ბაქო-თბილისი-ყარსი ქართველებისთვის „ძალიან გაძვირდა“

ბაქო-თბილისი-ყარსი ქართველებისთვის „ძალიან გაძვირდა“

[ეკა ბაქრაძე]

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მთავრობამ მორიგი კრედიტი მოიგდო ხელთ და სიხარულს ვერ მალავს. არადა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთი უკვე ძალიან ძვირი ჯდება. ამ მიზნით აღებული კრედიტი უკვე 800 მლნ დოლარამდე აღწევს. ამ „საშიში თანხის“ შემხედვარე, ისმის კითხვა - როდისღა უნდა გახდეს პროექტი სარგებლიანი?

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში, საქართველოსთვის დამატებით 575 მლნ აშშ დოლარის კრედიტის გამოყოფის ხელშეკრულება 1-ელ ივლისს გაფორმდება. თანხა კომპანია „მარაბდა-კარწახს“ ეტაპობრივად გადაერიცხება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ფარგლებში აზერბაიჯანმა საქართველოს უკვე გამოუყო 200 მლნ აშშ დოლარი. დამატებითი ფინანსური სახსრები საჭირო გახდა თბილისი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის. თანხა წლიურ 5%-ად 25 წლის ვადით გამოიყო. თანხის გამოყოფაზე მხარეები 19 მაისს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. 

აქედან გამომდინარე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საქართველოს მონაკვეთს 775 მილიონი დოლარი დაჭირდა და შეიძლება ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს. აღნიშნული თანხა მთლიანად კრედიტია და საქართველომ ადრე თუ გვიან უნდა დაფაროს.

საქართველოს მთელ ტეროტორიაზე ამ რკინიგზის 208-კილომეტრიანი მონაკვეთი გაივლის. გამოდის, რომ თითეული კილომეტრის მშენებლობასა თუ რეაბილიტაცია-რეკონტსრუქციას 3,72 მლგ დოლარი ხმარდება. ეს საკმაოდ დიდი თანხაა თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 30 კმ-ის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა ხდება. დანარჩენი 178 კმ-ზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ისედაც არსებობს და ის, უბრალოდ, რეკოსნტრუქციას საჭიროებს.

ესეც არ იყოს, 800 მილიონამდე კრედიტი საკმაოდ ბევრია და თუ იმასაც გავითვალისწნებთ, რომ ამ შეღავათიან სესხს წლიურად 5%-იც ემატება, მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხის გასტუმრება მოგვიწევს. საინტერესოა, როდისღა უნდა მიიღოს სარგებელი საქართველომ თუკი მას წლების (შეიძლება ათწლეულების) განმავლობაში მნიშვნელოვანი თანხა ექნება დასაფარი კრედიტის სახით?

როგორც ჩანს, მთავრობას ეს საკითხი ამ ეტაპზე არ აღელვებს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. იგი საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს თურქეთთან, რითიც გაიხსნება გასასვლელი ევროპისა და ხმელთაშუა ზღვისაკენ უფრო იაფი და მოკლე სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით. 

ახალი სარკინიგზო ხაზი თავისთავად გაზრდის საქართველოს რკინიგზის, როგორც ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას. პროექტი თავისთავად ითვალისწინებს სამგზავრო მატარებლების მოძრაობას და სამგზავრო გადაყვანებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობის გაზრდისათვის“, - აცხადებენ მთავრობაში.

არადა, ჯერჯერობით დათვლილი არ არის, რა სარგებელს მიიღებს საქართველო აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთების გადაზიდვის შედეგად. ამ კუთხით ზოგადი მონაცემებიც კი არ არსებობს.