კახა კალაძის ინიციატივას დედაქალაქში მწვანე ნარგავების ჭრის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სპეციალისტები დადებითად აფასებენ. თბილისის მერის აზრით, მშენებლობით დაინტერესებულ პირებს ხის მოჭრის ნაცვლად მწვანე ნარგავების გადარგვა და მოვლა-პატრონობა უნდა მოვთხოვოთ.
როგორც წესი, თბილისში მწვანე საფარის განადგურება ყველაზე მეტად იქ შეინიშნებოდა, სადაც ინტენსიური მშენებლობა იყო გაჩაღებული. „ნაციონალებისდროინდელი“ განუკითხაობის დროს მხოლოდ 2009-2011 წლების განმავლობაში თბილისში ოფიციალური ნებართვა დაახლოებით 4 600 ხის მოჭრაზე გაიცა, რომელთაგან უმეტესობა საღი ხე იყო. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტი დედაქალაქში 5, 6 კვ. მეტრზე ჩამოვიდა და, ფაქტობრივად, 2, 5-ჯერ შემცირდა. ეს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების კოეფიციენტი ზოგჯერ 30 კვ. მეტრსაც აღწევს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გამწვანების ბოლოდროინდელი მონაცემიც (5,6 კვ. მეტრი ერთ სულ მოსახლეზე) რეალობას არ შეესაბამება. ეს მონაცემი იმის ხარჯზეა, რომ 2006 წელს თბილისს მიმდებარე სოფლები და ტყიანი ტერიტორიები შემოუერთეს. ამიტომ საშუალოდ რომ ვიანგარიშოთ, სწორედ ამ შემოერთებული ტერიტორიების ხარჯზე გამოდის ჩვენი გამწვანების საფარის კოეფიციენტი 5,6 კვ.მ. სინამდვილეში, თბილისის ფარგლებში ეს კოეფიციენტი გაცილებით დაბალია.
დეპუტატი გია გაჩეჩილაძე კახა კალაძის ინიციატივას დედაქალაქში მწვანე ნარგავების ჭრის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით მიესალმება. იგი მიიჩნევს, რომ ამით თბილისის მწვანე ნარგავებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირდება.
დეპუტატ გიორგი ხატიძის თქმით, თბილისის მერის ინიციატივა დროულია, რადგან თბილისში დადგა დრო, როცა ახალი ბინის შეძენისას ადამიანები გარემოსა და საცხოვრებლის ირგვლივ სიმწვანეზე უნდა ფიქრობდნენ.
კახა კალაძე მდინარე მტკვრის დაცვასაც ცდილობს. მართალია, თავის დროზე საუბრობდნენ, რომ „ნაციონალებმა“ მტკვრის კალაპოტიც კი გაყიდეს, მაგრამ ახლანდელი მერი ამბობს, რომ დაუშვებელია, მდინარე მტკვარზე რაღაც გაუგებარი მშენებლობები ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობდეს. კახა კალაძე დროს აძლევს უკანონობის ჩამდენ პირებს, რათა მდინარე მტკვარზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი თავადვე მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
რა შედეგს გამოიღებს კახა კალაძის აღნიშნული ინიციატივები ქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით?!
„მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიდამონიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ, რაც ჩვენს ქალაქში ბოლო წლებში ხდება, მიუღებელი, არასწორი და დამღუპველია. ფაქტობრივად, ეს არის სახლების მშენებლობას შეწირული ნარგავები. 40 წელზე მეტია, დედაქალაქში პარკი არ გაშენებულა, არსებული სკვერების უმრავლესობა კი განადგურდა, ან შეეწირა სახლების მშენებლობას. ამიტომ კახა კალაძის ინიციატივა მისასალმებელია, ოღონდ ამას სჭირდება გამართული საკანონმდებლო აქტი. ზოგადად, ქვეყანას უნდა ჰქონდეს კანონი გამწვანებული ტერიტორიების შესახებ, მაგრამ, სანამ ეს კანონი მომზადდება, ქალაქის მთავრობამ უნდა გამოსცეს გარკვეული ტიპის კომპეტენტური (და არა ზედაპირული) საკანონმდებლო აქტი, რომელიც მშენებლებს აიძულებს, ახალ მშენებლობებზე აუცილებლად მოეწყოს გამწვანებული ტერიტორიები.
„ცხადია, ხეები არ უნდა მოიჭრას. თუ ამის აუცილებლობაა, მაშინ ხეები სადღაც გადაირგოს, მაგრამ სად უნდა გადაირგოს, როცა ამ ქალაქში სუნთქვა შეუძლებელია?! აქ ხომ შიდა გამწვანებული ტერიტორიები მინიმუმადეა დაყვანილი. საერთოდ, თავი დაანებონ თბილისში ამდენი სახლების მშენებლობას, დედაქალაქში ამდენი სახლი საჭირო არ არის. საბჭოთა პერიოდშიც კი თბილისი დედაქალაქებს შორის ბოლო ადგილზე იყო ერთ სულ მოსახლეზე თავისი გამწვანებული ტერიტორიებით. მას შემდეგ ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, მაგრამ ყოველგვარი ინვენტარიზაციის გარეშეც თვალნათლივ ვხედავთ, რომ თბილისში მწვანე საფარი მინიმუმამდეა დაყვანილი. წინამორბედმა მერმა ნამდვილად გაზარდა ნერგების რიცხვი, მის დროს ბევრი ნერგი დაირგა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან წლების განმავლობაში უამრავი ხე იჭრებოდა. 20 წლის წინ რომ დაიწყეს ერთიანი გამწვანებული ზოლის განადგურება, რომელიც შემოდიოდა დასავლეთიდან თბილისამდე, მას შემდეგ ასეთი მიდგომა გრძელდება. თბილისი არის გამწვანებული ტერიტორიების მტრების ქალაქი. ვისაც როგორ შეძლო, მწვანე ნარგავების გაჩანაგებაში ყველამ მიიღო მონაწილეობა“,-აღნიშნა რუსუდან სიდამონიძემ და მდინარე მტკვარზე უკანონო ნაგებობების დემონტაჟის ფაქტსაც გამოეხმაურა.
იგი დაინტერესდა, რას ნიშნავს კანონიერი და უკანონო ნაგებობები, ან ვინ დაარქვა ამ ნაგებობებს ასეთი ეპითეტები? ნუთუ კანონიერი იყო საბურთალოზე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე წამოწყებული მშენებლობა? უამრავი სხვა უკანონობა, რაც ჩვენს დედაქალაქში ხდებოდა? უბრალოდ, „ნაციონალების“ დროს რასაც დააკანონებდნენ, ყველა უკანონობას კანონიერს ეძახდნენ.
„შესაძლოა, მტკვრის ნაპირები გაყიდულია, მაგრამ კიდევ იქნება დარჩენილი ჭალები, რომელთა სარეკრეაციოდ გამოყენება შეიძლება. გააჩნია, რა პირობებია ჩადებული გაყიდვის დოკუმენტში. თუკი მტკვრის მიმდებარე ტერიტორიებს დაუბრუნებენ დედაქალაქს, ეს ძალიან კარგი იქნება, ამ ადგილებს მიეცემა თავისი დანიშნულება, როგორც სარეკრეაციო ტერიტორიას. ამის საუკეთესო მაგალითი მიუნხენია, რომელიც მდინარეზეა გაშენებული და მიუნხენის მდინარე რეკრეაციული ფუნქციითაა დატვირთული“.