დღევანდელ სპორტულ სახალისო მოგონებებში ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების თავს გადახდენილ „საინტერესო“ ისტორიებს გაგაცნობთ. გახსოვთ ალბათ რა დრო იდგა. საბჭოთა კავშირში ყველაფრის დიდი დეფიციტი იყო და საზღვარგარეთ აღმოჩენილი ჩვენებური სპორტსმენები ხელთ არსებული მწირი თანხებით ეგზომ სანატრელი უცხოური ტექნიკისა თუ ტანსაცმლის ყიდვას ხშირად ცდილობდნენ. სურვილი კი ჰქონდათ, მაგრამ საჭირო „მწვანე დოლარების“ კატასტროფულ სიმცირესაც განიცდიდნენ...
1972 წელს, მიუნხენში საბჭოთა კალათბურთელებმა ოლიმპიადა რომ მოიგეს, ჩემპიონებს შორის ორი ქართველი – ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია იყვნენ.
ხუმრობა ხომ არ იყო, დაუმარცხებელ ამერიკელებს ბოლო სამ წამში გამოსტაცეს ოქრო და საბჭოთა სპორტსმენები ამაღლებულ განწყობაზე იყვნენ. პატარა ბავშვებივით დახტოდნენ სიხარულისგან და მხიარულობდნენ. არანაკლებად ხალისობდნენ ქორქია და საკანდელიძეც და ჩემპიონ კოლეგებს სხვადასხვა „შტუკებს“ უწყობდნენ.
ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები ცხოვრობდნენ, ყოველ ნომერში „გრუნდიკის“ ფირმის ძვირფასი, კომპაქტური რადიომიმღები იდგა. ზურაბმა და მიხომ ზუსტად ასეთი რადიომიმღებები მაღაზიაში იყიდეს და სამშობლოში რომ ბრუნდებოდნენ, ავტობუსში გახსნილი აიტანეს, რომ გზაში მოესმინათ.
– ეს „გრუნდიკები“ საიდან? – ჰკითხა თურმე ქართველ კოლეგებს ოლიმპიადის გმირმა ივან ედეშკომ.
– რა საიდან, – გაიკვირვა საკანდელიძემ, – ჩვენი ნომრებიდან. არ იცით, რომ მასპინძლებმა გვაჩუქეს და შეგეძლოთ, წამოგეღოთ.
ზურაბს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საბჭოთა გიგანტი სპორტსმენები თავ-თავიანთ ნომრებში დაბრუნდნენ „ნაჩუქარი“ რადიომიმღებების წამოსაღებად. მაგრამ, აბა, ვინ გამოატანდა მათ ამ ძვირფას „გრუნდიკებს.“ ისეთი ამბავი ატყდა, სანამ პოლიცია არ ჩაერია საქმეში, საბჭოთა გიგანტები ვერ დააშოშმინეს.
ავტობუსში დაბრუნებულ, შერცხვენილ ჩემპიონებს ხმა არ ამოუღიათ. ქორქიასა და საკანდელიძეს გვერდით ჩაუარეს და თავ-თავიანთ ადგილებზე უხმოდ დაბრუნდნენ – ქართველებს გაებუტნენ. ავტობუსი რომ დაიძრა, მიხომ წინასწარ მომზადებული, ძვირფასი სამლიტრიანი შამპანურის ბოთლი გააძრო, აანჯღრია და გაბუტულ ჩემპიონებს გაწუწვა დაუწყო. „შხაპმა” „უგრუნდიკოებს“ ამაღლებული საჩემპიონო განწყობა დაუბრუნა და ისინი ქართველებს შეურიგდნენ.
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1976 წელია და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მონრეალის ოლიმპიადაზე ვიმყოფები. ერთ უქმე დღეს ჩვენი კალათბურთის ლეგენდამ მიხეილ ქორქიამ მითხრა:
– დათო, შენ ინგლისური კარგად იცი. ტყავის „კურტკის“ ყიდვა მინდა და წამომყევიო.
