გამოძიება ახლა იმას ადგნეს, როგორ მოხვდნენ ტერორისტული ჯგუფის წევრები საქართველოში. შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია რომელი ქვეყნიდან გადმოკვეთეს საზღვარი არალეგალურად.
„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ“, - აცხადებს გიორგი გახარია.
საქმის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თხოვნით აშშ-დან ჩამოვიდნენ FBI-ს ექსპერტები, რომლებიც ქართულ მხარეს სპეცოპერაციის საქმის გამოძიების პროცესში ეხმარებიან. აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი აცხადებს, რომ არსებობს კითხვები, როგორ აღმოჩნდნენ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში.
„არსებობს კონკრეტული კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს პირები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში. ძალიან ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქართველოს მთავრობის თხოვნით FBI-დან რამდენიმე ექსპერტი ჩამოვიდა, რომლებიც ეხმარებიან გამოძიების პროცესში“, - აღნიშნა იან კელიმ.
შს მინისტრის განცხადებას, რომ პირველადი მონაცემებით, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ, შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოში. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, შს მინისტრის ყოველი მომდევნო განცხადება მეტ კითხვას აჩენს. დეპუტატის შეფასებით, მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობას და შსს–ს არ შეუძლია პირველადი ფუნქციის შესრულება.
„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოველი მომდევნო განცხადება მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს სცემს. „ევროპულმა საქართველომ“ ამიტომ მოითხოვა მისი მოსვლა პარლამენტში და ამ საკითხის განხილვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ, არის თუ არა ჩვენი საზღვრები დაცული და შეუძლიათ თუ არა ჩვენს მოქალაქეებს ქვეყანაში უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. როგორც აფგან მუხრთალის თბილისის ცენტრში მოტაცების საკითხით აღმოჩნდა, შეუძლიათ ადამიანი გადააფრინონ საზღვარზე ისე, რომ ვერ გაიგოს სამართალდამცავებმა, ახლა ვიგებთ, რომ შეიძლება ადამიანი ისე გადმოვიდეს და ისე დააგროვოს არსენალი ბინაში თვეების განმავლობაში, რომ ამის თაობაზე ძალიან გვიან გაიგონ სამართალდამცავებმა.
ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის პირადად მოსვლა პარლამენტში და გარკვეულად საუბარი იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეები არსებობს ქვეყნაში. ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, მოშლა, ეს ეტყობა ეკონომიკას და ლარსაც, ასევე ეტყობა სამართალდამცავ სტრუქტურებასაც. მკაფიოდ ჩანს, რომ დღეს მთავრობა და შს მინისტრი აღიარებს, რომ მათ არ შეუძლიათ იმ პირველადი ფუნქციის განხორციელება, რათა მოსახლოებამ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ტრადიციულად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სუს-ის მიერ გამართულ ბრიფინგზე ახალი არაფერი თქმულა და ის, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევი იყო, ეს საზოგადობისთვის ცნობილი იყო.
„სუს-მა იცრუა 22 ნოემბერს როდესაც განაცხადა, რომ სამი კვირის მანძილზე აკვირდებოდნენ იმ ადგილს, სადაც ცხოვრობდნენ საერთაშორისო ტერორისტები. ასევე შს მინიტრსმა, ბატონა გახარიამ დაადასტურა ძალიან საგანგაშო ფაქტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტერორისტები, რომლებიც თბილისის ცენტრში 24 საათის მანძილზე წინააღმდეგობას უწევდნენ ჩვენს პოლიციას და სპეციალურ ძალებს, შემოვიდნენ ქვეყანაში არალეგალური გზით.
„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც უნდა ჩაწვდეს იმ ფაქტებს თუ რა მოხდა აჰმედ ჩატაევთან მიმართებაში, როგორ გადმოკვეთეს საერთაშორისო ტერორისტებმა საქართველოს საზღვარი, რატომ არის საქართველოს საზღვარი უკონტროლო, რატომ არის ჩამოშლილი ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების უსაფრთხოებას. რეალურად უნდა დადგეს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პოლიტიკური, იმ ადამიანების, რომლებმაც ხელი შეუწყეს აჰმედ ჩატაევის და საერთაშორისო ტერორისტების შემოსვლას საქარველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის სანდოა შს მინისტრის განცხადება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საზღვრები კონტროლდება, თუმცა იმის თქმა, რომ უკანონო შემოსვლა არ მოხდება, გამორიცხულია. ბესელია ამბობს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ქვეყანაა, თუმცა ეს დანაშაულის ალბათობას არ გამორიცხავს.
„მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება და მათ შორის ჩვენი პარტნიორებიც და მეზობლებიც ამ საერთო თანამშრომლობის ფორმატში არიან ჩართულნი, ეს არ გამორიცხავს, რომ ვინმე ქვეყანაში შეიაძლება იყოს შემოსული საზღვრის უკანონო შემოვლით, კვეთით, ან სხვა გზით. ის, რომ ვერავინ მოხვდება ქვეყანაში უკანონო გზით, ამის გაცხადება ძალიან არასერიოზულია.
არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, სადაც დანაშაული არ ხდება და გამოირიცხება. საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამ ქვეყნებს შორის ითვლება. ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუქმნათ მოქალაქეებს უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, კანონდებლებმა - საკანონმდებლო კუთხით, სამოქალაქო სექტორმა - თავისი რეკომენდაციებით, ძალოვანმა უწეყებებმა კარგი პრევენციითა და პარტნიორებთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე თვლის, რომ უნდა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - როგორ შემოაღწია ქვეყანაში ახმედ ჩატაევმა, რომელიც ქართველი სამართალდამცავებისთვის უცხო პირი არ იყო. როგორც სიხარულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩატაევთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს, რასაც დროულად და ამომწურავად უნდა გაეცეს პასუხები.
