შოთა რუსთაველის ნათქვამი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“-ო, როგორც ჩანს, დემოგრაფიის კვალობაზე, მთლად სიზუსტით არ სრულდება და მხოლოდ იურიდიულ დატვირთვას იძენს. დემოგრაფიულად თუ ვიმსჯელებთ, ქალი ბევრად უფრო სარგებლიანობის მომტანია, ვიდრე მამაკაცი. ამის შესახებ For.ge-ს დემოგრაფი ანზორ სახვაძე ესაუბრა.
- ვაჟი და ქალი, მიუხედავად მათი იურიდიული თანასწორობისა, დემოგრაფიული თვალსაზისით, არ არიან თანაბარნი. მაგალითად, ავიღოთ ორი დასახლებული პუნქტი. ერთგანაც ასი ადამიანი იყოს და მეორეგანაც, მაგრამ განსხვავებული სქესობრივი შემადგენლობით. ვთქვათ, ფერტილურ ასაკში, ანუ ბავშვის ყოლის უნარის მქონე ასაკში ერთ დასახლებულ პუნქტში 90 ქალი და 10 ვაჟი იყოს, ხოლო მეორე დასახლებულ პუნქტში, პირიქით, 90 ვაჟი და 10 ქალი ცხოვრობდეს. ცხადია, მათი ჯამი ერთი და იგივეა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, თუ მათი ურთიერთობები არაფრით არ არის შეზღუდული, იქ, სადაც 90 ქალია, სულ ცოტა, 90 ბავშვი დაიბადება; ხოლო იქ, სადაც 90 ვაჟი და მხოლოდ ათი ქალია, სულ ტყუპ-ტყუპი ბავშვებიც რომ გაჩნდნენ, მხოლოდ და მხოლოდ 20 ბავშვი გაჩნდება.
ეს ნიშნავს, რომ დემოგრაფიულად ქალი უპირატესია გამრავლების თვალსაზრისით, ვიდრე მამაკაცი. ახლა, თუ მედიცინის მიღწევებსაც გავითვალისწინებთ, კაცის როლი გამრავლებაში კიდევ უფრო შემცირებულია, რადგან შესაძლოა, ხელოვნური განაყოფიერების გზით წავიდეს კაცობრიობის მომავალი განვითარება. მით უმეტეს, თუ ფემინისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ მიიღეს კანონები, იტყვიან, რაღა საჭიროა კაცები, ერთი-ორ მათგანს საჯიშედ შემოინახავენ და მორჩა. ეს - ხუმრობით.
როგორც ჩანს, ქალის დაბადება მთლად ხელწამოსაკრავი არ ყოფილა და არც ის ყოფილა გამართლებული, ვაჟის დაბადებისას თოფს რომ ისროდნენ, ხოლო ქალის დაბადებას შეწუხებულნი ეგებებოდნენ.
- იმ პერიოდში გადამწყვეტი იყო ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ბავშვს ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა. ბავშვი განიხილებოდა, როგორც შემოსავლის წყარო, რადგან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა. სოფლად კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენი მთოხნელი, მიწის დამამუშავებელი გყავს. შესაბამისად, თუ ტრაქტორი არ გაქვს, მთოხნელის რაოდენობაზეა დამოკიდებული მოსავლის სიმრავლე. ასეთ დროს ბიჭი მუშახელად აღიქმებოდა გოგოსთან მიმართებით. გოგოზე კი უნდა გეზრუნა, გაგეზარდა, გაგემზითვებინა, გაგეთხოვებინა. ამიტომ მაშინდელი თვალთახედვით, გოგო ზარალი იყო. სხვათა შორის, ბიჭებს ადრეულ ასაკში აქორწინებდნენ იმისთვის, რომ კიდევ ერთი მუშახელი შესულიყო მათ ოჯახში.
თუ, წესით, ბიჭი 20-25 წლის ასაკში უნდა დაქორწინებულიყო, იყო შემთხვევები, როცა 14-15 წლის ასაკში მოჰყავდათ მისთვის ცოლი და ეს ძალიან ცუდად აისახებოდა დემოგრაფიაზე, გამრავლებაზე. აქ მთავარი იყო ეკონომიკური ფაქტორი. მაგალითად, ლომონოსოვს აქვს აღწერილი რუსეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი ეს ფაქტი. ამის შესახებ მან წერილიც მისწერა გრაფ შუვალოვს, დედოფლის ფავორიტს, რომელსაც მიესვლებოდა დედოფალთან და შეეძლო ყურში ეჩურჩულა რაღაცები.
ლომონოსოვი წერდა, დავჯექი ახლა, ჩემი ქაღალდები გადავათვალიერე და ბევრი რამ ჩემს ჩანაწერებში საინტერესოდ მეჩვენა. შესაბამისად, გადავწყვიტე თქვენთვის მომეწოდებინა, იქნებ, დედოფლის ყურამდე მიიტანოთ, გააუქმოს მავნე ჩვევა, რომ რუსეთის მოსახლეობა არ შემცირდესო. ლომონოსოვის თქმით, მოსახლეობის გამრავლება იყო მთავარი და არა ტერიტორიის სიდიდე. ამდენად, იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც ლომონოსოვს რუსების გამრავლებისთვის ხელშემწყობად მიაჩნდა, ერთ-ერთი გახლდათ რუსეთში არსებული იმ წესის გაუქმება, როდესაც ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ვაჟებს მოზრდილ ქალებზე აქორწინებდნენ.
