ბოლო ექვს წელიწადში სელექციური მიზნით დაახლოებით 32 ათასი აბორტი გაკეთდა

ბოლო ექვს წელიწადში სელექციური მიზნით დაახლოებით 32 ათასი აბორტი გაკეთდა

დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში გაუარესდა იმ მხრივ, რომ ბოლო ექვს წელიწადში სელექციური მიზნით დაახლოებით 32 ათასი აბორტი გაკეთდა.

შესაბამისად, თუ საქართველოში 1980-დან 1990 წლამდე 445 ათასი გოგონა იბადებოდა, შემდგომ ათ წელიწადში 236 ათასი გოგო დაიბადა.

ჩვენ არ ვართ შუა საუკუნეებში და, თუ რატომ ანიჭებენ ვაჟებს კვლავაც უპირატესობას 21-ე საუკუნეში, ამის ახსნა დემოგრაფებს უჭირთ. თუმცა დემოგრაფი ანზორ სახვაძე For.ge-სთან საუბარში ისტორიულ ფესვებს იხსენებს. მისი თქმით, შემორჩენილია ცნობა, რომლის თანახმადაც, ინდურ რელიგიაში ვაჟების უპირატესობა იმით იყო ახსნილი, თითქოსდა, ყოველი დაბადებული ვაჟი გამოისყიდდა წინაპრის შვიდი თაობის ცოდვებს. ეს იყო არგუმენტი, რატომაც ანიჭებდნენ ვაჟებს უპირატესობას ინდოეთში.

ანზორ სახვაძის თქმით, ინდოეთის უძველესი კულტურიდან შემორჩენილი ეს ტრადიცია, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური დამოკიდებულების საფუძველი გახდა უკვე შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი ქვეყნის იურიდიულ დოკუმენტში აისახა კიდეც, რომ მემკვიდრეობა ბიჭებს უფრო ეძლეოდათ, ვიდრე გოგონებს. ზოგჯერ გოგონები სრულად იგნორირებულნი იყვნენ მემკვიდრეობისგან.

სპეციალისტის განმარტებით, სქესთა შერჩევისას საბრძოლო მიზნები ყოველთვის არსებობდა. ვაჟი ძლიერებასთან ასოცირდებოდა, ის ოჯახის მარჩენალი, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი იყო. ამ მოტივით ვაჟს უპირატესობა ენიჭებოდა, რადგან მაშინ უსაფრთხოება უმთავრესი იყო, არ არსებობდა თავდაცვის გარანტიები ძლიერი მეზობლებისგან. დღესაც უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონკრეტულად რამ განაპირობა დღეს ვაჟის დაბადებისთვის უპირატესობის მინიჭება, ეს ძნელი ასახსნელია.

„სელექციური მიზნით 32 ათასი აბორტი გაკეთდა, თუ უფრო მეტი ან ნაკლები, ამას მტკიცება სჭირდება. ეს შეიძლება არაპირდაპირი მეთოდით იქნას ათვლილი. ალბათ, დაითვალეს და ასე გამოიყვანეს ეს ციფრი, თორემ, წესით, ყველა ქალს, რომელმაც აბორტი გაიკეთა, უნდა გამოჰკითხონ, რა მოტივი ჰქონდათ აბორტის გაკეთებისას. შეიძლება, ზოგს მოტივად ჰქონდა სელექციური მიზანი და არასასურველი სქესის ბავშვის მოშორება, ზოგიერთს -ეკონომიკური, ან ჯანმრთელობის მიზანი. არსებობს ასეთი კანონზომიერება, რომ ყოველ ას დაბადებულ გოგონაზე ყველგან და ყოველთვის 105-107 ბიჭი იბადება. ეს ბუნების მიერ დადგენილი კანონზომიერებაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში შეამჩნიეს დემოგრაფებმა და სტატისტიკოსებმა. პირველი ჯონ გრაუნტი იყო, რომელმაც ამ კანონზომიერების შესახებ აღნიშნა ლონდონის მოსახლეობის მოკვდავობის ბიულეტენებზე დაკვირვების საფუძველზე და თქვა, რომ ყოველ 13 დაბადებულ გოგონაზე 14 ბიჭი იბადებოდა ლონდონში. ეს რომ თანამედროვე ენაზე გადავიყვანოთ, ყოველ 100 გაჩენილ გოგოზე 105-107 ბიჭის გაჩენას ნიშნავს. შესაბამისად, ეს 32 ათასიც გამოყვანილია იმ უპირატესობის საფუძველზე, რომლითაც გაჩენილ ბავშვებს შორის სქესთა პროპორცია დარღვეულია.

თუკი, წესით, ას გაჩენილ გოგოზე უნდა მოდიოდეს 105-107 ბიჭი და ახლა აღმოჩნდა, რომ ას გოგოზე მოდის 112-115-120 ბიჭი, მაშინ ეს რომ გადავიყვანოთ არა შეფარდებით მაჩვენებლებში, არამედ აბსოლუტურ სიდიდეებში, გამოვა, რომ დაახლოებით 32 ათასით მეტი ბიჭი დაბადებულა. ეს ნიშნავს, რომ ამდენი გოგო არ დაბადებულა და ბუნების მიერ დადგენილი კანონზომიერება დარღვეულა. ეს ყველაფერი კი სელექციურმა აბორტმა გამოიწვია. თუმცა, რეალურად ამ 32 ათასის ქვეშ შესაძლოა, სხვადასხვა ვარიაციები იყოს. სამომავლოდ, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ეს ციფრები უარყოფითად აისახება საქართველოზე“, - აღნიშნა ანზორ სახვაძემ.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ 1980-დან 1990 წლამდე 445 ათასი გოგონა იბადებოდა, შემდგომ ათ წელიწადში კი 236 ათასი გოგო დაიბადა, ნიშნავს, რომ შობადობის დონე თითქმის ორჯერ შემცირდა. თუ არაფერი შეიცვალა და შობადობა ისეთივე ინტენსიობით გაგრძელდა, როგორიც ახლაა, მაშინ 1980 წელს დაფიქსირებული 445 ათას გოგონას ნაცვლად, რომელსაც უნდა გაეჩინა ბავშვები, ახლა უკვე ასეთი უნარის მქონე ორჯერ ნაკლები გოგონა იქნება, რადგან 90-იანი წლების შემდეგ 236 ათასი გოგო დაიბადა.

„ეს ნიშნავს, რომ დაბადებულთა რიცხვი ორჯერ შემცირდება, ორჯერ ნაკლები მოსწავლე იქნება, ორჯერ ნაკლები საბავშვო ბაღი და საჭმელი დაგვჭირდება ბავშვისთვის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მომდევნო 20 წლის შემდეგ, როცა ეს 236 ათასი გოგონა

შრომისუნარიან ასაკში შევა, ისინი უფრო ნაკლებად უზრუნველყოფენ პენსიონერებს, ანუ ის ადამიანები, რომლებიც დღეს 40 წლის არიან, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევენ, მათი პენსიის უზრუნველმყოფი უფრო ნაკლები ადამიანი იქნება. იმისთვის, რომ შემდგომში ამ პენსიონერთა უზრუნველყოფა მოხდეს, ყოველ ახალგაზრდას გაცილებით მეტი შრომა მოუწევს. სწორედ ასეთი დემოგრაფიული შედეგები შეიძლება გამოიწვიოს 236 ათასი გოგონას დაბადებამ, რაც მოსახლეობის რაოდენობას თავისთავად შეამცირებს“.