„ჩვენს სახელმწიფოს ასათვისებელი აქვს სწავლება - როგორ ვაქციოთ ადამიანი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტად“

„ჩვენს სახელმწიფოს ასათვისებელი აქვს სწავლება - როგორ ვაქციოთ ადამიანი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტად“

თბილისის 51-ე და წყალტუბოს სკოლებში მომხდარი ფაქტები პირველი არ არის, საიდანაც მეტ-ნაკლებად ჩანს სოციუმის განწყობა. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ამას განაპირობებს ერთი კონკრეტული მიზეზი, მაგალითად, მძიმე სოციალური ფონი, რადგან მეტ-ნაკლებად, განვითარებულ ქვეყნებშიც არის მსგავსი შემთხვევები. ჩვენს შემთხვევაში რა შეიძლება იყოს დომინანტი, რაშიც უნდა ვეძებოთ ასეთი სისასტიკის მიზეზი - ეს შეიძლება იყოს ქვეცნობიერში ჩადებული თვითდამკვიდრების ინსტიქტი, ოჯახის ანარეკლი, დაუსჯელობის სინდრომი თუ სხვა - პრობლემაზე, რომელიც დღეს მთელი საქართველოს სამსჯელოა, კულტუროლოგი, ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი გვესაუბრება.

ლელა იაკობიშვილი-ფირალიშვილი: იცით, როცა ასეთ თემებზე ვფიქრობ, ვიცი, რომ რაც არ უნდა თქვა, მხოლოდ ერთი სავარაუდო აღწერაა მოცემული სინამდვილის და ისიც ისეთი, რომ შესაძლოა, სულ არაფერ შუაში არ იყოს მომხდართან. როგორც წესი, ტრაგედია იმიტომაა ტრაგედია, რომ ის შესაძლოა, სულაც არ იყოს ლოგიკური და გარდაუვალი შედეგი გარემოებების თუ მიმდინარე პროცესის და გვეძლეოდეს როგორც ბედისწერის გარდუვალობა.

ახლა უკვე ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან ფსიქოლოგიურად და, ალბათ, ბედისწერითაც ყველა ის, ვინც ამ უმძიმეს ამბავთანაა კავშირში, რომ ვერც კი მიხვდებიან და დაუშვებენ იმას, რა მორალური სიცხადის წინაშე აღმოვჩნდით ჩვენ, ყველანი, ვისაც ფორმალურად არანაირი კავშირი მომხდართან არ აქვს.

ალბათ, აუცილებელია ჩვენთვის მაინც აღვწეროთ გარემოებათა ის ნაკრები, რომელიც რამდენადმე ხილულია. დიახ, სრულიად გეთანხმებით, ასეთი რამ ისეთ ქვეყნებშიც ხდება, სადაც სოციალურ ფონს, სიღარიბის მაჩვენებელს და სხვა სოციალური ფაქტორებს ჩვენი ქვეყნის იგივე ნიშნულებთან სიახლოვეც კი არ აქვთ. ასეთ ქვეყნებში ის მოტივები, რომელზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, წესით, არ უნდა მუშაობდნენ.

რა თქმა უნდა, ყველა ის ფაქტორი, რომელზედაც თქვენ მიუთითებთ, გასათვალისწინებელია და მართლა შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთ, მაგრამ არა გადამწყვეტ მოტივად აგრესიის მოჭარბებისა ქართულ საზოგადოებაში, თუმცა აგრესია და აგრესიულობა არც ახლა და აქ დაბადებულა და, ალბათ, არც გაქრება.