„აქ სერიოზული პრობლემაა. მთავარი კითხვა რჩება, როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე ეს პიროვნება - ახმედ ჩატაევი, რომელიც არ იყო უცხო, უცნობი ქართველი სამართალდამცავებისთვის. ის დაკავებული იყო, სასჯელსაც იხდიდა და მისი ბიომეტრიული მონაცემები საქართველოს სამართალდამცავ სისტემებში არსებობს.
ამიტომ მთავარი კითხვა რჩება, როგორ შემოაღწია ამ პირმა საქართველოს ტერიტორიაზე და სად მოხდა საზღვრის გადალახვა. გარდა ამისა, არის სხვა კითხვებიც, მათ შორის ის, როგორ მოხდა, რომ ეს ხალხი გარკვეული პერიოდი ისე იყვნენ ქვეყანაში, მათ შესახებ სპეცსამსახურებს ინფორმაცია რომ არ ჰქონდათ. საიდან მოახერხეს იარაღის შეძენა ამ რაოდენობით და მისი შენახვა. ამ კითხვებზე აუცილებელია სწრაფად პასუხების გაცემა“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.
რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, ეს საფრთხე მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი არ არის. ყოფილი თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების სისტემის გააზრებული რეფორმის გატარებაზე საუბრობს და აქვე ამბობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს გააზრებულად, კონცეპტუალური ხედვის საფუძველზე. მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება და მისი ანგარიშვალდებულების გაზრდა.
„ზოგადად, ტერორიზმი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის დიდი საფრთხე. ბოლო ათეული წელია კიდევ უფრო გაიზარდა ეს საფრთხე. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, საქართველოსთვისაც წარმოადგენს ტერორიზმი საფრთხეს. საქართველოს ბევრად უფრო დიდი და სერიოზული გამოწვევები აქვს.
ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც პირდაპირ მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი არსებობის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ეროვნული უსაფრთხოების მყარი, მკაფიო გადანაწილებული როლი აუცილებელია“, - განაცხდა დავით სიხარულიძემ.
„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველო ბოლო ათწლეულის გამავლობაში ცდილობდა საზღვრების დემილიტარიზაციას, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონოდა ჩვენს მეზობლებთან, მაგრამ მაშინ სხვა რეალობა იყო. მაშინ ტერორიზმის საფრთხე არ გვემუქრებოდა და ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რაც შეიძლება ინტეგრირებული ყოფილიყვნენ ჩვენი სახელმწიფოები ერთმანეთთან. თუმცა, მისი თქმით, ახლა რეალობა შეიცვალა.
„რაც შეეხება საზღვრების უკანონოდ გადმოკვეთას - მოდით ვთქვათ, რომ ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ეს ყველგან ხდება. ევროპასაც იგივე პრობლემა აქვს. ათასობით და ასი ათასობით არალეგალი შედის ყოველწიურად. იგივე პრობლემა აქვს აშშ-ს. საზღვრის 100%-იანი დაცვა შეუძლებელია, მაგრამ ის, ფაქტი, რომ ჩატაევი და მისი ტერორისტული ჯგუფი მოხვდა საქართველოში, ეს ძალიან ცუდია.
შს მინისტრმა გვითხრა, რომ ისინი არალეგალურად მოხვდნენ საქართველში. სამართალდაცვამა სტრუქტურებმა და სპეცსასამხურება უნდა ჩაატარონ ამის ანალიზი. ის მონაკვეთები, საიდანაც შესაძლებელია ასეთი ელემენტების მოხვედრა საქართველოში, მაქსილამურად უნდა იყოს დაცული“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას, for.ge-სთან საუბრისას „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები ჩაატარებენ შესაბამის ანალიზსს, თუ როგორ და რა გზით შემოვიდნენ საქართველოში და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პასუხისმგებლობის საკითხზე.
„ძალიან ცუდი მომენტი გახლავთ ის ფაქტი, რომ ჩატაევის ფიზიკურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ის ვერ შეძლებდა დიდ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილებას. სოწრედ ეს არის ძალიან ცუდი, რომ ის ისე შემოვიდა საზღვარზე, რომ ვერავინ დააფიქსირა - სადღაც გვაქვს დაშვებული შეცდომა. სამწუხაროდ, სადღაც ისე არ გვაქვს საზღვარი დაცული, როგორც უნდა გვქონდეს და ამაზე უნდა დავფიქრდეთ.
მაგრამ პირველ რიგში სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ საზღვრის რომელ მონაკვეთზე მოხდა ამ ადამიანის შემოსვლა. ერთმნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური საზღვარის გადმოკვეთა მას გაუჭირდებოდა. თუნდაც ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მხრიდან არ იყო კონტროლი, არის თურქეთის ტერიტორია, საიდანაც არც თუ ისე ადვილად შემოუშვებდნენ ამ ადამიანს. ამიტომ, უნდა ჩავატაროთ ანალიზი.
დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ ისინი უფრო კარგად ხედავენ თავის შეცდომებს. მოდით, ჩვენ მაქსიმალურად რითიც შეგვიძლია შევუწყოთ ხელი. ეს იქნება ადამიანური რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თუ ინფრასტუქტურის გაუმჯობესება საზღვარზე. მოდით, ამაში დავეხმაროთ სამართალდაცავ სტრუქტურებს და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ მათ მაქსიმალურად ყველა რესურსი ჰქონდეთ იმისათვის, რომ ჩვენი საზღვარი სათანადოდ იყოს დაცული“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.