მართალია, სკოლები მაქსიმალური კონტროლის ქვეშ ექცევა, მაგრამ ინციდენტები რომელიც მოხდა, მუდმივად იქნება საზოგადოების სამსჯელო - არ არის ნორმალური, როდესაც მოზარდები ერთმანეთზე ძალადობენ და რიგ შემთხვევებში ეს უკიდურესად მძიმე შედეგით სრულდება - რა მოხდა ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში - ამ თემაზე ფსიქოლოგი, ნანა ჩაჩუა გვესაუბრება.
ბოლო დროს უფრო მეტად გახშირდა მოზარდებში ძალადობის ფაქტები თუ, მანამდე უბრალოდ ინფორმაცია არ იყო საჯარო? რაღაც ახსნა ხომ უნდა მოიძებნოს, როდესაც უმოკლეს პერიოდში სამი გარდაცვლილი ბავშვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, მეოთხეს ფილტვი გაეთიშა და არის განცდა, რომ ხვალ რა მოხდება, არ ვიცით...
- საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში რაოდენობრივი თვალსაზრისით ასეთი შემთხვევები გახშირებული ნამდვილად არის, ანუ აგრესია გამოხატულია სასტიკი ფორმით. არის აგრესიის სხვადასხვა ფორმა, მისი მაქსიმალური გამოვლინებაა სისატიკე და ეს სისასტიკე უკვე სახეზეა.
რა შეიძლება იყოს ამ სისასტიკის საფუძველი? მიზეზი ერთადერთია - ეს არის საზოგადოების ცხოვრების წესი. ეს არის უსამართლობის შეგრძნება, რომელიც საერთო ფონად არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში. ამიტომ ადამიანები დარჩნენ აბსოლუტურად საკუთარი თავის ამარა, არაფერი არ არის ისეთი, რომელიც მათ მიცემს იმის შეგრძნებას, რომ ისინი არიან მნიშვნელოვანნი.
ამ მნიშვნელობის განცდა მოზრდილი ადამიანისთვის არ არის გარემოზე დამოკიდებული, მაგრამ მოზარდისთვის საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა ყოველთვის დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოექცევიან მას.
ეს იწყება ოჯახიდან?
- არა, პირველ რიგში საზოგადოების ცხოვრების წესიდან, რომლის გავლენასაც განიცდის ოჯახი -თავისთავად ცხადია, განიცდის სკოლაც.
როგორიცაა საზოგადოება, ისეთია ოჯახიც და სკოლაც. მაგრამ ბავშვები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან იმ ურთიერთობებთან მიმართებაში, რომელიც ოჯახთან არის დაკავშირებული, მაგრამ ოჯახი თავად არის საზოგადოების ნაყოფი, საზოგადოების შედეგი.
ოჯახები ძირითადად ორ კატეგოარიად უნდა დავყოთ: ერთნი, რომლებიც მატერიალურად მაქსიმალურად უზრუნველყოფილნი არიან - ანუ პრივილეგირებულნი და მეორე ტიპის ოჯახები - რომელთაც მატერიალური მხარე ნაკლებად აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ; ორივე შემთხვევაში, იმ დონეზე ვერასოდეს ვერ ექნებათ, რომ პრივილეგირებული ოჯახების დონეს გაუტოლდნენ და ბავშვებმა თანაბარფასოვნად იგრძნონ თავი.
ეს განსხვავებულობა მათში აგრესიასაც შობს და, ამავე დროს, გაუცნობიერებელია, თუ საიდან მოდის ეს აგრესია. ამიტომ, ზოგადად აისახება მათში ეიფორიულ-ნეგატიურ განწყობილებად.
