„მარგინალები საინტერესო არ არიან“, - ასეთია თბილისის მერის, კახა კალაძეს პასუხი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიერ პროკურატურაში საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით. კალაძის წინააღმდეგ პირველი სარჩელი უკვე პროკურატურაშია. ხაბეიშვილი პროკურატურისგან თბილისში საახალწლო განათებებთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებას ითხოვს, რადგან მერიის მიერ იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს.
თბილისის მერის განცხადებით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. როგორც კალაძე აცხადებს, იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა. კალაძე ამბობს, რომ მას აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.
„უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათა შორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა გამოძიოს, რატომ მოხდა ტენდერის გარეშე 3 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმება განათებაზე მაშინ, როდესაც საახალწლო განათებები აღნიშნული თანხის მესამედი ჯდებოდა ხოლმე. ასევე, დეპუტატი პროკურატურისგან იმის გარკვევასაც ითხოვს, როგორ მოხდა იტალიური კომპანიის შერჩევა, რომლის ფინანსური აქტივები მილანშია.
„როგორ და რა ნიშნით მოხდა მილიონობით კომპანიას შორის სწორედ აღნიშნული კომპანიის შერჩევა? ვინ დაეკონტაქტა პირველი ამ კომპანიას? ყველამ კარგად ვიცით, კახა კალაძეს კონტაქტები იტალიასა და მილანში, შესაბამისად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო კახა კალაძე ჩართული ამ კომპანიის მოძიებაში და ხომ არ აქვს მას პირადი ინტერესები“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საგამოძიებო უწყებას ლევან ხაბეიშვილი პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულების და შესაძლო კორუფციის ფაქტის შესწავლას სთხოვს, თუმცა აქვე ამბობს, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია ამ საქმეს გამოიძიებს თუ არა პროკურატურა, რადგან წინასწარ იცის, რომ ამ საქმეს თაროზე შემოდებენ.
„მოვა ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად გადახედავს ყველა იმ საქმეს, რომელზეც მასალები გვაქვს შემოტანილი და აუცილებლად ვისაც წაუცდა ბიუჯეტზე ხელი, ყველა ბიუჯეტის წურბელა კანონის სიმკაცრით აგებს პასუხს. კახი კალაძის განცხადებას, რომ მან ფაქტობრივად გადააბრალა დავით ნარმანიას და თქვა, რომ თურმე ნარმანიამ მოიძია მილანური კომპანია. უხერხულია, კახა კალაძე პირად კონტაქტებს აბრალებდეს ნარმანიას, მაშინ, როდესაც შესაძლოა, საერთოდ რუკაზე ვერ იპოვოს მილანი დავით ნარმანიამ. ამიტომ, გამოძიებამ გასცეს პასუხი, როგორ მოხდა ამ კომპანიის შერჩევა, როგორ დაემთხვა, რომ ეს კომპანია არის მილანური და როგორ ხდება, რომ სამჯერ მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ოდესმე დახარჯულა“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, იტალიური კომპანია, რომელიც თბილისში საახალწლო განათებებზე მუშაობს, დავით ნარმანიას მერობის დროს შეირჩა და აღნიშნულ პროცესთან დედაქალაქის ახალ მერ კახა კალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს.
მისი თქმით, წინა წლების განმავლობაში, როდესაც ტენდერი ცხადდებოდა, იგებდა იაფფასიანი და ჩინური კომპანიები. შესაბამისად, ვარაუდობს, რომ აქედან გამომდინარე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ პირდაპირი მიყიდვის გზით აქცენტი გაკეთებულიყო ხარისხზე და ამით დაზოგილიყო წინასაახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა.
„არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა. აქ არგუმენტი არის ის, რომ როდესაც ცხადდებოდა ტენდერი, ყოველთვის იგებდა იაფფასიანი და შედარებით ნაკლებხარისხიანი კომპანია. ძირითადად, ეს იყო ჩინური კომპანია და ბუნებრივია, რომ ეს პირდაპირ ბიუჯეტს ურტყამდა, იმიტომ, რომ ყოველწლიურად ხდებოდა ახალი საახალწლო განათებების შენაძენა. ამ სამი წლის მონაცემებით დაახლოებით 5 მილონ ლარზე მეტია დახარჯული.
