„არ მივცემ უფლებას პარტიულ ტელევიზიას, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“

„არ მივცემ უფლებას პარტიულ ტელევიზიას, ხალხი შეცდომაში შეიყვანოს“

თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართავს ავრცელებს. მისი თქმით, ის არ მისცემს საშუალებას, პარტიულ ტელევიზიას, რომ მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან დადგმული ნაძვის ხის განათებასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური განცხადებები ვრცელდებოდა.

თბილისის მერმა ნაძვის ხის განათებასთან დაკავშრებით გამოთქმულ ბრალდბებს, რომ ნაძვის ხე საარჩევნო სლოგანით და ქართული ოცნების ფერებშია განათებული, ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ ცდილობს, სისულეები მოიგონოს ახალ წელთან დაკავშირებით.

როგორც კალაძე აცხადებს, მოსახლეობა „პარტიულმა ტელევიზიამ“ შეცდომაში შეიყვანა, როდესაც ქვეყნის მთავარ ნაძვის ხედ სწორედ თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხე მოიხსენია.

კალაძის განცხადებით, მთავარი ნაძვის ხე სწორედ პარლამენტის წინ მონტაჟდება. რაც შეეხება საკრებულოსთან დამონტაჟებულ ნაძვის ხის სლოგანს, როგორც კალაძე აცხადებს, სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ სლოგანი არ არის, მისი გულწრფელი სურვილი და მიზანია, რომ დედაქალაქი სიცოცხლით, სითბოთი და სიყვარულით აივსოს.

„ჩვენი ქალაქი რომ გახდეს სიცოცხლით სავსე, მგონი ამის წინააღმდეგი ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იქნება“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანი - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ - თავისუფლების მოედნის საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციის ნაწილი გახდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაძვის ხე ლურჯი ფერით განათდა და მერის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ზოგს ძალიან მოსწონს დეკორაციაც და ნაძვის ხეც, ზოგი კი მას „ოცნების ფერს“ უწოდებს და ახალ მერს არჩევანს უწუნებს. თუმცა ნაძვის ხე, რომელიც კალაძის ვიოდეომიმართვაში ჩანდა, თეთრი და ცისფერი ფერებით იყო განათებული, ამასთან კალაძემ განმარტა, რომ მთავარი ნაძვის ხე დამონტაჟდა პარლამენტის წინ და საახალწლო განათება ოფიციალურად 15 დეკემბრისთვის ჩაირთვება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მერიის გადაწყვეტილება მიუღებელია. ამბობენ, რომ ჯერ თბილისი სიცოცხლით სავსე არ არის და ამასთან, ახალი წლის სიმბოლო პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.

ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას მოქალაქეების დაცინვად აღიქვამს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა აბუჩად იგდებს თბილისელებს.

„მათ ფანტაზიას როგორც ჩანს, ზღვარი არ აქვს და ახლა გადაწყვიტეს, პოლიტიკური სლოგანები მიაწერონ საახალწლო ნაძვის ხეს. მე შემიძლია ვურჩიო თბილისის მერიას და კიდევ ერთი ახალი სლოგანის იდეა მივცე. სადმე ზემოდან დააწერონ კიდევ ბიძინა ივანიშვილის ძველი სლოგანი, რომ მეოთხე წელიწადი იქნება გასაოცარი. ამით რომ იგრძნოს ხალხმა, რომ მართლაც გასაოცარ ქვეყანაში ცხოვრობს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერიას აკრიტიკებს „ევროპული საქართველოც“. პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა, კახა კალაძეს არ ესმოდეს, რომ ის არის ქალაქის მერი და არა მხოლოდ მომხრეების და „ქართული ოცნების“ მერი.

„ეს პარტიული წარწერა, ლოგო, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, რომ შეურაცხყოფას აყენებს, საბოლოო ჯამში ავნებს მასაც, როგორც ქალაქის მერს და ასევე მთიანად პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.