ახლახანს ერთ-ერთ ფეშენებელურ საცხოვრებელ შენობაში გახლდით, სადაც ჯერ არ იყვნენ შესახლებულები მობინადრეები. იყო განსაკუთრებული შესასვლელი, ინტერიერი და ა.შ. რომ გამოვდიოდი, კიდევაც ვთქვი, აქ რომ იცხოვრებს ბავშვი და ამ შენობიდან გამოვა და ბარაკების ტიპის საცხოვრებლიდან გამოსული ბავშვი, რომლის ოჯახსაც გადასახადების პრობლემა აქვს, ერთმანეთთან ურთიერთობაში იქნებიან კომფორტულად? შესაძლებელია მათ შორის მეგობრობა?
ამას ვერავინ ვერ იტყვის და გამორიცხულია, რომ მათ შორის დამყარდეს ისეთი ურთიერთობა, სადაც ორივე ბავშვი თავს სრულყოფილად იგრძნობს.
გარდა ამისა, ვისაც ფინანსურად მაქსიმალური უზრუნველყოფა გააჩნია, ოჯახის მამაა ეს თუ სხვა, ვერავინ დადებს თავს, რომ მას საწყისი კაპიტალი მოპოვებული აქვს თავისი განათლების, ნიჭის, უნარის, შრომისმოყვარეობის წყალობით. შეგვიძლია, თავისუფლად ვთქვათ, რომ ისინი არიან უფრო მეტად მოხერხებულები და ამავე დროს, გარკვეულწილად გაუმართლათ, იმიტომ, რომ მავანის მეგობარი, ნათესავი, შვილის მეგობარი აღმოჩნდნენ ან მავანი უბრალოდ, კეთილგანწობილია მათ მიმართ.
ანუ ეს მატერიალური უპირატესობები განპირობებულია არა იმ მახასიათებლებით, რომელიც უნდა ახასიათებდეს იმ საზოგადოებას, სადაც შეიძლება, ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე, დემოკრატიულობაზე... ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ საზოგადოებაზე...
რა ნიშნითაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული სოციალური ფენა და ის ჩვენი საზოგადოების პრივილეგირებული ნაწილია - ეს რას ნიშნავს და რას იწვევს დანარჩენ საზოგადოებაში?
- ეს ნიშნავს, რომ მუდმივად გქონდეს უსამართლობის შეგრძნება, უსამართლობის ველში საკუთარი თავის მნიშვნელობას ადამიანი ყოველთვის კარგავს და გარემოს მიმართ, სადაც ადამიანი საკუთარ მნიშვნელობას კარგავს, ყოველთვის მტრულადაა განწყობილი; მისი ნგრევის იმპულსიც ავტომატურად მოდის.
ნახეთ მეორე ტიპის ოჯახები - დედები ძირითადად უცხოეთში არიან წასული სამუშაოდ. რას ნიშნავს ეს ბავშვისთვის? - იწყება დედასთან გაუცხოების პროცესი. კი, ტექნიკურად არის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს უმზერდნენ, ესაუბრებოდნენ, მაგრამ აუცილებელია მოზარდს ჰქონდეს ფიზიკური შეხება მშობელთან, განსაკუთრებით დედასთან.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში დედამ ოთხჯერ მაინც უნდა მოხვიოს ხელი ბავშვს, გულში ჩაიკრას. ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი, ამის გარეშე ბავშვს დაუცველობის სითბოს ნაკლებობის განცდა უჩნდება.
და რაც მთავარია, ბავშვებს არ აქვთ ჩვევაში თანატოლებთან ურთიერთობის კულტურა. ამის დეფიციტს ქმნის ის, რომ ეზოები არ არსებობს, სადაც ბავშვები სპონტანურად აირჩევენ თამაშებს.