უმნიშვნელოვანესი გახლავთ სხვა რამ - რამდენად ვართ მზად ვმართოთ ეს აგრესია და დანაშაულებრივ საზოგადოებამდე, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ საზოგადოებამდე არ მივიდეთ, საკუთარი, ყოვლად მდარე აგრესიით მართული არ აღმოჩნდეს საზოგადოების უმრავლესობა. ეს გახლავთ ჩვენთვის პრობლემა. ეს არის ის, რა ღირებულებით საზრისებს ვეყრდნობით ჩვენ და როგორ აითვისებენ და გაითავისებენ ამას შემდგომი თაობები, როგორ შეძლებენ სასაზღვრო სიტუაციებში მოერიონ თავისსავე უკეთურ ორეულს. ამ ყველაფერს მხოლოდ ბიზნესის, მენეჯმენტის და იურისპუდენციის სწავლა რომ არ ეყოფა, ყველას კარგად მოგვეხსენება. არც ზნეობის თეორიული გაკვეთილები - მაგალითისთვის, „მე და საზოგადოება“ შეცვლის რაიმეს.

ჩვენს ქვეყანაში მადლიანი ზნეობრივი პრეცენდენტების სიმწირეა. მთელი საზოგადოება დიდაქტიკოსებად ვართ ქცეული და ერთმანეთს ჭკუას ვარიგებთ, იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც თვალი გავუსწოროთ ჩვენსავე ორეულს და ვაღიაროთ - რა შეგვეძლო და რა გავაკეთეთ, რა უნარები გვებოძა ღვთისგან და როგორ უწესოდ გავხარჯეთ.

აღარ არის საუბარი იმაზე, შეგვიძლია თუ არა სასაზღვრო სიტუაციაში ადამიანური სახე შევინარჩუნოთ. აი, ასეთი ტიპის მედიტაციებში უნდა ვიყოთ დღენიადაგ, რომ ადამიანის გზას არ გადავუხვიოთ, შემთხვევამ თუ ბედისწერის გამოწვევამ ადამიანის სახე არ დაგვიკარგოს. აი, ამას ჭირდება ყოველწამიერი ძალისხმევა ოჯახიდან და საბავშვო ბაღიდან დაწყებული. ეს შრომაა ყველაზე რთული და, ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერიც, რამდენადაც მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობაა ყველაზე პროდუქტიული - გარემოს ასუფთავებ და ცვლი კიდევაც იმით, რომ საკუთარ თავს ცვლი.

ამის პრაქტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობდა და არ არსებობს არც ჩვენს თაობაში, არც ახალში. ეკლესიიდან და საგანმანათლებლო სისტემიდან დაწყებული, დირექტიულად ვამბობთ - „უნდა“, ოღონდ „როგორ უნდა“, არც ჩვენ ვიცით და სხვას როგორ ვასწავლით....

მოგეხსენებათ, სკოლებში მუშაობენ ფსიქოლოგები და ამას უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა - შესაძლებელია თუ არა ძალადობისა და სისატიკისკენ მიდრეკილი მოზარდების გამოვლენა, მათთან მუშაობა, ოჯახის ჩართვა ამ პროცესში და .. - რა როლი ეკისრება სკოლას?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სკოლა, ისევე როგორც ოჯახი, შენი საარსებო გარემოა, შენი სასიცოცხლო სივრცეა. ის ჩვენი ძალისხმევის ნაყოფი და პროდუქტია. პედაგოგი, ფსიქოლოგი, მანდატური, მოსწავლეები გვიქმნიან ცოცხალ ველს, სადაც სრულიად აშკარაა, თითოეული მათგანი რა ღერძული ღირებულებების გარშემო ტრიალებს. აქვე ვიტყვი, რომ სკოლის საგნობრივი გარემო, მთელი ინფრასტრუქტურა, რაც სკოლის შენობის და მის გარეთაა, ტრანსპორტი, რომელსაც სკოლამდე მივყავართ, ადამიანები, ქუჩაში რომ გვხვდებიან, რომელ ერთი ჩამოვთვალო, - ყველაფერი ეს ასტრუქტურირებს ჩვენშიც და ჩვენს გარეთაც არა მხოლოდ ჩვენს სურვილებს, არამედ ძირითად მისწრაფებებსაც.

