ქართველ საოპერო ბანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ქართველ საოპერო ბანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზეა აღძრული, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 13 დეკემბერს მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. საქმე ეხება ფონდის მიერ უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თანხის მითვისება-გაფლანგვას.

ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება ა-ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადებაში, რომლითაც ორგანიზაციამ პროკურატურას მიმართა, მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

მთავარმა პროკურატურამ უკვე დაკითხა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენელი. ახლა კი, ბურჭულაძის ეტაპი დადგა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საოპერო ბანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და დაკითხვას მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს. ბურჭულაძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ბურჭულაძე 13 დეკემბრის ნაცვლად მზადაა გამოკითხვაზე დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში გამოცხადდეს.

„პაატა ბურჭულაძე ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. ვესაუბრე მას ტელეფონით. იგი მზად არის გადადოს თავისი ყველა კონცერტი და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩამოვიდეს საქართველოში, ოღონდ ეს მოხდება ან დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. პაატა ბურჭულაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ მას სურს გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, რის უფლებასაც კანონი აძლევს. მე მქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და იგი ამის თაობაზე ინფორმირებულია“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატი აცხადებს, რომ ფონდ „იავნანას“ საქმიანობაში არანაირი დანაშაული და დარღვევა არ არსებობს.

„იგი მზად არის მთელი თავისი შესაძლებლობით ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე ჩემი პრაქტიკის განმავლობაში არასდროს მინახავს, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც საკითხთან არანაირი შეხება არ აქვს, განცხადება შეეტანოს საგამოძიებო ორგანოში ტელევიზიაში ნანახი სიუჟეტის საფუძველზე. ეს უკვე საეჭვო ფაქტია“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ფონდ „იავნანას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ახალაია აცხადებს, რომ ფონდს დაარსებიდან 2018 წლის 28 იანვარს 14 წელი შესრულდება. ამ წლების მანძილზე ფონდის საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. მისი თქმით, ფონდის საქმიანობაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

„ანგარიში ბარდებოდა ყველა შესაბამის ორგანოს, სახელმწიფოს მხრივ ფონდის საქმიანობის გარშემო არასოდეს არსებობდა რაიმე ტიპის სადავო თემა ან თუნდაც შეკითხვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გადავეცით მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი და ობიექტური პროცესი ნათელს გახდის ყველაფერს და უპირველესად, იმ უტყუარ ფაქტს, რომ ფონდი „იავნანა“ ყოველთვის კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის საქმეს“, - აცხადებს გურამ ახალაია.