რუსეთსა და ამერიკას შორის ე.წ. ცივი ომი მედიასაშუალებების დონეზე მძაფრდება. აშშ-ის კონგრესმა რუსულ ტელეკომპანია RT-ს აკრედიტაცია გაუუქმა. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და აგენტებს აკრედიტაციის უფლება არ აქვთ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში რუსული ტელეკომპანია RT უცხო ქვეყნის აგენტად დაარეგისტრირეს.
პარალელურად, 16 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა, რუსეთში საქმიანობა შეეზღუდოთ. ამის მიზეზი რუსეთის დუმის გადაწყვეტილება გახდა. სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, უცხოური მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ“ და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშჩეე ვრემიამ“ მიიღო.
ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ ბოლო დროს გამოვლენილ სიფრთხილეს თავისებურ ახსნას უძებნის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. იგი ასკვნის, რომ ოკეანის გაღმა რუსოფობია მძვინვარებს და აშშ-სა და რუსეთის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. ლავროვი არც იმას მალავს, რომ რუსეთი აშშ-სგან დადებით ნაბიჯებს არ ელოდება.
„აშშ-ის მხრიდან საკანონმდებლო დონეზე რუსეთის მტრად გამოცხადება სისულელე და უპასუხისმგებლობაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რუსეთში არასდროს განვიხილავთ აშშ-ს ანალოგიურ ჭრილში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ამერიკელ ხალხს და მის მიღწევებს“, - გულის ტკენას არ მალავს ლავროვი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან RT-ისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევას ობიექტური მიზეზი აქვს. ამერიკელებისთვის ეს ტელეკომპანია კრემლის პროპაგანდისტად ითვლება. ამიტომ რუსებმა მომხდარი ფაქტი უნდა დააბრალონ თუნდაც იმავე სოლოვიოვებს და კისილიოვს, რუსეთში პირველ არხზე რომ ჰყავთ. სწორედ მათ მიერ ხდება ტყუილების გავრცელება, ფეიკნიუსები, ანგაჟირებული სიუჟეტები. გარდა ამისა, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ ჰილარი კლინტონის დამარცხებაში RT-მაც თავისი წვლილი შეიტანა.
„ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირების ასეთი ფაქტები ნამდვილად არსებობს და რუსოფობიაში ლავროვი სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ რუსეთშიც არის ამერიკოფობია, დასავლოფობია. ამ თვალსაზრისით, ორივე მხარე კარგად „ეფერება“ ერთმანეთს. ცივი ომის დროსაც იყო ასეთი რამ, მაგრამ ამ მასშტაბით არა. ამერიკის კონგრესმა უკვე წერილიც გაუგზავნა RT-ს, გთხოვთ, აკრედიტაციის ბარათები უკან დაგვიბრუნოთო. ალბათ, არ დაუბრუნებენ, მაგრამ ახლა რუსებს მოუწევთ სიუჟეტები გადაიღონ კონგრესის წინ ქუჩის მეორე ტროტუარიდან. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს ისევ შეეძლებათ კონგრესში შესვლა, ოღონდ შტატივით გადაღების ნებართვა ექნებათ მხოლოდ კონგრესის გარეთ ქუჩის მეორე ტროტუარიდან. საინტერესო ის არის, რომ ეს კანონი ამერიკაში მოქმედებს 1876 წლიდან, ანუ უკვე 150 წელია. აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ღებულობს არა კონგრესი, არამედ კონგრესთან არსებული დამოუკიდებელი ორგანო, რადიოსა და პრესის რეგულირების კომიტეტი (მაშინ ტელევიზიები არ იყო), რომელშიც შედის ხუთი ყველაზე აღიარებული, პატივცემული, დამოუკიდებელი ჟურნალისტი. ისინი არავის ემორჩილებიან და თავად ღებულობენ გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მიცემა-ჩამორთმევის შესახებ. ამის შემდეგ კი კონგრესის ხელმძღვანელობა ვალდებულია, შეასრულოს მათი განკარგულება. აკრედიტაციის ჩამორთმევის შემდეგ RT-ის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა უკმაყოფილება არ დაფარა, ამერიკელებმა მოგვატყუეთ, ადრე გვეუბნებოდით, რომ უცხოურ აგენტად გამოცხადებას არაფერი მოჰყვებოდა, თურმე როგორ არ მოჰყვება, აკრედიტაცია წაგვართვითო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე განმარტებით, საპასუხოდ რუსეთმაც უცხოურ აგენტად გამოაცხადა საკუთარ ქვეყანაში მოქმედი ყველა უცხოური მედიასაშუალება. ამიერიდან ისინი უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური აგენტები. ცხადია, აგენტი პირდაპირი გაგებით შპიონს არ ნიშნავს, არამედ ნიშნავს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს. ფაქტია, სიტუაცია ცივი ომისკენ მიდის.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, RT-ის ჟურნალისტებს აეკრძალათ კონგრესში აკრედიტაცია, როგორც უცხოელ აგენტებს, მაგრამ რუსეთმაც მიიღო ანალოგიური კანონი, რომელიც რუსებმა ნაჩქარევად დაამტკიცეს. როგორც ჩანს, რუსები ამერიკულ „სი-ენ-ენ“-ს, „ბი-ბი-სი“-სა და ამერიკულ სააგენტოებს უცხოელ აგენტებად გამოაცხადებენ და ეს იქნება ერთგვარი სარკისებური დარტყმის ეფექტი.
რაც შეეხება რუსოფობიას, რომელიც ლავროვის თქმით, ამერიკაში მძვინვარებს, ვახტანგ მაისაიას განმარტებით, რუსეთის მხრიდან ამერიკაში მართლაც განხორციელდა კიბერშეტევა. ეს დადასტურებული ფაქტია და ამას ტრამპიც არ უარყოფს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონიც არ მალავს, რომ რუსები ერეოდნენ ამერიკის შიდა საქმეებში და აგრესიულად იქცეოდნენ.
„ასე რომ, ამერიკის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საფუძველს მოკლებული არ არის. ეს არ გახლავთ რუსოფობიური ქმედება, უბრალოდ, ამერიკა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ატარებს დამცავ ღონისძიებებს. ლავროვის მხრიდან რუსოფობიაზე მსჯელობა მხოლოდ რიტორიკა და პროპაგანდის ნაწილია. რუსებს ასე სჩვევიათ, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. რეალურად რუსებიც ახორციელებენ ამერიკელების მიმართ არცთუ ნაკლებ ზეწოლას. რუსეთში უფრო შორს წავიდნენ და დაფიქსირდა კიდეც ამერიკელი მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.