„თუ მოზარდის გონების ფორმირებაზე მარიხუანას გავლენის შესახებ პასუხი არ არსებობს, მაშინ საქმე მხოლოდ ზერელე პოპულიზმთან გვაქვს“

„თუ მოზარდის გონების ფორმირებაზე მარიხუანას გავლენის შესახებ პასუხი არ არსებობს, მაშინ საქმე მხოლოდ ზერელე პოპულიზმთან გვაქვს“

საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძისთვის მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა. კონსტიტუციური სარჩელით შანიძე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანას მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი და ამიტომაც, დააკმაყოფილა სარჩელი.

„გირჩი“ პირობას დებს, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური. პარტიის წევრი იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი ადამიანის უფლებების დაცვაში.

„ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს - კანაფის მოხმარება არის ლეგალური თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური.

ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი და ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია უკან დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩია აცხადებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა წარმოადგენს მომხმარებლის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს.

როგორც ხვიჩია ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, რომ პირის უფლებაა, თავად შეარჩიოს განტვირთვისთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, რაც წარმოადგენს მომხმარებლის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს, ამით სახელმწიფოს უთხრა, რომ შეეშვას პატერნალისტურ მიდგომებს ადამიანებზე, რომელიც აისახება არა მხოლოდ მარიხუანაზე, არამედ დროთა განმავლობაში აისახება ყველა ტიპის ნარკოტიკზე.

„ეს ერთ-ერთი სწორად მიმავალი გზაა საქართველოში ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა, რომელიც კანაფთან დაკავშირებით ადამიანებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვს შეჩერებული ადამიანებს“, - აცხადებს იგაო ხვიჩია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით აღნიშნული შედეგი ერთი წლის შემდეგ მაინც დადგებოდა, როცა შესაბამისი კანონპროექტი ამოქმედდებოდა. როგორც ზოიძე განმარტავს, კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, მარიხუანას გარდა სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებსაც შეეხება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას ლეგალიზაციას არ ნიშნავს.

„მარიხუანასთან მიმართებაში რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, პრაქტიკულად, აქამდეც არსებობდა - საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენებოდა, ახლა ნასამართლობაც უქმდება. ეს არის შედეგი, რომელიც ისედაც დადგებოდა, როცა კანონპროექტს მივიღებდით. მეტიც, კანონპროექტის მიღების მერე - ერთი წლის შემდეგ, ასევე უქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი ყველა ნარკოტიკთან მიმართებაში და მხოლოდ ადმინსიტრაციული სასჯელი რჩება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ ცვლილებებზე უმრავლესობას მოუწევს მუშაობა.

„ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია, არ არის მარტივი. ჩვენ ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს. იქ ასევე იყო გათვალისწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

რაც შეეხება მოლოდინს, დეპუტატი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.

„ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფილოსოფი ზაზა ფირალიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მისივე შეფასებით, ცხადია, მარიხუანას მომხმარებელი პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს, ეს სრულიად დაუშვებელია, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ დეკრიმინალიზაციისათვის მებრძოლთა უდიდესმა ნაწილმა იცის განსხვავება მარიხუანას, ჰაშიშსა და ჩარას შორის.

„ჰაშიში უმეტესობას ყაყაჩოს პროდქტი ჰგონია, არადა, სამივე კანაბისისგან მზადდება. უკეთეს შემთხვევაში, ჩვენში სამივეს მარიხუანას უწოდებენ. ან ის თუ იციან, რომ ჰაშიშით ხდებოდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერორისტული ორდენის ასისინების ტვინების დამუშავება და, მაშასადამე, არც ისე უსაფრთხო რამ გახლავთ? ან ის, რომ მხოლოდ მომხმარებელი მარიხუანას მოყვარულთა საკმაო ნაწილი არ მიეკუთვნება ე.წ. წარმატებულ „ბომონდს“ და ამ ძვირადღირებული პროდუქტისთვის ფულს მისი გავრცელებით შოულობს?

გააკონტროლებენ კი ამას? კორუფციის ახალი სივრცის გაჩენას ხომ არ ვუწყობთ ხელს? თუ ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე (განსაკუთრებით, მოზარდის გონების ფორმირებაზე მარიხუანას გავლენის შესახებ) პასუხი არ არსებობს, მაშინ საქმე მხოლოდ ზერელე პოპულიზმთან გვაქვს და ეს კარგს არაფერს მოიტანს. თორემ, ვიმეორებ, მარიხუანას მომხმარების დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი მისი ფარგლები მკაცრად იქნება განსაზღვრული“, - წერს ზაზა ფირალიშვილი.