რატომ ვერ მოერია ვერც ერთი მინისტრის ვერც ერთი რეფორმა სკოლას?! ალბათ, ყველა კეთილი განზრახვით იწყებდა რაღაცას, ოღონდ ამ რაღაცას პრეტენზიულ სახელს - რეფორმებს არქმევდა. ანუ, აპრიორად მიიჩნევდა იმას, რომ მის რეფორმამდე ყველაფერი ცუდად იყო და ახალი კამპრაჩიკოსების გამოყვანას იწყებდა საკუთარი სასურველი თუ სავარაუდო მოდელით, ან იმ მოდელით, რომლის ალგორითმი უკვე არსებობს რომელიღაც სრულიად განსხვავებულ სოციო-კულტურულ გარემოში.

უნდა მოგახსენოთ, რომ დიახაც, კონკრეტული მოდელები წარმატებით მუშაობს კონკრეტულ სოციო-კულტურულ გარემოში, სადაც ის დაიბადა და ამიტომ კონკრეტული ფსიქოტიპისა და შემოქმედებითი უნარების მქონე ადამიანებზეა მორგებული, სადაც იკვლიეს, რამ და რა ტექნოლოგიით შეიქმნა იმ კონკრეტულ საზოგადოებასა და გარემოში კონკრეტული თაობის ღირებულებითი რელიეფი.

სამწუხაროდ, ჩვენ მოდელების მექანიკური გადაღების დიდოსტატები გავხდით. მერე რა, რომ ერთის ხელში არ იმუშავა, მეორის, მესამის. ვფიქრობთ, რომ აი, შეიცვლება მენეჯმენტი და ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

ვერა, თავისთავად ვერ დალაგდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ველოსიპედი შექმნილია, მისი მეორედ გამოგონება საჭირო არ არის, მაგრამ ამ ველოსიპედით გაცილებით მეტი შრომა შეიძლება დამჭირდეს იმისთვის, რომ მთაზე ავიდე, ან კლდის ბილიკს დავადგე აღმართში, ვიდრე მაგალითისათვის, ფეხით რომ გამეკეთებინა იგივე. ამას ვგულისხმობ, როცა სოციო-კულტურულ და ღირებულებით რელიეფს ვახსენებ.

როგორც ჩანს, ამის შესახებ ფიქრი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის საიმისოდ, რომ გავარკვიოთ, როგორი და რა ტიპის კავშირი უნდა იყოს ოჯახსა და სკოლას, უფროს და უმცროს თაობას შორის.

როგორ უნდა ემსახურებოდეს თუ ეშველებოდეს მედია სკოლაშიც და სკოლის გარედაც შრომის უნარების გაღრმავებასა და შრომის კულტურის დამკვიდრებას, როგორც სასწავლო პროცესისას, ასევე ყოფაში. რა ადგილი უკავია აქ შემეცნებით პროცესს, სპორტს, თამაშს და ა. შ.

მხოლოდ ამ მუშაობის შემდეგ ექნება აზრი ფსიქოლოგის ინდივიდუალურ შრომას. მაშინ ფსიქოლოგიც იოლად წაიკითხავს ერთიან დინამიურ სისტემაში დინების საწინააღმდეგოდ მოძრავი ბავშვების ფსიქოლოგიას და მუშაობაც არ გაუჭირდება, რამდენადაც, შესაძლოა, სწორედ ასეთი ენერგიის მქონე ბავშვებზე დახარჯულმა ძალისხმევამ სისასტიკის მიდრეკილებისაგან გათავისუფლოს თაობა, რომელიც თავად აღარ იქნება ძალადობის სივრცის ბინადარი, გარემოებების მსხვერპლი.

ბოლო პერიოდში მედიაში ხშირად შუქდება ოჯახში ძალადობის ფაქტები - ძირითადად, ფიზიკურად ძლიერი, ანუ მამაკაცი სასტიკად უსწორდება სუსტს. სპეციალისტები როგორც ამბობენ, მსგავსი ფაქტები კი არ გახშირდა, არამედ, შესაბამისი სტრუქტურები ამ ინფორმაციას აღარ მალავენ. ცხადია, ოჯახის ფსიქოლოგს არ, ვერ ან იშვიათად მიმართავენ სოციალური ფონის გათვალისწინებით. თუმცა ჩვენს კულტურაში იყო ქალის, დედის პასტივისცემა - ფასეულობები შეიცვალა?

