„ეს არის ადამიანი, რომელიც სამხედრო გადატრიალებების ჩადენას მიჩვეულია“

„ეს არის ადამიანი, რომელიც სამხედრო გადატრიალებების ჩადენას მიჩვეულია“

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების მცდელობის მუხლით საკუთარ დაკავებას პროგნოზირებს. მისი თქმით, პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზები და გამოგონილ საქმეთა გამო მისი დაპატიმების შესახებ ბრძანება გასცა.

ბუნდოვანი მომავლის წინაშე მდგომი სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, მისი დაკავების შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციების და ძალოვანი უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ, რადგან პრობლემა მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და სრულ განუკითხაობაშია, რასაც უკრაინის ძალოვანები პოროშენკოს ბრძანებით ასრულებენ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სანუგეშო არ არის ის ფაქტი, რომ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივა. მისი თქმით, კვლავაც რჩება საფრთხე, რადგან უშიშროების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მისი ბინისა და სამსახურეობრივი შენობის ჩხრეკის შესახებ სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ სააკაშვილი კონკრეტულ რჩევებს აძლევს ბინის „მჩხრეკავებს“, მისი ბინის გაჩხრეკის შემდეგ გასვლისას შუქის ჩაქრობა არ დაავიწყდეთ, რადგან უკრაინაში ელექტროენეგიაზე ტარიფები გაიზარდა.

ყოფილი პრეზიდენის ბედით შეშფოთებულია „ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. ის ამბობს, რომ სააკაშვილი ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსია და მისი დაპატიმრება ძვირად დაუჯდება ივანიშვილსა და პოროშენკოს. გოცირიძის შეფასებით, სააკაშვილი არ არის ადამიანი, რომელსაც ადვილად გადაყლაპავენ და ყელში არავის გაეჩხირება. პირიქით, შეიძლება ბევრ ადამიანს მიშას დაკავება პოლიტიკურ სამარეში წასვლად დაუჯდეს.

„ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძეც ადასტურებს, რომ უკრაინის შესაბამის სამსახურებს სააკაშვილის დაკავების ბრძანება უკვე მიღებული აქვთ. უბრალოდ, ამ ეტაპზე სააკაშვილის დაკავების ფორმაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რადგან ის მაინც წონიანი პოლიტიკოსია და მისი დაკავება, მისთვის ხელბორკილების დადება უკრაინის იმიჯს ძალიან დააზიანებს. ის ხომ „არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, სააკაშვილი არის ოპოზიციის ლიდერი და რეგიონული მასშტაბის ლიდერი“, - ასეთია ხატია დეკანოიძის პოზიცია.

თუკი სააკაშვილს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდების მცდელობის მუხლით, ანუ ბევრად უფრო მძიმე მუხლით დააკავებენ, ვიდრე მას საქართველოში აქვს წაყენებული ბრალდებების სახით, მაშინ როგორ მოხდება მისი ექსტრადირება და გარისკავს თუ არა პოროშენკო ასეთი გადაწყვეტილების მიღებას?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში რომან გოცირიძის ნათქვამს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილი ევროპული მასშტაბის პოლიტიკოსი კი არა, ლოკალური, ოდესის დონის პოლიტიკოსიც აღარ არის. ელემენტარულად, მას უკვე უკრაინაში დასცინიან და ის გახდა კომიქსების საინტერესო გმირი. მას მეტსახელიც მოუგონეს -„მიხო“. უფრო მეტიც, სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვებს უკრაინაში სერიოზულად არავინ განიხილავს, მაგრამ მას კარგად იყენებენ სხვადასხვა ძალები უკრაინაში დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, სააკაშვილიც გადადის ყოველგვარ საზღვრებს. ამის პრელუდია და პირდაპირი ინდიკაციაა სააკაშვილის პოლიტიკური და თავხედური განცხადებები უკრაინაში ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის შესახებ.

„თუკი სააკაშვილს აიყვანენ, პოროშენკო არ აღმოჩნდება წინააღმდეგობის წინაშე დასავლეთის თვალში, რადგან პოროშენკოს ადგილი და როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიღაც სააკაშვილის. ფაქტობრივად, სააკაშვილი ჩამოწერილია, ის პოლიტიკური ბანკროტია და, სავარაუდოდ, პოროშენკო მიიღებს კიდეც სააკაშვილის დაკავების გადაწყვეტილებას. პოროშენკო მართალიც იქნება, რადგან სააკაშვილის პოლიტიკური თავხედობები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს არის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია სამხედრო გადატრიალებების ჩადენას. მას დაიჭერენ და გაასამართლებენ უკრაინის (და არა საქართველოს კანონებით), შეადარებენ, სად უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდება უმძიმესი დანაშაულია, უფრო მძიმე, ვიდრე თუნდაც საქართველოში აქვს მას მიყენებული ბრალდებები“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ, სააკაშვილის მოწოდება, მისი დაკავების შემთხვევში, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება კონსტიტუციური კანონების დამხობისკენ.

ასეთი მოწოდებების გამო სააკაშვილის მმართველობისას საქართველოში ხალხს იჭერდნენ და სამშობლოს მოღალატედ აცხადებდნენ. ამ დროს კი სააკაშვილი უკრაინაში უშუალო ქმედებებში გადადის. ვახტანგ მაისაიას თქმით, კიდევ კარგი, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში ორმაგი სტანდარტები ნაკლებად დაშვებულია. იქ თუ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მას ცერემონიის გარეშე მიუჩენენ საკუთარ ადგილს. სამწუხაროდ, ეს განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, მართალია, იურიდიულად გვესმის, რომ სააკაშვილი ვერ გაფრინდება და, თუ გაფრინდება, ვეღარ ჩაფრინდება და ვერ შევა უკრაინაში, მაგრამ ყველა კარგად ხედავს, რომ სააკაშვილი პასპორტის გარეშე კიდეც გაფრინდა, კიდეც ჩაფრინდა, კიდეც შევიდა უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ეს თამაში ჯერ უკრაინელების თამაშია და სააკაშვილი ქართველებისთვის მხოლოდ ბრალდებული სააკაშვილია.

„ის არის ძებნილი. ყველამ კარგად ვიცით, რაც დამართა ჩვენს ქვეყანას. თუკი სხვა ქვეყანაშიც ჩაიდენს დანაშაულს, მისი დაკავების შემთხვევაში, მან პასუხი უნდა აგოს იმ ქვეყანაში, სადაც დანაშაული ჩაიდინა. ეს სულაც არ ათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას დაეკისრება საქართველოში. ამიტომ აქ სანერვიულო არაფერია. თუ ეყოფათ უკრაინელებს გამბედაობა და ექნებათ სურვილი, რომ სააკაშვილი დაიჭირონ, მას დაიჭერენ კიდეც და აგებინებენ პასუხს. ამის შემდეგ კი მსჯავრდებული სააკაშვილი საქართველოში აგებს პასუხს. თუმცა მაინც მგონია, რომ დღეს მიშა სააკაშვილი ციხეში არავის აწყობს. ჩემი აზრით, სააკაშვილი ციხეში ორი დღის შემდეგ ყველაფერს აღიარებს და ყველაფერს დაფქვავს. არ ვიცი, იგი რამდენად სუსტია, პირიქით, გვაჩვენებს, რომ ძალიან ძლიერია, მაგრამ გააჩნია, როდის არის ძლიერი. ვნახოთ, მისი სიძლიერე თუ სისუსტე მას შემდეგ გამოჩნდება, თუ მას დააკავებენ“, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.