„ვაჟკაცური თვისება გვგონია, თუ ვიტყვით, 5 გრამი ნარკოტიკი გავიკეთე და ჩემნაირ დოზას ამ ქალაქში არავინ იკეთებს“

„ვაჟკაცური თვისება გვგონია, თუ ვიტყვით, 5 გრამი ნარკოტიკი გავიკეთე და ჩემნაირ დოზას ამ ქალაქში არავინ იკეთებს“

„ახლა დგახართ ღვთის წინაშე და თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს გაეკარებით ნარკოტიკებს, არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი“,-ამ სიტყვებით მიმართა ბარბარობის დღესასწაულზე ტაძარში შეკრებილ ბავშვებს ილია მეორემ.

უწმინდესმა ამბიონზე აიყვანა ისინი, დალოცა და პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებიან. საქართველოს პატრიარქმა ნარკოტიკის მოხმარების ცოდვის შესახებაც ისაუბრა, რომლითაც ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს. 

უწმინდესის ნათქვამი შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებად იმ ზრდასრული ადამიანებისთვისაც, რომლებიც ლიბერალურ მიდგომას მოითხოვენ ნარკოტიკების მიმართ და ამით ღუპავენ მომავალ თაობას.

For.ge ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმ-ნარკოლოგს ილია ჩიკვილაძეს ესაუბრა.

ახალგაზრდებისადმი უწმინდესის მიმართვა შეიძლება ჩაითვალოს პასუხად იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ლიბერალურ მიდგომას მოითხოვენ ნარკოტიკების მიმართ?

- რაც რაიმე უბედურება გვჭირს, სწორედ ჩვენი უღმერთობიდან გამომდინარეა. როდესაც ერს ჰყავს ილია მეორე და არ უსმენ მას, ეს უკვე ცოდვაა. მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა, თუ ეპისტოლე ღვთისგან ნათქვამი სიტყვაა.

არც „გირჩი“ არსებობდა და არც „თეთრი ხმაური“, მაგრამ ნარკოლოგები უკვე 20 წელიწადია ვამბობთ, რომ ნარკომანია დაავადებაა და მას უნდა შევხედოთ, როგორც დაავადებას. დაავადების აღმოფხვრა დასჯით აბსურდია. იმთავითვე ვამბობდი, რომ, რასაც „გირჩი“ და „თეთრი ხმაური“ მოითხოვდნენ, ანუ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნაც. რეალურად, თუკი დეკრიმინალიზებულს გახდი ნარკოტიკს, მაშინ სახელმწიფომ რაღაცნაირად უნდა უზრუნველყოს კიდეც მისი მიწოდება. ასე რომ, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია პირდაპირ კავშირშია ლეგალიზაციასთან. სწორედ ამიტომ მიმართა ილია მეორემ ახალგაზრდებს, რომ მათ საერთოდ არ გასინჯონ ნარკოტიკი.

უწმინდესმა კარგად იცის, რომ ნარკოტიკის გასინჯვისთანავე შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს. პირველსავე გასინჯვიდან საშინელი დამოკიდებულების სინდრომი, ფსიქოლოგიური, კონვულსიური, დაუოკებელი ლტოლვა ყალიბდება ნარკოტიკის მეორადი მოხმარებისადმი.

ზოგჯერ გამოყოფენ ხოლმე მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკებს. ესეც თავის მოტყუებაა?

- ზოგჯერ თავს ირწმუნებენ, თითქოს ჰაშიში მსუბუქი ნარკოტიკია. სინამდვილეში, ჰაშიშიც არავითარი მსუბუქი ნარკოტიკი არ არის, ეს არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამოკვეთილ ნარკოტიკულ თრობას და ნარკოტიკისადმი დაუოკებელ ლტოლვას იწვევს. ამიტომ ახალგაზრდებმა არ უნდა გასინჯონ ნარკოტიკი. დიდი შინაგანი ძალა და მოტივაცია სჭირდება ადამიანს, გადავიდეს სხვა რელსებზე და არ გააღმერთოს ნარკოტიკი.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ალკოჰოლდამოკიდებულის გადაჩვევა რთულია, არის შემთხვევები, რომ ნარკოტიკმომხმარებელმა აჯობოს საკუთარ თავს და უარი თქვას ნარკოტიკზე?

- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. სულ ცოტა, 20 წელია, ნარკოლოგიაში ვმოღვაწეობ, მანამდე თბილისში დავიბადე, გავიზარდე მთაწმინდაზე და ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ვხედავდი, რომ ჩემი სანაცნობო წრე ნარკოტიკს მოიხმარდა. ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც უკვე 10-15 წელიწადია, აღარ მოიხმარენ ნარკოტიკს და აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, დარბიან და ვარჯიშობენ კიდეც. სწორედ ეს თაობა ეწევა ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ახალგაზრდებსაც აფრთხილებენ, მათ გზას ნუ გაიმეორებენ. მით უმეტეს, ახალგაზრდობა ეს ის თაობაა, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩავარდნილა ურთულეს მდგომარეობაში თავისი ჯანმრთელობით. მათ ახლადმოხმარებული აქვთ ნარკოტიკი, ნირვანას მდგომარეობაში გრძნობენ თავს და ჯერ არ დასჯახებიან პრობლემებს ჯანმრთელობის გამო. აქ არ არის საუბარი დასჯასა და ციხეში გაშვებაზე. არ შეიძლება ციხემ ადამიანი გამოასწოროს, მაგრამ არც ის შეიძლება, შენი ქმედებით და ტელევიზიით რეკლამირება გაუწიო ნარკოტიკის მოხმარებას.