- მე ვფიქრობ, რომ ძალადობრივი გარემო მთელს ჩვენს კულტურას ფარავს. ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ გახლავთ. ჩვენთან ეს მძაფრად იკითხება, რამდენადაც პატარა სივრცეში უკეთ და მკვეთრად ვხედავთ ერთმანეთს და ყველაფერს.

მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მამაკაცები გვყავს მოძალადეები. ძალზე ხშირად, ოჯახში ფსიქოლოგიური მოძალადეები ქალები არიან. ვინც რა იარაღს ფლობს, იმით ძალადობს (არ ვგულისხმობ გამონაკლისებს, რომელიც კრიმინალამდე მიდის).

ჩვენ, ყველანი ერთი განწყობის ქვეშ ვართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამყაროა ჩვენზე მოძალადე და ვისაც როგორ შეუძლია, ისე გამოხატავს რეაქციას.

აქ მხოლოდ ოჯახის თითოეული წევრი კი არა, მთელი ეთნო-კულტურული, თუ სოციო-კულტურული სხეულია შფოთში.

ქალის მიმართ ძალადობა ჩვენს კულტურაში ტენდენცია კი არა, ძალადობის ფორმების კერძო შემთხვევაა. ბავშვი, მოხუცებული ასევე შესაძლოა იქცეს ძალადობის მსხვერპლად.

უმძიმეს ფაქტებს შეგახსენებთ, დედამ შეშის ნაპობით შვილი რომ სასიკვდილოდ გაიმეტა. დედამ ნაგვის ურნაში რომ დატოვა ბავშვი და პოლიციელებმა მიაგნეს. დედები და ხშირად მამებიც შვილს რომ ურტყამენ და უყვირიან, რომლის შესახებაც ბავშვთა ფსიქოლოგები თუ შეგვახსენებენ ხოლმე ხანდისხან.

ჩვენ დიდი და მძიმე გამოწვევის წინაშე ვიდექით, რამდენიმე ომი წავაგეთ რუსეთთან, გამოვიარეთ სამოქალაქო ომი და რევოლუცია, პოლიტიკური ბატალიები და ღირებულებათა გადაფასების წინაშე აღმოვჩნდით. ახლა მხოლოდ აქ გვაქვს ძირითადი სამუშაო ერსაც და ბერსაც, რომ ჩვენს მადლიან შესაძლებლობებზე ჩვენითვე გადავიტანოთ აქცენტი.

ცალკეული ფსიქოლოგი ვერაფერს გახდება. ელიტები უნდა დაეხმარონ ადამიანებს - სასულიერო, ინტელექტუალური, ბიზნეს, პოლიტიკური, თუ რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთები შეგვრჩა, მათ კი ელიტებს, შერჩათ პასუხისმგებლობის გრძნობა იმ გარემოზე, რომელსაც თავად ასტრუქტურირებენ.

აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს, რა ბერკეტებია მის ხელში?

- მის ხელში ყველა არა, მაგრამ ძალზე ბევრი ბერკეტია. ინსტიტუციონალურ და ფინანსურ რესურსს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ ჭირდება - იმის გააზრება, რომ სახელმწიფო ადამიანისთვის შექმნილი ინსტიტუციაა იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივმა კოლექტიურმა ნებამ ადამიანი დაიცვას ყოველთვის - ბავშვობაშიც, მოზარდობაშიც, სიმწიფესა და მოხუცებულობაშიც. ჩვენს სახელმწიფოს ასათვისებელი აქვს სწავლება - როგორ ვაქციოთ ადამიანი და მასზე ზრუნვა პრიორიტეტად. დამოუკიდებლად ის ამას ვერ ისწავლის. ჩვენი აგებულია ის სახელმწიფო, რომელიც გვაქვს.