თამაშების ფსიქოლოგიაში კარგადაა ნაჩვენები, რას ნიშნავს როლური თამაში. არის თამაშები, რომელიც გარკვეული წესების დაცვით მიმდინარეობს. თუ დახუჭობანას თამაშისას დათქმულია, რომ შვიდის დათვლაზე უნდა გავახილო თვალი და მე გავახილე ხუთის დათვლაზე, ჩემი გუნდი გამოთქვამს პროტესტს და მე იქვე ვღებულობ ჩემი მხრიდან თამაშის წესების დარღვევის შედეგს. შემდეგ ეს მიმყვება ცხოვრებაში ჩვევად, რომ თუ შევთანხმდი თამაშის პატიოსან პირობებზე, მე ის უნდა დავიცვა.
იგივე შეიძლება ითქვას როლურ თამაშებზე. ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობაში აყალიბებენ ერთმანეთს და ამ თამაშის პროცესში გამოიკვეთება, რა მაქვს მე სოციალურ ჯგუფში ნებადართული, რა შეიძლება გავაკეთო და არ შეიძლება.
ანუ მე გონებრივ კონტროლს ჩემი ქცევისა, ჩემს თანატოლებთან ურთიერთობაში თამაშის პროცესში ვაყალიბებ; ეს არის წვრთნა - თამაში არის აუცილებელი და არა ის, რომ საბავშვო ოთახი აქვს კარგად მოწყობილი, ყველა ტიპის სათამაშო აქვს და ნახეთ, რა კარგი პირობები აქვს.
შემოზღუდული სათამაშო მოედანი ეზოში - ეს არის გარედან დაპროგრამებული, რომ აუცილებლად კალათბურთი უნდა ვითამაშო, აუცილებლად ფეხბურთი უნდა ვითამაშო; მართალია, უკეთესია, ბავშვებმა ჩანთებით ან კენჭებით არ მონიშნონ სათამაშო მოედანზე კარის ადგილი, მაგრამ იქ უნდა იყოს ისეთი სივრცე, სადაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ და დაგეგმავენ ამ თამაშების შინაარსს.
საინტერესოა, ვინ აპროექტებს და ვინ იძლევა ნებართვას იმ შენობების აგებაზე, სადაც ეს ყველაფერი არ არის გათვალისწინებული? იციან კი რას აკეთებენ? იციან, რომ ბავშვების განვითარებისთვის საჭირო სივრცეს უმოწყალოდ ახშობენ?!
ახლა რა ხდება სკოლაში? არის სკოლა გათვლილი იმაზე, რომ ბავშვი თავის ღირსებას განიცდიდეს? იმ პროგრამებით და იმ სახელმძღვანელოებით, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ბავშვმა თავისი ღირსება განიცადოს? - ვერ განიცდის, იმიტომ, რომ მე ვნახე, რაც ხდება - ჩემი შვილიშვილი ამზადებდა გაკვეთილს ქიმიაში - ჰალოგენებს - მითხრა, ვერ ვსწავლობო, არადა, ამ დროს, ძალიან ნიჭიერი გოგონაა.
ჩავიხედე მშვენივრად გაფორმებულ სახელმძღვანელოში და მეც ვერ გავიგე ვერაფერი. ეს ცალკე თემაა, რამდენია გადახდილი მის გაფორმებასა და აკინძვაში - იმ ავადსახენებელ საბჭოთა სკოლაში იყო ისეთი სახელმძღვანელო, სადაც წაიკითხავდი და გაიგებდი, რა ეწერა. როდესაც ავუხსენი, რა იყო ჰალოგენები, ბავშვმა გაიგო, შემდეგ გადმოვიღე არაორგანული ქიმიის ადრინდელი წიგნები და მასშიც ნორმალურად, გასაგებად ეწერა ყველაფერი.
ასეა შედგენილი გეოგრაფია, ბიოლოგია და ა.შ. ამ წიგნებს რომ გადავხედე ყველგან თითქოს ერთი პრინციპია - მის ავტორს საერთოდ არ აინტერესებს, ადამიანმა გაიგო თუ ვერა, რა წერია.
ანუ არასრულფასოვნების განცდას იწვევს, როდესაც ბავშვი კითხულობს გაკვეთილს და ვერ იგებს?