საქართველო ისეთ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს, სადაც ყველა მეზობელი ქვეყნის ინტერესი იკვეთება. ამ ქვეყნების სპეცსამსახურები ჩვენზე მუშაობენ. ხომ არ არის მათი ფარული ინტერესი, დემოგრაფიულად მძიძე მდგომარეობაში მყოფ საქართველოში წაახალისონ ნარკოტიკების ლეგალიზება? სწორედ მათ იდეებს ხომ არ ახმოვანებენ უნებურად ან პირადი დაინტერესებით ნარკოტიკების ლეგალიზების მომხრეები?

- ნარკოკარტელი ძალზე მდიდრია, რასაც თავისი სიმდიდრით იარაღით ვაჭრობა თუ შეედრება. ცალკეულ სახელმწიფოთა პოლიტიკა დგას სწორედ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაზე. ომებიც კი ხდება ამისთვის. ნარკოტიკების გასაღებაზე მთელი ლაბორატორიები, სახელმწიფოები, მთავრობები მუშაობენ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გასაღების ბაზარი მოიძიონ.  

რამდენადაც ვიცი, ჩვენი უახლოესი მეზობლები საკუთარ  გენოფონდს ამ მხრივაც უფრთხილდებიან. ჩვენ კი ვერ ვახერხებთ გენოფონდის დაცვას ნარკოტიკებისგან.

- თუნდაც აზერბაიჯანში მენტალობა ცოტა სხვანაირია. 80-იან წლებში აზერბაიჯანში გახლდით, ქართველებით სავსე იყო იქაურობა და წამალი უპრობლემოდ იყიდებოდა, ტაქსის შოფერს მიჰყავდი რეალიზების ადგილამდე. აზერბაიჯანელებს რომ ვუყურებდი, ისინი ნარკოტიკს ნაკლებად მოიხმარდნენ, სამაგიეროდ, ქართველი ვინც იყო, თითქმის ყველა მოიხმარდა ნარკოტიკს. სხვათა შორის, თურქეთშიც ძალზე ადვილად მისაწვდომი და იაფია ნარკოტიკული საშუალებები, იქ 4-5-ჯერ უფრო იაფია ნარკოტიკული საშუალება, ვიდრე საქართველოში.

სამწუხაროდ, ქართველები მაქსიმალისტური ხასიათიდან გამომდინარე ვეტანებით ნარკოტიკს. ყველაფერი ბევრი გვინდა, მათ შორის, ნარკოტიკიც. რატომღაც ვაჟკაცური თვისება გვგონია, თუ ვიტყვით, „5 გრამი გავიკეთე და ჩემნაირ დოზას ქალაქში არავინ იკეთებსო“. იცით, რამდენი ნარკომანისგან გამიგია ასეთი სიტყვები? ეს იმის მსგავსია, თავი რომ მოაქვთ, ათი ბოთლი ღვინო დავლიეო. მერე რა, თუ დალიე. სწორედ ასეთი უაზრო მიდგომა აქვთ.

ამ დროს ზედოზირებით რამდენი ნარკომანი კვდება... სამკურნალო ცენტრში უამრავი ნარკომანი მიდის და ძალზე მძიმე სანახავია, როგორ უჭირთ ყავარჯნებით გადაადგილება, თითქმის ყველანი ერთმანეთის მსგავსნი არიან თავიანთი საუბრით, მანერებით.

- დიახ, ასეთი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული. ზედოზირების დიაგნოზი და სტატისტიკა არ არსებობს. სიკვდიალიანობის შემთხვევაში, წერენ გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის  დიაგნოზს, ან ფილტვების შეშუპებას, ანუ იმას, რა გართულებაც მოჰყვება ზედოზირებას. თანაც, ნარკომანის ოჯახები ამ თემაზე საუბარს ერიდებიან. არ არსებობს ოჯახი თბილისში, რომლის სამეზობლოშიც არ იყოს ასეთი პრობლემა. საქართველოში სპეციალური ცენტრებიც არის, კვალიფიციური მედიკოსებიც მუშაობენ და ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანმა ნარკოტიკზე უარი თქვას, მაგრამ, თუ კაცს არ უნდა გადააგდოს ნარკოტიკი, ათასნაირ მიზეზს მოიფიქრებს და არ გადააგდებს.

ზიანის შემცირების პროგრამამ დადებითი როლი ითამაშა, რადგან ამით დაავადების პრევენცია მოხდა და ნარკომანიისგან გამოწვეული გართულებებიც შემცირდა. მთლად ისე არ არის, თითქოს არ არსებობს სერვისები და მკურნალობის მეთოდიკები. თუმცა კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს არა მხოლოდ ზიანის შემცირების პროგრამა დაეფინანსებინა, არამედ მკურნალობის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სხვადასხვა დაწესებულებასაც ჰქონოდა.