ზონალური საბჭო, როგორც ქალაქგანვითარების ბოროტების ინსტრუმენტი

ზონალური საბჭო, როგორც ქალაქგანვითარების ბოროტების ინსტრუმენტი

„აიკრძალოს არქიტექტურის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო და მის მიერ გადაკეთებულ ზონებს დაუბრუნდეს ძველი სტატუსი. აიკრძალოს კოეფიციენტებით ვაჭრობა! აიკრძალოს დედაქალაქსა და მის შემოგარენში მთების, ბორცვების, კლდეების ჭრა, ბუნების დასახიჩრება, კულტურული მემკვიდრეობის დამახინჯება და განადგურება!“ - ასეთ განცხადებებს წლების განმავლობაში ვიმსმენდით, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.

ზონალური საბჭოს მიერ გამოტანილ მავნებლურ გადაწყვეტილებებს ქალაქის ბედით დაინტერესებული ადამიანები ხშირად აკრიტიკებდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ გააუქმა ე.წ. ზონალური საბჭო და დედაქალაქის მერიასთან არსებული 19 კომისია, თბილისის გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ უკანონობა აღარ იზეიმებდა.

რა ბოროტება მოუტანა ჩვენს დედაქალაქს ზონალურმა საბჭომ?

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზონალური საბჭოს გაუქმების საკითხი ინსტიტუციური, სისტემური საკითხია, რომლის შეცვლაც კახა კალაძემ სამართლიანად გადაწყვიტა. ზურაბ ბაქრაძის თქმით, ზონალური საბჭო თვითნებობის შენიღბვის საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. ქალაქგანვითარესითვის არასწორი ნაბიჯების გადადგმას ქალაქის მერი ან თვითონ წყვეტდა, ან ზემოდან დაწოლით, ან ინვესტორთა ზეწოლით ახორციელებდა. ამას მოჰყვებოდა ის, რომ აჭარბებდნენ კოეფიციენტებს, ტერიტორიებს ზონის სტატუსს უცვლიდნენ, თავისი განრზახვის გასამართლებლად კი სწორედ ასეთი ოდიოზური საბჭო ჰქონდათ შექმნილი. ბედის ირონიით, ამ საბჭოში მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც თავად ჰქონდათ გარკვეული სამეურნეო ინტერესები, თავადვე იყვნენ არქიტექტორები, მენაშენეები, მეწარმეები. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, „ხელი ხელს ბანს“ პრინციპით, ეს ადამიანები აკეთებდნენ იმას, რაც ზემოდან მოდიოდა დაკვეთის სახით. ეს იყო სრულიად კორუმპირებული, არანორმალური წარმონაქმნი, რომელიც დავით ნარმანიას დროსაც აგრძელებდა ფუნქციონირებას ისევე, როგორც ყველა სხვა სიმახინჯე.

„ზონალური საბჭო ქალაქგანვითარებაში ბოროტების ინსტრუმენტი იყო. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ამ საბჭოში ფულით წყდებოდა თუ არა გარკვეული საკითხები, მაგრამ კორუფცია მხოლოდ ფულის მიცემას როდი ნიშნავს. კორუფციაა ისიც, როცა ერთ ადამიანს რომელიმე ობიექტის მიმართ აქვს მომეტებული ინტერესი და ამის გამო ნებისმიერ საეჭვო საკითხს დადებითად გადაწყვეტს იმ იმედით, თუ მისი პირადი საკითხის განხილვისას მეორე კაცისგან, ასევე, მოელის დადებითის თქმას. მოკლედ, თუ ასიამოვნებ ქალაქის მერს, ან უფრო ზევით მდგომ ხელისუფალს, შენ თვითონაც ისარგებლებ, მით უმეტეს, თუ სხვადასხვა ობიექტი გაქვს ასაშენებელი. ათას რამეს აკეთებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ზონალურ საბჭოში იყვნენ წარმოდგენილნი. გამოელოდნენ რაღაცას და შეგნებულად კვერს უკრავდნენ ყველაფერს. ამდენად, კახა კალაძის გადაწყვეტილება ზონალური საბჭოს, ამ მახინჯი ორგანიზმის გაუქმებასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად გამართლებულია.

ამ საბჭოს არსებობა ჩვენში არსებული სამართლებრივი სისტემისთვისაც შეუფერებელი იყო. ჩვენთან მოქმედებს ქალაქგანვითარების მართვის სისტემა, რომელიც გადმოღებულია გერმანული მოდელიდან. ეს სისტემა არავითარ დამატებით საბჭოებს არ გულისხმობს. არც სჭირდება ეს საბჭოები, რადგან ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში ის აღმასრულებელი ნაბიჯები, რომელიც მერიამ უნდა გადადგას“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე და ადასტურებს, რომ ზონალური საბჭო მუდმივად ბოროტებას აკეთებდა ყველა უბანში, მათ შორის, ძველ უბნებშიც.

სპეციალისტის თქმით, სწორედ ისინი ხუჭავდნენ თვალს უკანონო მშენებლობებზე, რაც უწესრიგობა იყო. ახლა კი კახა კალაძის გადაწყვეტილებებში წესრიგის აღდგენის სურვილი ჩანს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ ხელი მოაწერა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ზონალური საბჭოსა და 19 კომისიის გაუქმებასთან დაკავშირებით, რისთვისაც ამ ადამიანს ტაშს ვუკრავთ, მაგრამ არავინ იძახის, რომ, ვინც შექმნა ეს კომისიები, იმანაც უნდა აგოს პასუხი.

„უგულავას მადლიერი არ ვარ, „სითი-პარკი“ უგულავამ ვენერიულ დაავადებასავით აგვკიდა, მაგრამ უგულავამ ხომ არ შექმნა ის 19 კომისია? ის კომისიები შექმნა ნარმანიამ და ოფიციალურ დონეზე როცა ამბობენ, ნარმანია ძალიან კარგი მერი იყო, უბრალოდ, ცუდი მემკვიდრეობა მიიღოო, ეს 19 კომისია მემკვიდრეობით მიიღო ნარმანიამ? ამის შესახებ ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ მეორედ არავინ გაბედოს ასეთი საბჭოების შექმნა. სწორედ ნარმანიას დანაშაული (თუ შეცდომა არა) იყო ამ კომისიების შექმნა“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან საუბარში.