ლომონოსოვს მიაჩნდა, რომ ამ წესს არ მოჰქონდა დადებითი შედეგი, რადგან ბიჭი ჯერ არ იყო მომწიფებული ოჯახისთვის, მასზე 5-10 წლით უფროსი ქალი კი, რომელიც ოჯახს სჭირდებოდა სამუშაო ძალად, სხვა სიყვარულს ეძებდა. თანაც, 10 წლის ბიჭს როცა 20 წლის გოგოზე აქორწინებდნენ, ეს ბიჭი რომ გაიზრდებოდა, ქალი უკვე გამოდიოდა ბავშვთა შობის ასაკიდან და ეს შობადობის მატებას არ უწყობდა ხელს. ქალი იძულებული იყო, სხვაგან მოეძებნა სიყვარული და იმის გამო, რომ სოფელი კიცხავდა ქორწინების გარეშე ბავშვის ჩასახვას, ასეთი ურთიერთობის შედეგად ჩასახულ ბავშვს ქალი ნაყოფის სახითვე კლავდა მუცელში, რასაც ზოგჯერ ამ ქალის სიცოცხლეც ეწირებოდა, ბავშვი კი თავისთავად იღუპებოდა. ამიტომ ლომონოსოვი ითხოვდა, ახალგაზრდა ბიჭები თავისზე უფროს ქალებზე აღარ დაქორწინებულიყვნენ.
ასეთი ტრადიცია საქართველოშიც იყო?
- მსგავსი ცნობები საქართველოშიც შემორჩა, რომ ვაჟებს ასაკით უფროს ქალებზე აქორწინებდნენ. საქართველოშიც ამას ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა, რადგან ცოლის მოყვანით ოჯახს ემატებოდა მუშახელი.
ინდოეთში, სადაც ვაჟის დაბადება დღემდე უპირატესობით სარგებლობს, უკვე მიხვდნენ, რომ ძალადობის მატება ამითაც არის განპირობებული. ფერტილურ ასაკში ქალთა ნაკლებობა ინდოელებში აგრესიას იწვევს.
- არა მარტო ინდოეთში, იგივე პრობლემა უფრო მწვავედ ჩინეთშიცაა. ჩინეთში საპატარძლოების დეფიციტი შეიმჩნევა. სქესთა არათანაბარ განაწილებას რეგიონალური ასპექტიც აქვს, რადგან არის რეგიონები, სადაც ბიჭები ჭარბობენ და არის რეგიონები, სადაც ქალები უფრო მეტნი არიან. როგორც წესი, სოფლად უფრო მეტი კაცებია, ვიდრე ქალები. ამან გამოიწვია ის, რომ ჩინეთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ერთი შვილის გაჩენის ნება იყო მიცემული, უპირატესობას ანიჭებდნენ სწორედ ვაჟებს. იქ ვაჟები უნდოდათ მემკვიდრეებად, გვარის გამგრძელებლებად და იშვიათად აჩენდნენ გოგოებს. ამან გამოიწვია დისპროპორცია ვაჟებისა და ქალების რაოდენობას შორის. 20-25 წელი რომ გავიდა, უკვე აშკარად შეიმჩნეოდა სასიძოების დიდი რაოდენობა და საპატარძლოების დეფიციტი. რეგიონალურ ასპექტშიც აღმოჩნდა, რომ სოფლად საპატარძლოები გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ქალაქად. ამიტომ სოფლად მცხოვრები ბევრი კაცი, რომელიც ვერ პოულობდა შესაბამის პარტნიორს საცოლედ, ჩავიდა ქალაქში.
აღწერილი იყო ასეთი შემთხვევა, როცა სოფლიდან ქალაქად ჩასულმა მამაკაცებმა დაიწყეს საცოლეების ძებნა. საცოლეები ვერ იპოვეს და ერთ ექიმ კაცს დაუკავშირდნენ. ის კაცი ფსიქიატრი იყო და შეჰპირდა, ქალებს მე გიშოვითო. ამათაც გადაუხადეს თანხა და ექიმმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებს ცოტა უფრო მეტი დოზა დამამშვიდებელი წამალი გაუკეთა, აჩვენა ამ ბიჭებს, მათაც მოეწონათ და მიჰყიდა თავისი ავადმყოფები სოფლელ სასიძოებს. გავიდა ხანი, ზოგ პაციენტს მოუხდა გათხოვება, ნერვები დაუწყნარდა, რეციდივი აღარ ჰქონია, ზოგს კი, პირიქით, წამალმა რომ გაუარა, დაიწყეს თავისი ფსიქიკური აგრესიის გამოვლენა. სოფლელები ექიმთან ჩავიდნენ და ასე გასკდა ეს საქმე. ფსიქიატრი პასუხისგებაში მისცეს. სწორედ ასეთი დემოგრაფიული შედეგი გამოიწვია სქესთა დისპროპორციის არასასურველმა ტენდენციამ.
სხვათა შორის, ავსტალიაშიაც უჩიოდნენ ქალების ნაკლებობას და სხვა ქვეყნებიდან მანდილოსნების ჩასვლას ითხოვდნენ.
- დიახ, ავსტრალიაშიც იყო ასეთი შემთხვევები. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, გირჩევნიათ წახვიდეთ სოფლად, რადგან გათხოვების უფრო მეტი შანსი გაქვთ, ვიდრე ქალაქად, ვინაიდან საცოლე ბიჭები სოფლად უფრო მეტია. საქართველოში სოფლად 50 წლამდე კაცები უფრო ჭარბობენ. ესეც მიგრაციის თავისებურებაა, რადგან ქალებს სწავლისადმი მიდრეკილება უფრო მეტი აქვთ. ამიტომ სოფლის სკოლადამთავრებული ქალები უფრო მეტად მიდიან მიგრაციაში, ვიდრე ვაჟები. ადრე კი პირიქით იყო, ბევრი რამ შეიცვალა.