„ყოველ გაკვეთილზე ბავშვს თითო წვეთი საწამლავი ეწვეთება სულში“

„ყოველ გაკვეთილზე ბავშვს თითო წვეთი საწამლავი ეწვეთება სულში“

სახელმძღვნელოების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ მომგებიან საქმედ იქცა. ცხადია, ყველა ვერ იქნება იაკობ გოგებაშვილი და ბავშვის სულში წვდომა ვერ შეეძლება, მაგრამ დღეს პრობლემას ქმნის ის, რომ, ვისაც შეუძლია და არ შეუძლია, წიგნის ავტორად გვევლინება.

თანამედროვე ე.წ. ავტორების უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ბავშვის ფსიქოლოგია, არც ის ესმით, რომ ბავშვისთვის წიგნის შექმნა ყველაზე რთული საქმეა და ბევრად უფრო იოლია მოზრდილებისთვის წერონ. დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორები იოლ გზას აგნებენ, ისინი მოზრდილებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოებიდან ან უცხოური წიგნებიდან გადმოწერილი მასალებით ცდილობენ ფონს გასვლას. ამით კი მომავალ თაობას ამახინჯებენ, რომელთა ქართულ მენტალიტეტზეც სულაც არ არის ეს პროგრამები მორგებული.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გადატვირთული სასწავლო პროგრამები არა მარტო ზრდის  აგრესიულობას სკოლებში, არამედ ამწვავებს ყველანაირ გადახრას, მათ შორის, ნარკომანიისკენ მიდრეკილებას, ხელს უწყობს არაჯანსაღი მდგომარეობის ჩამოყალიბებას. ბავშვზე ეს ძალიან მოქმედებს, რადგან ყოველდღიურად რწმუნდება თავის არასრულფასოვნებაში, ღიზიანდება და  საკუთარი თავის რწმენა ეკარგება. რაც მთავარია, გული უცრუვდება სკოლაზე, სწავლაზე, ყველაფერზე. მის ერთადერთ სარბიელად რჩება ქუჩა. ზურაბ ვახანიას თქმით, ამას არასპეციალისტი ვერ დაინახავს, მაგრამ ფსიქოლოგისთვის ძალზე მძიმე ფაქტორია, როცა ყოველდღიურად ბავშვს ყოველ გაკვეთილზე თითო წვეთი საწამლავი ეწვეთება სულში. ეს საშინელი ზემოქმედებაა.

„მე არ ვიცი, რას ფიქრობენ და აპირებენ თუ არა ამ პროგრამების გამოსწორებას. ფაქტია, ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. სხვათა შორის, ტელევიზიაშიც იყო ამ საკითხებზე საუბარი, აღიარეს კიდეც ეს ხარვეზი. ერთმა თქვა, გადავშალე მეხუთე კლასის წიგნი და იქ ერთ წინადადებაში ბავშვისთვის ხუთი უცნობი სიტყვა შემხვდაო. მეორემ აღნიშნა, პირადად მე მეცხრე კლასის ფიზიკის გამოცდას ვერ ჩავაბარებ, თუმცა მათემატიკის სპეციალისტი ვარო. სწორედ ამიტომ უცრუვდება ბავშვს გული სკოლაზე და გაყალბებულია ყველაფერი-ნიშანიც, შეფასებაც.

უცხოეთში ასე გადატვირთული პროგრამები არ არის. იქ რაც არის, იმის სწავლას მართლა სთხოვენ. თუ არ ჩააბარებ, არ გადაგიყვანენ მაღალ კლასში და შეიძლება ხუთჯერ დარჩე ერთ კლასში. ჩვენთან კი აბსურდული მდგომარეობა, უზომოდ გადატვირთული პროგრამებია და ამ დროს გამოცდაზე რეალურად სთხოვენ უმცირეს რაღაცას. მაგალითად, საატესტატო გამოცდებს ისე ჩააბარებ, რომ, რაც არის ოფიციალური სტანდარტი, იმის ხუთი პროცენტი გევალება. ეს ყველაფერი სიყალბეს ამკვიდრებს ახალგაზრდის სულში. ვითომ გამოცდას აბარებ და ამ დროს ყალბია ყველაფერი“, - აცხადებს ზურაბ ვახანია და შეკითხვის საპასუხოდ, ასე გადატვირთული სახელმძღვანელოები ავტორების სასარგებლოდ ფულის კეთების მახე ხომ არ არის, განმარტავს, რომ, ცხადია, ეს საშინელება ვიღაცისთვის ხელსაყრელია, თორემ ამდენი წლის განმავლობაში არ გაგრძელდებოდა.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ წიგნების ბიზნესს არ შეიძლება დავუკავშიროთ, გაცილებით მაღალ დონეზე წყდება ყველაფერი. რაც უფრო დათრგუნულია ახალგაზრდა, უფრო ადვილად სამართავია. აქედან გამომდინარე, რომელ ძალას აწყობს განათლებული, შეგნებული და სამოქალაქო ინიციატივის მქონე ქართველი ახალგაზრდა? ცხადია, ყველას ურჩევნია, ადვილად მართვადი, იაფი ჯარისკაცები.        

„სახელმძღვანელოები უვარგისია, რადგან არასპეციალისტების ხელშია ყველაფერი. ჩვენ არ გვყავს განათლებული ავტორები და ექსპერტები, რომლებიც ამ სახელმძღვანელოებს შეაფასებენ. განათლების სისტემაში ყოველწლიურად ყველაფერი უარესდება. პროფესიონალებს ახლოს არ იკარებენ. ყველაფერი წყდება ნაცნობობით, პირადი სიმპათიებით, კლანური ინტერესებით. გარდა ამისა, როდესაც ადამიანი თვითონ არ არის სპეციალისტი, ის ცუდად გრძნობს თავს პროფესიონალის გვერდით. თუნდაც მრჩევლად გვერდით რომ დაუჯდეს პროფესიონალი, მისი არარაობა გამოჩნდება. ამით კი მახინჯდებიან ბავშვები“.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი რევაზ აფხაზავა  For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ზოგადად, სასწავლო რესურსები საქართველოში პრობლემაა. ძალზე მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებზე. მოძველებულ სახელმძღვანელოებში ხარვეზები უნდა გასწორდეს და მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით არ შემოიფარგლონ. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმძღვანელოები ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სტანდარტს მკაფიოდ მოერგოს, საგაკვეთილო მოკლევადიან შედეგებზე იყოს ორიენტირებული და არა -ზოგად შედეგზე. ამით მასწავლებელსაც უფრო ადვილად შეეძლება ამ სახელმძღვანელოების გამოყენება და ყოველ გაკვეთილზე კონკრეტული შედეგის მიღწევა.

„თანამედროვე განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშეა. დღეს ცოდნის მისაღებად ათასი რესურსი არსებობს. ძველად, თუ მხოლოდ თითო-ოროლა წიგნი იყო ცოდნის წყარო, დღეს უამრავი ასეთი წყაროა. ამიტომ ძალზე მოქნილი და საინტერესო უნდა იყოს სახელმძღვანელო, რომ ბავშვები მიიზიდოს. სახელმძღვანელოების ავტორებიც უნდა ვითარდებოდნენ. ამისთვის საჭიროა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და გამომცემლობების ინტერესი თავიანთი სახელძღვანელოების გასაუმჯობესებლად“, - აცხადებს რევაზ აფხაზავა.