პირველი მიმართულება გახლავთ ის, რომ ამ შენაძენით მოხდა ეკონომიის გაკეთება გრძელვადიან პერსპექტივაში და ასევე, მეორე მიმართულებაა ის, რომ ამ შენაძენით მოხდა ხარისხიანი ევროპული პროდუქტის და განათების შემოტანა. საბოლოო ჯამში ეს დადებით კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ დედაქალაქის ბიუჯეტთან მიმართებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ზარქუა.
რაც შეეხება კალაძის კავშირს იტალიურ კომპანიასთან, ზარქუა ამბობს, რომ საახალწლო განათებების შესყიდვა მოხდა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, სექტემბრის ბოლოს და ბუნებრივია, რომ კალაძე ამ პროცესში ჩართული ვერ იქნებოდა.
„როდესაც ნახეს ამ საერთაშორისო კომპანიას ერთ-ერთი ანგარიში მილანში აქვს გახსნილი, უნდათ კალაძესთან დაკავშირება. ამ კომპანიას ანგარიში აქვს როგორც მილანში, ასევე ავსტრალიაში და მოსკოვში. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქულების დაწერა. რამდენიც უნდა იმდენი სარჩელი შეიტანონ, ეს კარგია, რადგან საბოლოოდ თვითონაც დარწმუნდებიან რამდენად უსუსურები და არაკომპეტენტურები არიან. ამ უსაგნო პოპულიზმს არ აქვს განვითარება ჩვენს ქვეყანაში.
მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საახალწლო განათებებისთვის შესყიდვასა და მონტაჟზე დახარჯულ თანხებს თუ გადავხედავთ, ძალიან საინტერესო ციფრებია - 2009 წელს მხოლოდ ექსპლუატაციასა და შეძენაში 2,5 მლნ ლარი დაიხარჯა. 2010 წელს 2,655 მლნ ლარი დახარჯეს და შემდეგომ 1,947 მლნ ლარი და ასე გრძელდებოდა. ასე აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ფულს“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალურ მოძრაობას“ პოპულიზმში ადანაშაულებს ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, ამ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა, თუმცა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, პასუხისმგებელი არის თბილისის მერი, კახა კალაძე.
„შესაძლებელია, წინა მერმა დაიწყო მოლაპარაკებები საახალწლო განათებებთან დაკავშირებით, მაგრამ მას კანონი არ დაურღვევია. მერიას განსაკუთრებულ შემთხვევებში და მით უმეტეს, როცა ეს არის ერთჯერადი ღონისძიებები, აქვს უფლება, ერთ პირთან მოლაპარაკებით შესრულდეს სამუშაოები.
ვფიქრობ, აუდიტის სამსახურის მიერ უნდა ჩატარდეს მოკვლევა, რამდენად მიზანშეწონილი იყო ერთ პირთან მოლაპარაკებით ამის გაკეთება. იქნებ ჯობდა ტენდერის ჩატარება, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ კანონი არ დარღვეულა. უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშია პოლიტიკურად გაააქტიუროს ეს თემა.
უკვე ეტყობა, რომ კალაძე იქნება უფრო წარმატებული მერი, ვიდრე მისი წინამორბედი. ენერგიულობიდან გამომდინარეც და ასევე პოლიტიკური კუთხით, კალაძე გაცილებით წონადი ფიგურაა, მას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ნარმანიას ჰქონდა და ცდილობენ ქულები დააკარგინონ. ნაციონალები გამადიდებელი შუშით აკვირდებიან კალაძეს და თუ პატარა პრობლემა ნახეს, მაშინვე გაამწვავებენ. გასაგებია, რომ ეს არის ოპოზიციის როლი, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ პროკურატურაში საჩივრის შეტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.