ცვლილება უნივესიტეტებისთვის: დაფინანსება და გადასახადები სხვაგვარი იქნება ბექა დანელია

ცვლილება უნივესიტეტებისთვის: დაფინანსება და გადასახადები სხვაგვარი იქნება ბექა დანელია

უმაღლესი სასწავლებლებისთვის, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. მიმდინარეობს საუბარი უნივესიტეტების მოგების გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, ასევე სასწავლებლების დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებაც. არ არის გამორიცხული, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს.

20-მდე სახელმწიფო უნივერსიტეტი, შესაძლოა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდეს. პარლამენტში წარდგენილი ახალი კანონპროექტის მიზანია, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც არ არიან მოგების მიღებაზე ორიენტირებული, შეუმცირდეთ საგადასახადო ტვირთი და დაზოგილი თანხა მოახმარონ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, სტუდენტების, პროფესორებისა და მკვლევარებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას და ა.შ.

მართალია ეს ყოველივე სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს გავლენას, მაგრამ წელიწადში იგი 6 მილიონ ლარს არ გასცდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 2014 წელს - 3 808 324 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 1 619 964 ლარს, 2016-ში - 5 671 980 ლარს, ხოლო 2017 წლის 10 თვის მონაცემებით - 2 163 075 ლარს.

სხვათა შორის, უმაღლესი სასწავლებლების მოგების გადასახადისგან გათავისუფლების ინიციატივით, რამდენიმე კვირის წინ “ევროპული საქართველო” გამოვიდა. დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ესტონური მოდელი ამოქმედდა, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

“პარადოქსული მდგომარეობაა, როცა კერძო უნივერსიტეტი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება,  სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ უფლებით ვერ სარგებლობს. ვფიქრობ, განათლების მინისტრი აცნობიერებს ამ ცვლილების საჭიროებას, რადგან ცოტა ხნის წინ თსუ-ის პრორექტორი იყო”, – განაცხადა რატიანმა.

როგორც ჩანს, მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივესიტეტებიც ისარგებლებენ შეღავათით, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც უმაღლესის სასწავლებლების საგადასახადო და დაფინანსების სისტემას შეეხება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, შესაძლოა, სწავლის გადასახადი ფაკულტეტების მიხედვით განსხვავებული იყოს. გარდა ამისა, შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსების სისტემაც შეიცვალოს.

„რაც მეტი დახმარება ექნება სახელმწიფოსგან სახელმწიფო უნივერსიტეტს, მით უკეთესი. ვაუჩერულ სისტემას აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს ძალიან ბევრი მინუსი. ძალიან მალე ჩვენ დავიწყებთ და სრულად უნდა გადავხედოთ უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელს. მაგალითად, ერთ–ერთი მოდელი, რომელსაც აქტიურად ვიხილავთ არის სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსება.

რეალობა ისეთია, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელთა შემოსავლის ძირითადი ნაწილი არის სტუდენტების მიერ სწავლაში გადახდილი თანხა, რაც ბევრ პრობლემას ქმნის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით. თანხები არ რჩება უნივერსიტეტებში, რომ განხორციელდეს სერიოზული სამეცნიერო კვლევები.

“ამიტომ მსოფლიო ბანკთან ერთად საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მათ აქვთ თავიანთი მოსაზრებები. მაგალითად ის, რომ ფაკულტეტებზე სწავლაში გადასახადი არ უნდა იყოს ერთი და იგივე. სპეციალობას გააჩნია რა არის და ამის მიხედვით უნდა იყოს სტუდენტის მიერ სწავლაში გადახდილი თანხა. თუმცა, ზოგადად, უნივერსიტეტების დაფინანსების საკითხი არის ერთ–ერთი გამოწევევა.

მსოფლიო ბანკთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გვექნება კონკრეტულ მოდელებზე საუბარი და ამის განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური ფინანსირება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების”, – განაცხადა ჩხენკელმა.