„არც ერთი წუთით უმეთვალყურეოდ არ უნდა დარჩეს ბავშვი და სკოლაში დამრიგებლის ფუნქცია აღადგინონ“

„არც ერთი წუთით უმეთვალყურეოდ არ უნდა დარჩეს ბავშვი და სკოლაში დამრიგებლის ფუნქცია აღადგინონ“

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია, გადაიხედოს მანდატურის სამსახურის ეფექტურობა. მისი თქმით, შსს შეისწავლის ამ სამსახურის ეფექტურობას და იზრუნებს იმაზე, როგორ გააძლიერონ აღნიშნული სამსახური. ამის მიუხედავად, განათლების სფეროს სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის ერთ-ერთი რეალური საშუალება დამრიგებლის ფუნქციის აღდგენაა.

For.ge საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ექსპერტს განათლების საკითხებში, პროფესორ ზურაბ ვახანიას ესაუბრა.

განათლების ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ცივსისხლიან მკვლელებს ფსიქოლოგები და მანდატურები ვერ უშველიან. 51- სკოლაში მომხდარი ფაქტი შეიძლება ნაწილობრივ მანდატურის სამსახურის არაეფექტურობასაც დავუკავშიროთ?

- რას ნიშნავს ცალკეულ ექსპერტთა მოსაზრება, რომ ცივსისხლიან მკვლელებს ფსიქოლოგები და მანდატურები ვერ უშველიან? აქ მკვლელების გამოსწორებაზეა საუბარი, თუ ბავშვის უსაფრთხოებაზე? მკვლელის გამოსწორება სულაც არ არის მანდატურის საქმე. მანდატურის საქმეა, აღკვეთოს შესაძლო დანაშაული და დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება.

მანდატურის ფუნქციის გაძლიერებაში გამოსავალს ხედავთ?

- მანდატურს ევალება უსაფრთხოების დაცვა. შესაძლოა, მას ცალკეული უფლებები უფრო მეტად უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თავისუფლად უნდა შეეძლოს გაჩხრეკა. საზოგადოდ, რატომ არის აკრძალული მოსწავლის ჩხრეკა, მე არ ვიცი. რა გაფუჭდება იმით, რომ გაიჩხრიკოს და ნარკოტიკების შეტანა სკოლებში აიკრძალოს?

ნაციონალებითავს იწონებენ, რომ მათ დროს მანდატურის სამსახურს გაცილებით მეტი ფუნქცია ჰქონდა.

- „ნაციონალების“ მიერ ამტყდარი ეს დემაგოგია ტყუილს ეფუძნება. შაშკინის დროს სწორედ იმის გამო არ მოსწონდათ მანდატურის სამსახური სკოლებს, რომ მანდატური ბავშვებზე კი არ მუშაობდა, არამედ -მასწავლებლებზე. როდესაც მანდატური დამსმენია, მასწავლებლებზე აქტებს წერს და პირდაპირ სამინისტროში აგზავნის დირექტორის გვერდის ავლით, ეს არის მოსაწონი შაშკინის პერიოდში? მაშინდელი მანდატური ხომ ჩვეულებრივ სასჯელაღსრულებით სტრუქტურას წარმოადგენდა? ამის აღდგენა არანაირად არ შეუწყობს ხელს ბავშვების უსაფრთხოებას.

რაც შეეხება სკოლებში გამოვლენილ აგრესიას, ზოგადად, აგრესიულობა დიდი მოვლენაა და ამის ერთი მიზეზი არ არსებობს. ამას მთელი კომპლექსური მიზეზები აქვს და ერთი რაღაცის გამოსწორება შედეგს ვერ მოიტანს. ერთდროულად, 5-6 ფაქტორი უნდა გამოსწორდეს.

ბევრი რამ დამოკიდებულია ოჯახზე, გარშემო მყოფ ადამიანებზე, მაგრამ კონკრეტულად რა არის დამოკიდებული სკოლაზე?