- წარმოიდგინეთ, ამოცანის ამოხსნით გამოწვეული სიხარული - ვისაც ეს არ განუცდია, ნიშნავს, რომ უდიდესი რაღაც დაკარგა. ან როდესაც პასუხი სწორი არ არის და შენვე აღმოაჩენ შეცდომას. სწავლების პროცესში ადამიანი ქმნის თავის პიროვნულობას. ყოველი გადადგმული ახალი ნაბიჯი და შედეგთან მისვლა, ეს არის საკუთარი თავის პოზიტიურად ხედვა, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობა და წინააღმდეგობების გადალახვის უზარმაზარი ასპარეზი.
როდესაც თვითშეფასება მოზარდში არის დაბალი, შემდეგ ეს როგორ აისახება საზოგადოებასთან მის ურთიერთობაზე?
- თვითშეფასება უნდა იყოს სტაბილური, არ უნდა იყოს განპირობებული შემთხვევითობით. აუცილებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს მიკუთვნებულობის შეგრძნება - ანუ ვიღაცას უყვარს და მასაც უყვარს; უნდა იყოს ჩართულობის განცდა, რომ მე რაღაც პროცესში ვმონაწილეობ, ამიტომაა თამაში აუცილებელი, სწავლების პროცესში ისე იყოს სახელმძღვანელო აგებული, როდესაც მარტივიდან რთულისკენ მიდის - ანუ მე ჩართული ვარ რაღაც პროცესში და ვემზადები იმისათვის, რომ ცხოვრების პირისპირ დავდგე.
როდესაც მექნება ამ ყველაფრით განპირობებული თვითშეფასება, მაშინ, რასასკვირველია, ვინმე რომ უდიერად მომმართავს, არ მაქვს შინაგანი აგრესიის იმპულსები, რადგან შესაბამისი შინაგანი ინსტრუმენტი გამაჩნია, რომ მას სათანადოდ ვუპასუხო. საამისო წვრთნა გავლილი მაქვს ბავშვობაში.
ეგზიუპერის ნათქვამი, რომ „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, კაცობრიობის კუთვნილებად გადაიქცა. ის, რაც ახლა ხდება, დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრების წესის შედეგია. ეს არის მედიის დამსახურება - არავინ აპროტესტებს ღამის კლუბებში მოზარდებს თავისუფლად შესვლა რომ შეუძლიათ. ვინ დართო ნება, ვინ დააწესა, რომ ლეგალიზებული იყოს მარიხუანა?!
თუ ადამიანს არ ჭირდება ბარიერები, მაშინ ნუ იქნება ქუჩაში შუქნიშანი. განა ჩვენი ცხოვრება, მითუმეტეს მოზარდის ცხოვრება, ქუჩაზე გადასასვლელი ლაბირინთი არ არის?! არ ჭირდებათ მათ შუქნიშანი?! არ ჭირდებათ გაფრხილება, აკრძალვა ან მწვანე შუქი? რომელიღაც ორგანიზაციამ დემოკრატიულად რომ მიგვიჩნიოს, ამიტომ უნდა იყოს მარიხუანა ნებადართული?!
ან რატომ არის სათამაშო ბიზნესი საქართველოში ასე აყვავებული?! ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც სტუდენტების ნაკადი მოედინება, სწორედ იქ არის კაზინო „აჭარაბეთი“ - ეს ადამიანის უპატივცემულობაა.
გაიხსენეთ, შარშან თუ შარშანწინ ახალგაზრდა, მშვენირი შესახედაობის გოგო-ბიჭმა კანიბალიზმი განახორციელა - ნუ გვექნება ადამიანზე ასეთი მაღალი წარმოდგენა, რომ ის თავად მოერევა და დაძლევს ყველაფერს, მითუმეტეს, როდესაც მას ისედაც ჯოჯოხეთში აცხოვრებ.