უარს როგორ ვეტყოდი და წავედით. კითხვა-კითხვით ერთ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრს მივადექით. ტყავების განყოფილებაში რომ შევედით, მიხოს ერთი „კურტკა“ მოეწონა, რომელიც ძალიან უხდებოდა, მაგრამ 700 დოლარი ღირდა. მას კი მხოლოდ 200 ჰქონდა. „კურტკა“ საკიდზე დავკიდეთ და დაღონებული გამოვედით სექციიდან. იქვე, ერთი მამაკაცი ტრიალებდა, რომელიც აშკარად ჩვენ გვითვალთვალებდა. მართლაც, გამოვედით თუ არა, მოგვიახლოვდა და გვითხრა:
– ქართველები ხართ, დაგენაცვლეთ?
– კი, ქართველები ვართ, – მივუგეთ ემიგრანტ ქართველ ებრაელს.
– მე ქუთაისელი ვარ. აქ გადმოვსახლდი. „კურტკის“ ყიდვა გინდათ?
– კი, – ვუთხარით ქუთაისელს.
– შვიდასდოლარიანის?
– კი.
– რამდენი გაქვთ ფარა?
– ორასი, – უთხრა მიხომ.
– 150-ად რომ გაყიდინოთ, ორმოცდაათს მომცემთ? – კვლავ გვკითხა ჩვენმა ყოფილმა თანამემამულემ.
– მოგცემთ, – შეჰპირდა მიხეილ ქორქია.
ებრაელი ტყავების სექციაში შეძვრა და რაღაც „წაიჩალიჩა“. შემდეგ კვლავ ჩვენთან მოვიდა და მიხოს უთხრა:
– წადი ახლა და ის „კურტკა“ მაღაზიის დირექტორს მიუტანე და უთხარი, რომ ღილები არ აქვს, შენ კი მისი ყიდვა გინდა. ის შენ ოცდაორ პროცენტში მოგცემს დეფექტის გამო. ღილები კი შიდა ჯიბეში ჩავყარე და სახლში რომ მიხვალ, დააკერებო.
მართლაც, მიხეილ ქორქიამ 700-დოლარიანი „კურტკა“ 150 დოლარად იყიდა. 50 დოლარი კი ებრაელს მისცა. ოლიმპიურ სოფელში რომ მივედით, ღილები თავად მიხომ დააკერა და ახალთახალ „კურტკაში“ „გაიზმანა“. საინტერესო კი ისაა, რომ მეორე დღეს მთელი საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები მონრეალის სხვადასხვა მაღაზიას მოედო და მეოთხედ ფასში იყიდეს ძვირფასი პალტოები და ქურთუკები, რომლებსაც ღილები არ ჰქონდა. ასე „გაზმანა“ ქუთაისელი ებრაელის მიერ მოგონილმა ეშმაკობამ საბჭოთა ოლიმპიური ნაკრები“.
ოლიმპიური თამაშები დროებით გვერდით გადავდოთ და ცნობილი ქართველი მსახიობები ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძე გავიხსენოთ.
გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებია. რუსთაველის თეატრში, მოსკოვის „გეგმიური დაკვეთით“, დოდო ალექსიძეს ოქტომბრის რევოლუციაზე „წითელი პათოსით“ გაჟღენთილი იდეოლოგიური სპექტაკლი დაადგმევინეს. ამ სპექტაკლის მისაღებად და „დაბროს“ (ნებართვა) სათქმელად ან დასაწუნებლად, მოსკოვიდან წარმომადგენლობითი თეატრალურ-პარტიული კომისიაა ჩამოსული. სპექტაკლში ეპიზოდურ როლს იმ პერიოდში სულ ახალგაზრდა რამაზ ჩხიკვაძე ასრულებდა. მისი დუბლიორი კი – ეროსი მანჯგალაძე იყო. სპექტაკლის წინა დღეს ხმაჩახლეჩილი რამაზ ჩხიკვაძე თეატრის დირექტორთან, აკაკი ხორავასთან მივიდა და უთხრა:
– ბატონო აკაკი, ანგინა მაქვს სპექტაკლს ვერ ვითამაშებ და ჩემ მაგივრად, ეროსი უნდა დააყენოთო.
