სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.
საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და პროვოკაციაზე მიუთითებს.
ადვოკატის განმარტებით, ის დღეს ესაუბრა დაკავებულ ვაჟა კვარაცხელიას, რომელმაც უთხრა, რომ მას ბრალდება კომერციულ მოსყიდვას ედავება.
როგორც ცნობილია, თამარ აბესაძე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ თანამფლობელის თემურ დათიკაშვილის ინტერესებსაც იცავს. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ და კომერციული მოსყიდვის თაობაზე ბრალს არც კვარაცხელია და არც დათიკაშვილი აღიარებენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე პირი მკაფიოდ ამბობს, რომ ყოველივე არის დანაშაულის პროვოკაცია. პროვოცირებულია აღნიშნული ქმედებები, რაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელებული. კვარაცხელიაც პროვოკაციაზე მიუთითებს. საგამოძიებო მოქმედებები, რაც ტარდებოდა მათ მიმართ, უამრავი ზარია განხორციელებული, რომელსაც ალბათ ბრალდების მხარე მოიპოვებს, მაგრამ დაცვის მხარესაც არ გვძინავს და ამას წარმოვადგენთ სასამართლოზე“, - განაცხადა ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ კალათბურთის დაკავებული მსაჯების - ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის მადლიერებას გამოხატავს.
როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა განაცხადა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ცალსახად გმობს მომხდარ ფაქტს და მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან ახლაც და მომავალშიც, რათა დროულად და სრულყოფილად იყოს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი და დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელსაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ დანაშაულთან, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა ის მცდელობა, რომელიც ჩრდილს აყენებს კალათბურთის სამყაროს.
როგორც კალათბურთის ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი, მათ ინტერესებში ყოველთვის შედიოდა და ახლაც შედის იმგვარი ფაქტების გამოვლენა და აღმოფხვრა, რომლებიც სახელს უტეხს საქართველოს საკალათბურთო სამყაროს.
„მიმდინარე სეზონის დასაწყისში FIBA-ს რეკომენდაციით ჩამოყვანილია მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორი, რომლის ფუნქციაშიც შედის არა მარტო თამაშების ხარისხის მონიტორინგი, არამედ ახალგაზრდა მსაჯთა კონტინგენტის გაზრდა და მათი შემდგომი ინტეგრირება საქართველოს და საერთაშორისო ფედერაციების ეგიდით გამართულ მატჩებში. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობა, ფედერაციის წესდებისა და ზოგადად სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, არ დაეთანხმება და არ შეეგუება საკალათბურთო სამყაროში არაეთიკურ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით“, - განაცხადა პაატა გურასპაულმა.
მისივე განცხადებით, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მატჩის ჩაწყობის საქმეზე დაკავებულები „მოკვეთილნი იქნებიან კალათბურთიდან“.
„ყოველთვის შეურიგებელი ვიქნებით ასეთ ფაქტებთან მიმართებაში“, - ასე გამოეხმაურა კულტურის და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილი თამაშების გამო მწვრთნელების და მსაჯების დაკავებას.
„როგორც იცით, ჩაწყობილი თამაშების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა გიორგაძემ.