმული პირების მიერ. ვიდრე არ მიუახლოვდებიან ადამიანებს და არ მოსთხოვენ პირადობას, ან ჯიბეების გადმობრუნებას, არ ამბობენ ვინ არიან. უკაცრავად, რატომ უნდა ვიფიქრო, რომ პოლიციელია, თუ ვიღაცა თავხედი, რომელიც ღამე მომიახლოვდა და მთხოვს საბუთებს, ან ჯიბეების ამოტრიალებას.

მე არ ვარ საპოლიციო კონტროლის შესუსტების მომხრე, იქ სადაც არ არის სათვალთვალო კამერები, შეიმჩნევა კრიმინალური მდგომარეობის გართულება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს საპოლიციო კონტროლი, მაგრამ არამც და არამც ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ ფორმის გარეშე.

საპოლიციო კონტროლი უნდა იყოს და ეფექტურად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ არა ადამიანთა უფლებების დარღვევის და ღირსების შელახვის ხარჯზე. ეს არის ძალიან საჭირბოროტო საკითხი და თუ მთავრობა ამას არ მოუვლის, საზოგადოება ისე არის გაღიზიანებული, რომ ეს იქნება მოთმინების ბოლო წვეთი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.

საპოლიციო კონტროლის აუცილებლობას ხაზს უსვამს ადვოკატი ირმა ჭკადუა, მაგრამ ამბობს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადამიანების უფლებების დარღვევის ხარჯზე.

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები და თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ იმატა კრიმინოგენურმა სიტუაციამ, დიახ, ამის პრევენციისთვის აუცილებელია მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება. მაგრამ ხაზგასმით, სრულად ცალსახად მინდა ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

ის, რომ გარკვეული კატეგორიის უკანონო იარაღი არსებობს ქვეყანაში, ამას მოწმობს ამ ორი დღის განმავლობაში ამოღებული ათეულობით ათასი ვაზნა და საბრძოლო მასალა. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რათა განცდა დაეუფლოს ადამიანებს, რომ არ შეიძლება ქუჩაში იარო ცეცხლსასროლი იარაღით, ისევე როგორც ცივი იარაღით, რასაც სხვადასხვა დროს მოჰყვება ხოლომე მძიმე შედეგები“, - ამბობს ირმა ჭკადუა.

მისი თქმით, პოლიცია, რომ არსებობს ამ ქვეყანაში, ეს აუცილებლად უნდა იგრძობოდეს. როგორც ჭკადუა აცხადებს, ჯერ კიდევ არსებობს პოლიციაში მოპყრობის პრობლემები და რთულია ერთ დღეში რადიკალურად შეიცვალონ ეს ადამიანები, მაგრამ თუკი იგივე ტემპით მიყვებიან რა ტემპიტაც რატიანის შემთხვევაში მოხდა, როგორც გენისპექციამ, ასევე მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ არც ერთი პოლიციელი დაუსჯელი არ დარჩება.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს, პოლიცია იყო საკმაოდ მკაცრი და გარკვეული წნეხის მოხსნის შემდგომ გარკვეული თავისუფლება იგრძნეს ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ასე უშიშრად შეიძლება იარაღებით ქუჩაში იარაონ. თუკი პოლიციას არ ექნებათ უტყუარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადამიანებს გააჩნიათ კანონსაწინააღმდეგო ნივთიარება, ან ნივთი, ისე არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში ადამიანების გაჩერება. ვფიქრობ, რომ პოლიციამ უნდა დახვეწოს მიდგომები, მეთოდები. საპოლიციო კონტროლი აუცილებელია, მაგრამ მკაცრად კონროლებადი და მკაცრად დაცული ადამიანის უფლებების ხარჯზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.