ენდის გატაცებები

ენდის გატაცებები

რამდენიმე კვირის წინ თბილისში ცნობილი ამერიკელი მსახიობი ენდი გარსია გვესტუმრა. ამ რანგის მსახიობის ჩვენთან ჩამოსვლა იშვიათობას წარმოადგენს, ამიტომ რა გასაკვირია რომ ქართული მას-მედიის საშუალებები, გარსიაზე მასალების გამოქვეყნებაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ამის მიუხედავად სააკაშვილის როლის განმასახიერებლის ბიოგრაფიის რამდენიმე შტრიხი ფართო საზოგადოებისათვის მაინც უცნობია და ამჟამად ამ ვაკუუმის შევსებას შევეცდებით.

 

 იცოდით თუ არა, რომ გარსია თავსაბურავების თავდაუზოგავი კოლექციონერია. ზაფხულობით ე.წ. “შლაპებს” ანიჭებს უპირატესობას, ზამთრობით კი ცივა და ბუნებრივია რომ ბერეტებს ირჩევს.

 

ქუდების შეგროვების პარალელურად მას კიდევ ერთი უცნაური გატაცებაც გააჩნია. არ გაგიკვირდეთ და თურმე ტამტამების მხურვალე თაყვანისმცემელია. ამ აფრიკულ მუსიკალურ ინსტრუმენტს ყრმობის ასაკიდან აგროვებს და დღეისათვის ოცდახუთ ცალს მოუყარა თავი.

 

მართალია ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, თავისი კოლექციიდან ერთი ცალი ჩვენი ქვეყნის პირველ პირს საჩუქრად ჩამოუტანა, მაგრამ ოცდაოთხი ექსპონატი ხომ მაინც დარჩა.

 

 საინტერესოა ენდი გარსიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფაქტიც.

ეს პიროვნება კუბაზე დაიბადა სიამის ტყუპთან ერთად და მომავალ მსახიობს ის ქირურგიული ოპერაციის საშუალებით დაბადებისთანავე მოჰკვეთეს, მაგრამ ნაიარევი დღემდე ეტყობა.

 

ყოველივე ამასთან ერთად ენდი ჰოლივუდურ ამქარში განსაკუთრებული ზნეობრივი პრინციპებითაც გამოირჩევა. ამის დამადასტურებლად ის ფაქტიც კმარა, რომ შიშვლად გადაღებაზე მუდმივად უარს ამბობს და მის არსენალში არც ერთი ნუდისტური როლი არ მოიძებნება. თავის დროზე, მომავალ მეუღლეს ხელი გაცნობის საღამოსვე სთხოვა და წყვილი უკვე ოც წელზე მეტია ბედნიერად ცხოვრობს.