ხორავამ ეროსის დაუძახა და ეს ამბავი აუწყა. ეროსი შეიშმუშნა. ხორავამ ჰკითხა:
– რა იყო, ტუზი დაგეცა. რამაზი ავად გახდა და მოსკოვის კომისიის წინაშე, თავის გამოჩენის საშუალება გეძლევაო.
– რა ტუზი დამეცა, ბატონო აკაკი. ხვალ „დინამო“ თამაშობს და იმედი მქონდა, სტადიონზე წავიდოდიო.
ხორავამ კოპები შეკრა და თავისი ცნობილი ხმით მიუგო ხელქვეითს:
– ხვალ ვერც მე ვიქნები სპექტაკლის ჩაბარებაზე, რადგან რაიონში დაკრძალვაზე მივდივარ. იცოდე, სპექტაკლის გაცდენა არ გაბედო, თორემ დოდო ალექსიძე მეტყვის და გაგაგდებო.
– კარგი, – შეჰპირდა ეროსი და ლაპარაკი ამით დასრულდა.
მეორე დღეს ისე მოხდა, რომ „ანგინიანი“ ჩხიკვაძე, „რაიონში წასული“ ხორავა და „სპექტაკლში მოთამაშე“ ეროსი ფეხბურთზე გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ ტრიბუნაზე.
საქმე კი ის იყო, რომ სამივეს დეფიციტური ბილეთები „დინამოს“ კიდევ ერთმა ფანმა, სანდრო ჟორჟოლიანმა მიუტანა, რადგან დარწმუნებული იყო, ფეხბურთს არ გააცდენდნენ და სამივეს ფარულად ჩამოურიგა. თავად კი ორი რიგით ზემოთ იჯდა და კოლეგებზე ხალისობდა.
დღევანდელი წერილი-მოგონების დასასრულს კი უმცროსი მიშა მესხის თავს გადახდენილ ამბავს გაგაცნობთ.
ერთხელ, ლეგენდარულ მიშა მესხს მისმა ვაჟმა, მიშიკო-უმცროსმა, მანქანა სთხოვა. მიშა უფროსი ერთ მანდილოსანთან ერთად თავისი მეგობრის აგარაკზე იმყოფებოდა. შვილს გასაღები მისცა და უთხრა, რომ მანქანა საღამოს მიეყვანა და ვაჟი არც კი გაუფრთხილებია, რომ მანდილოსნის თაობაზე სიტყვა არავისთან დასცდენოდა, მით უმეტეს, ოჯახის წევრებთან, რადგან ეს ისედაც ნათელი იყო.
პატარა მიშკამ მანქანა წამოიყვანა. მთელი დღე იარა. საღამოს კი დედამისსაც შეუარა სამსახურში და მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ მანქანა წყნეთში უნდა აეყვანა მამისთვის. რადგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღია მამისგან, სინამდვილეში კი, უბრალოდ, არ დაფიქრებულა, თუ რას აკეთებდა, თამამად დაადგა წყნეთის გზას.
– დედა, მანქანას მამას ავუყვან. ჩვენ კი სახლში ტაქსით დავბრუნდეთ, – უთხრა მიშიკომ დაეჭვებულ ქალს, რომელმაც უსიტყვოდ დაუქნია თავი, თან დიდი ინტერესით, მოთმინებით ელოდა, თუ რას იხილავდა აგარაკზე.
აგარაკზე მისულ დედა-შვილს, მიშა მესხი-უფროსი ლამაზი რუსი ქალბატონის კომპანიაში დახვდა, გაშლილ სუფრასთან. მხოლოდ მაშინღა „მოტვინა“ პატარა მიშკამ, რომ მამის ადგილსამყოფელი არავისთვის არ უნდა გაემხილა და მით უმეტეს – დედისთვის“.