უსამართლობა სადაც არის, იქ ჯოჯოხეთია, შედეგი კი ასეთია - ეს მკვლელობებიც ყოველდღიურობის შედეგია, ხალხს სული ეხუთება იმ ვალებისაგან, რომელშიც ბანკირებმა ჩაყარეს.
ელემენტარულ რამეს გეტყვით: ყოველთვიურად ბანკს სულ მცირე 1,5 ლარი უნდა გადაუხადო იმისათვის, რომ კომუნალურ გადასახადებს იხდი. მესმის, რომ ბანკი მოგებაზე უნდა მუშაობდეს და საბაზრო ეკონომიკაა, მაგრამ ადამიანებს, მითუმეტეს, მოზარდებს ამ ბაზრის დახლზე ნუ დავდებთ - რა გავყიდოთ და რაში ავიღოთ ფული, ეს მაინც ვიცოდეთ!
ქართველი დედები გაყიდულები არიან, უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, ბავშვები - გაყიდულები არიან და მყიდველი ვინ არის? - არავინ არ ჩამოსულა სან-ფრანცისკოდან, ჩვენი მოქალაქეები, ისინი, რომლებიც ყელყელაობენ თავიანთი შესაძლებლობებით - ეს უსამართლობაა.
ანუ როდესაც მახინჯი ფორმით ყალიბდება სოციუმი, ყველაფერია მოსალოდნელი?
- ძველი ბერძნული გამოთქმაა, რომ „მახინჯ სხეულში მახინჯი სულია“, მახინჯ სახელმწიფოში მახინჯი მორალი და ზნეობაა. სადაც ფულია პრიორიტეტი, იქ ნემსის ყუნწის ტოლი აქტივი არ რჩება ადამიანისთვის.
ვნახოთ, ეგებ, გაითვალისწინონ კიდეც, ის ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ?
- ვერავინ ვერ გაითვალისწინებს, ამ ყველაფრის გათვალისწინება არ ხდება -საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას, როცა ლაპარაკია ფისკალურ პოლიტიკაზე, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რისი ბიზნესი შეიძლება არსებობდეს და რისი - არა.
არც ერთი მეცნიერი, მოაზროვნე, მაღალი ინტელექტისა და ზნეობის მატარებელი ადამიანი მინისტრად არის სადმე? ნაკლებად - პარლამენტში მოხვდეს და საერთოდ, საკითხავია, ვინ წერს კანონს და მერე ვინ აღასრულებს ამ ვაიკანონს? ეს კითხვა დავსვათ.
როცა დიდმა ბერძენმა რეფორმატორმა, სოლონმა დრაკონული კანონები შეცვალა საბერძნეთში და ქვეყანა აღმშენებლობის გზას დაადგა, მან ასეთი რამ განაცხადა: „როცა ძალა სამართლიანობას შეუერთდა, მაშინ შევძელი, რომ ქვეყნიდან წასული მოსახლეობა დამებრუნებინა და ვალებიდან დამეხსნა საბერძნეთი“.
ძალა არის კანონი და ამ ძალას უნდა შეუერთდეს სამართლიანობა. დააბრუნონ ჩვენმა კანონმდებლებმა საქართველოდან წასული დედები და ცოცხალი დედების არსებობის პირობებში ნუ დააობლებენ ბავშვებს! ნუ იქნება ყველაფერი მათ საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობაზე გათვლილი, რომელიც აგებულია სხვისი ბავშვების უბედურებაზე! ბავშვების გარეშე არსებული ქვეყანა არ იქნება არასოდეს ბედნიერი!
ფსიქოლოგიურად მოკლავ ადამიანს თუ ფიზიკურად, არის ამაში დიდი სხვაობა? გალაკტიონი ამბობდა, „მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის ,სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია“ და კიდევ - „იყო ირგვლივ ზიანება და ყორნების ჩხავილი“- აქ ვიმყოფებით დღეს.