- ოჯახი, საზოგადოება, ყოველდღიურად ინტერნეტში ნანახი, ბავშვზე ძლიერად მოქმედებს, მაგრამ სკოლაზე ეს არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება სკოლას, აქ უმთავრესია, რომ სკოლაში უნდა იყოს კლასის ნამდვილი დამრიგებელი. დღეს დამრიგებელი ფორმალურია, მას ჟურნალებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება ევალება. სხვას ვერაფერს აკეთებს, რადგან დამრიგებელს დროც არ აქვს. როცა მასწავლებელს პირობითად 24-საათიანი დატვირთვა აქვს სკოლაში, რომელ დამრიგებლობაზეა საუბარი. დამრიგებლობა კი არა, გაკვეთილს ვერ ჩაატარებს ხარისხიანად. იმისთვის, რომ დამრიგებელმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, საჭიროა, მას მხოლოდ თავის და სხვა კლასებში ძალიან მცირე დატვირთვა ჰქონდეს. საუბარია კვირაში რამდენიმესაათიან დატვირთვაზე, მეტი არ შეიძლება. დამრიგებელი ძირითადად საკუთარ კლასში უნდა იყოს. წინათაც იყო დაპირისპირება სკოლებში, მაგრამ ასეთი მასშტაბის და აგრესიის არ ყოფილა. რაც დრო გადის, აგრესია აუცილებლად მოიმატებს. ამას თავისი მიზეზები აქვს და ცალკე საუბრის თემაა. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიც საჭიროა სკოლაში, მაგრამ რამდენი ფსიქოლოგი უნდა ჰყავდეს ერთ სკოლას, რომ 1200 ბავშვს სდიოს? ამიტომ პირველი და უმთავრესია დამრიგებელი, რომელიც ბავშვებთან აღმზრდელობით პროგრამას განახორციელებს. ყველაზე მთავარია, არც ერთი წუთით უმეთვალყურეოდ არ დარჩეს ბავშვი. სანამ ეს არ იქნება დაცული, მანამ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ამაოა.

გამოსავალი ბავშვების სამოქალაქო განათლებით აღზრდაშიც ხომ არ არის, რათა ამით შემცირდეს აგრესიულობა?

- ესეც შედეგის მომტანი არ იქნება. რაც უფრო მეტს უჩიჩინებ, შეიძლება, უფრო მეტი უკუქმედება მიიღო. მთავარია, ბავშვი არც ერთი წუთით უმეთვალყურეოდ არ დატოვონ, სკოლაში ყოფნის პერიოდში გაწერილი იყოს, ვინ აგებს პასუხს მოსწავლის საქციელზე.

ალბათ, საჭიროა სკოლებში სპეციალური წრეების აღდგენა, რათა ბავშვებს თავისუფალი დრო ნაკლებად დარჩეთ.

- წრეებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრესიულობის შესამცირებლად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გადატვირთული სასწავლო პროგრამები, რაც ბავშვს სწავლაზე გულს უცრუებს. იმასაც ვერ ახერხებენ, რაში გამოიყენონ დაფინანსება. ვთქვათ, განათლების სისტემას დაფინანსება მოემატა, პირველ რიგში, რაში უნდა დაიხარჯოს? ესეც არასწორადაა განსაზღვრული. მასწავლებლებს ხელფასები თანაბრად მოუმატეს, მაგრამ ესეც არაფრის მომცემი არ არის, ამით არ გაუმჯობესებულა სკოლაში ვითარება. პირველ რიგში, უნდა მოხდეს დამრიგებელთა გამოთავისუფლება, რასაც ფული სჭირდება. დამრიგებელს რომ არ ჩაატარებინებ გაკვეთილს, მას ხომ ხელფასი დასჭირდება? ამას დამატებითი დაფინანსება უნდა. ამასთან, წრეები უფასო უნდა იყოს. წრეები ყველა სკოლაში აქტიურად უნდა ამუშავდეს, რასაც, ასევე, დაფინანსება სჭირდება. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უნდა შემცირდეს. როცა ბევრი ბავშვია, უმართავია სიტუაცია. საბჭოთა კავშირში კიდევ შეიძლებოდა, 40 ბავშვი ყოფილიყო კლასში, რადგან მაშინ გასუსული უნდა მჯდარიყო მოსწავლე. დღეს კი შეუძლებელია ავტორიტარული, ყაზარმული დისციპლინა სკოლებში. ასეთ პირობებში 30 ბავშვი უმართავია, მასწავლებელიც ცოდოა და ბავშვიც ვერ სწავლობს.