სტრასბურგში დაწუნებული გოცირიძე ბედს საკონსტიტუციო სასამართლოში ცდის

სტრასბურგში დაწუნებული გოცირიძე ბედს საკონსტიტუციო სასამართლოში ცდის

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი. მმართველმა გუნდმა გოცირიძის კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვა დაიწყო. დამტკიცების შემთხვევაში, გოცირიძე ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

გოცირიძე, რომელიც მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, აცხადებს, რომ როგორც კი მიიღო შეთავაზება, მაშინვე დათანხმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მედიის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის განმარტება მოუწია და აღნიშნა, რომ მისი მცდელობა შეეხებოდა არა მედიის შეზღუდვას, არამედ ჟურნალისტებისთვის ვალდებულებების შეხსენებას.

„ეს არ შეეხებოდა მედიის შეზღუდვას. ეს შეეხებოდა ჟურნალისტებისათვის იმის შეხსენებას, რომ ისინი არიან ვალდებულნი, გაითვალისწინონ ის მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რომელიც ეკისრება ყველას, ვინც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს და განსაკუთრებით ჟურნალისტები. სულ სხვა არის მედიის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, მედია არ უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ ის თვითკონტროლი, რომელიც უნდა განახორციელონ ჟურნალისტებმა თავიანთი სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძეს ობიექტურ, პროფესიონალ იურისტად ახასიათებს და მის წინააღმდეგ აგორებულ უარყოფით კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდმა ჩათვალა, რომ იგი გაართმევს ძალიან კარგად მოვალეობას თავს. ამ კრიტერიუმების მიუხედავად, უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ევა გოცირიძეს უსმენდნენ დაპირისპირების ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ გოცირიძის კანდიდატურა მისივე კვალიფიკაციის გამო დაიწუნა სტრასბურგის სასამართლომ. პარტიაში მიაჩნიათ, რომ უმრავლესობას გოცირიძის დაბინავება უნდა იმ უწყებაში, რომელსაც ფუნქციები ფაქტობრივად არ აქვს.

„როდესაც გისმენდით, მეგონა, განათლება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით გქონდათ მიღებული“, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სალომე სამადაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ევა გოცორიძეს.

„ქალბატონო ევა, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. საერთოდ სიურპრიზი აღმოჩნა ჩემთვის, რომ ჯორჯ მარშალი იცით ვინ არის და გამიკვირდა, რომ საერთოდ წაკითხული გაქვთ. როცა ქალბატონი ევას განცხადებებს ვისმენდი სიტყვის თავისუფლების თაობაზე, მეგონა, რომ განათლება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით ქონდა მიღებული“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ევა გოცირიძეს.

თავის მხრივ, სამადაშვილს განათლება დაუწუნა თავად გოცირიძემ: „ქალბატონო სალომე, ვინ რა განათლება მიიღო, ამაზე მეტყველებს ის, თუ ვინ რა გამოთქმებს იყენებს საქართველოს პარლამენტში“, - უპასუხა ევა გოცირიძემ სამადაშვილს.

ტრადიციულად, სამადაშვილს კორექტულობისკენ მოუწოდეს უმრავლესობის დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა. მცირე შელაპარაკების შემდეგ სამადაშვილი უკვე მერაბიშვილთან დაკავშირებით ევა გოცირიძის შეფასებით დაინტერესდა.

„მე არ მგონია, რომ ამაზე აზრი უნდა გამოვთქვა. მიმაჩნია, რომ, თუკი ის მართლა იყო გაყვანილი სხვა მიზნით და მისი გაყვანა უკავშირდებოდა გარკვეულ ზეწოლის განხორციელების მცდელობას, ეს, რა თქმა უნდა, არის დარღვევა. ის, რომ მე-18 მუხლი დარღვეულად ცნო სტრასბურგის სასამართლომ, ეს არ ნიშნავს, რომ იგი მიიჩნევს, რომ მისი პატიმრობა იყო უკანონო. მას შემდეგ, რაც წავიკითხავ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მივხვდები რა არგუმენტების საფუძველზე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. ნუ შეეცდებით, რომ ჩამრთოთ დისკუსიაში. თავს შევიკავებ“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ გოცირიძის მოსამართლედ დანიშვნა, საკონსტიტუციო სასამართლოს „დეგრადაციის პროცესის“ გაგრძელება იქნება. როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, გოცირიძე იყო პოლიტიკური იარაღი იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების ხელში გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ.

„ჩვენ გვახსოვს ქალბატონი ევა გოცირიძის განცხადებები, თუ როგორ იყო ის პოლიტიკური იარაღი სასამართლო სისტემის შიგნით, იუსტიციის საბჭოში ხელისუფლების ხელში „რუსთავი 2“-ის და ზოგადად, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ უჭერს სამოქალაქო სექტორი, რადგან მიაჩნიათ, რომ ევა გოცირიძე ნეიტრალიტეტს ვერ შეინარჩუნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნოს ისეთი პირი, რომელიც იქნება ნეიტრალური და პრინციპული, „რაც გოცირიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი საქმიანობის მეორე პერიოდში ვერ გამოავლინა და განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნის ეტაპზე, რამაც სასამართლო სისტემა კრიზისში შეიყვანა“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მისთვის, როგორც მოქალაქისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ სკანდალურად დაწუნებულ ადამიანს ვიხილავთ ისეთ მაღალ კონსტიტუციურ ორგანოში, როგორიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა.

„ქალბატონი ევას საქმიანობის შესახებ ცნობილი არავისთვისაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ამ პოზიციაზე არასდროს უმუშავია. ის მუშაობდა მართლმსაჯულების სისტემაში, იყო იუსტიციის საბჭოს წევრი და ეწეოდა თეორიულ კვლევით საქმიანობას. სავარაუდოა და გამოცნობადია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ევა გოცირიძის მიმართ არ იყო გულგრილი. სწორედ ამით შეიძლება ავხსნათ ის არაერთი მცდელობა სტრასბურგის მოვლენების დროს, ასევე იუსტიციის საბჭოში მისი განმწესება თუ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარდგენა“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.