„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა“

„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა“

პირველ დეკემბერს არასრულწლოვანთა შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, N51-ე სკოლის საპირფარეშოში, პნევმატური იარაღის მიშვერით დაიწყო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებს თ.ჩ.-ს და ა.ს-ს გაკვეთილებს შორის არსებულ შესვენებაზე, საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდათ, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც ამ უკანასკნელების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში.

ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. მომხდარიდან მალევე ა.ს.-მ, ვინაიდან მასთან კონფლიქტში მყოფები იყვნენ მასზე ასაკით უფროსები, დახმარებისათვის არასრულწლოვან ნათესავს - მ.კ.-ს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

პროკურატურის მოკვლევის თანახმად, იმავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ.კ. მეგობრებთან ერთად N51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. სკოლასთან ასევე შეკრებილები იყვნენ თ.ჩ.-სთან და ა.ს-სთან დაპირისპირებული მეთერთმეტე კლასელები და მათი თხუთმეტამდე მხარდამჭერი.

ვითარების გასარკვევად ახალგაზრდებმა ა.ხორავას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

„ჩხუბის დროს ერთ-ერთმა მონაწილემ გ.ჯ.-მ, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები არასრულწლოვნები იყვნენ, დანით განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწოვან დ.ს.-ს მრავალრიცხოვანი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა, ხოლო გ.ბ.-მ ასევე დანით განზრახ მოკვლის მიზნით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვან ლ.დ.-ს ორი ნაკვეთი ჭრილობა ფეხისა და გულმკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. მეორე დღეს საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თვითმხილველის ინფორმაციით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხორავას ქუჩაზე მოზარდს, რომელმაც პნევმატური იარაღი მიუშვირა თანასკოლელს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ქვებს ურტყამდნენ. სწორედ ამ დროს დ.ს. გამოჩნდა ეზოში, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი აღნაგობის შეეშინდებოდათ და გაშველებას იოლად მოახერხებდა, - ის რაგბისტი გახლდათ - სწორედ ამ დროს მოხდა მისთვის სასტიკი ჭრილობების მიყენება.

რაც შეეხება მეორე მოზარდს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, როგორც თვითმხილველი ყვება, ლ.დ. შედარებით მოშორებით იდგა და ვიდრე შემთხვევის ადგილს მიუახლოვდებოდა, მას სასიკვდილო ჭრილობები ამ დროს მიაყენეს. თვითმხილველი ვარაუდობს, რომ ლ.დ-მ უბრალოდ, გზა გადაუღობა და რადგან დ.ს. უკვე დაჭრილი იყო, ბოროტმოქმედები გაქცევას ცდილობდნენ.

რაც მთავარია, როგორც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, მათი ინფორმაციით, კონფლიქტი არც ერთი გარდაცვლილი მოზარდის მიზეზით არ მომხდარა. ორივე მოზარდი საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა და ერთ-ერთი მათგანი მედალოსნობის კანდიდატი გახლდათ.

თბილისის პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი - გ.ბ. და გ.ჯ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, ხოლო გ.ჯ. იმავე მუხლით ბრალდებულად დაუსწრებლად იქნა ცნობილი, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობელი პროკურატურის თანამშრომელი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა.

მირზა სუბელიანის თქმით, შვილთან ერთად, რომელიც მისივე ინფორმაციით, მომხდარ უბედურებას შეესწრო, პირველ დეკემბერსვე პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

„პირველ რიგში მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა დატრიალებული ტრაგედიის, ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მათ მშობლებსა და მეგობრებს.

ჩემდა სამწუხაროდ, ამ უმძიმეს შემთხვევას ადამიანების გარკვეულმა ჯგუფებმა ჩემი სახელი და გვარი დაუკავშირეს, შეგნებულად დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია.

იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი ამ საქმეში მოწმეა, რადგან არ მინდა ჩრდილი მიადგეს გამოძიების ობიექტურობას, რაც უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ინტერესებშია, მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, განცხადებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაინც დაასრულებენ სპეკულაციებს და საგამოძიებო ორგანოს ნორმალურ გარემოში ექნება შესაძლებლობა დაადგინოს ჭეშმარიტება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ძალიან მალე დადგინდება და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს ამომწურავ პასუხს“, - აცხადებს მირზა სუბელიანი.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ სუბელიანის შვილს მიუშვირეს პნევმატური იარაღი და კონფლიქტის მიზეზი ეს გახდა.

როგორც საქმის პროკურორმა განუცხადა ჟურნალისტებს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. აქედან გამომდინარე, რა განუცხადა მან გამოძიებას, ამის შესახებ ვერ მოგახსენებთ ისევ და ისევ ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განმარტა პროკურორმა.

მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში კი სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

როგორც საქმის გამომძიებელი აცხადებს, მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ამ ინფორმაციას ადასტურებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც.

„მანდატურებს რაც შეეხებათ, სკოლაში რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მანდატურების თვალწინ რაც მოხდა, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება, რაც განმუხტეს მანდატურებმა. ამის შემდეგ მანდატურების თვალწინ, სკოლის ტერიტორიაზე რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა დათუკიშვილმა.

არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ დირექტორის ერთ-ერთმა მოადგილემ ფანჯრიდან თვალი მოჰკრა, თითქოს, სკოლის ტერიტორიაზე უცხო ბავშვები იმყოფებოდნენ, იმავე წუთს სთხოვა მანდატურს, გაერკვია, ვინ იყვნენ ისინი და სკოლის მთელი პერიმეტრიც შეემოწმებინა.

მანდატურმა მაშინვე შეამოწმა სკოლის ეზოც და პერიმეტრიც, თუმცა ვერავინ აღმოაჩინა. თვითმხილველების ინფორმაციით, უცხოებმა ძლიან მალე დატოვეს სკოლის ტერიტორია და შეიძლებოდა, მანდატურს მათთვის ვერც მიესწრო. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ საპირფარეშოში ინცინდენტი იმდენად უხმაუროდ მოხდა, რომ სკოლის ხელმძღვანელობას ეჭვიც არ გასჩენია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის ბრალად შერაცხული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი დასტურდება ინციდენტში მონაწილე არაერთი მოწმის ჩვენებით, ასევე ნივთიერი მტკიცებულებებით, მათ შორის მკვლელობების იარაღებით, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. კერძოდ, დ.ს.-ს მკვლელობის იარაღი დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ლ.დ.-ს მკვლელობის იარაღი ასევე დანა გამოძიებას წარმოუდგინა ინციდენტში მონაწილე მოწმემ, რომელსაც გადამალვის მიზნით გადასცა დაკავებულმა ბრალდებულმა გ.ბ-მ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია, ასევე ხსენებულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კანონით შეზღუდულია მოახდინოს ხსენებულ პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გავრცელება. აღნიშნულ საქმეზე მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც შს მინისტრი აცხადებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა მცირე რაოდენობამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნა, ეს არის სერიოზული პრობლემა.

„როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლოების სამინისტრომ და საზოგადოებამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა არსებობდეს დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა ძებნაში მყოფი პირის დაკავება მოხდეს.

როგორც მინისტრი აცხადებს, საქმის დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული და ყველას კარგად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებაში.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს საქმეებთან მიმართებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ დეტალები უმოკლეს ვადებში იქნება გამოძიებული. ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა ამ დანაშაულში მონაწილეობას ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.