მთავრობა საწვავის გაიაფებას კრძალავს!

მთავრობა საწვავის გაიაფებას კრძალავს!

 [ეკა ბაქრაძე]

ხელისუფლება მენავთობეებს საწვავის გაიაფებას უკრძალავს.  ასეთი ეჭვი დიდი ხანია არსებობდა, მაგრამ ახლა უკვე ბაზარზე არსებული ვითარება ცალსახად ადასტურებს ამას. 2 მაისიდან მოყოლებული მსოფლიოში საწვავი იაფდება, საქართველოში კი ჯერ ამისი ნიშან-წყალიც კი არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ოქროს ფასი თითქმის 20%-ით შემცირდა, ჩვენთან „სტაბილური ფასებია“. მაღალი ფასები კი მხოლოდ ნავთობკომპანიების და ხელისუფლების აძლევს ხელს 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი (გადასახადების ჩათვლით) 1,7 ლარია. ეს ნიშნავს, რომ საბითუმო ფასსა და გასაყიდ ფასს სხვაობა 45 თეთრია. ასეთი დიდი მოგება ნავთობკომპანიებს არასდროს ჰქონიათ. მთავრობა კი მაღალი ფასებიდან მაღალ საბიუჯეტო შემოსავლებს იღებს. ამიტომ პროდუქციის გაიაფება მის ინტერესში არ შედის.

ნავთობის იმპორტიორები თავს არიდებენ კითხვაზე პასუხს - უახლოეს მომავალში გაიაფდება თუ არა ბენზინი და დიზელი. უფრო მეტიც, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა ისიც კი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფასები 170 დოლარით შემცირების მიუხედავად, მას საწვავი პირიქით გაუძვირდა და საცალო ბაზარზე ძვირად ამიტომ ყიდის.

იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მოცულობის უმეტესი ნაწილი მოდის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმზე“, „ლუკოილზე“, „ვისოლზე“, „რომპტროლზე“. „პრემიუმის“ მარკის ხვედრითი წილი ბაზარზე 20-25%-ია, დაახლოებით, 2% უკავია „სუპერს“, 30% - „რეგულარს”.  ევროპული საწვავი საქართველოში შემოდის რუმინეთიდან, იტალიიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ხოლო დიზელის საწვავში აზერბაიჯანული პროდუქციის ხვედრითი წილი 75%-ია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, წლეულს ნავთობზე ყველაზე მაღალი ფასი აპრილის ბოლო რიცხვებში აღირიცხა და 1 ბარელზე 125 დოლარი შეადგინა. მაისიდან ნავთობის ფასმა კლება დაიწყო, თუმცა ივნისიდან კვლავ ზრდის მიმართულებით წავიდა. თუკი შავი ოქროს გაიაფების ტენდენცია მსოფლიოში შენარჩუნდა, საწვავი საქართველოში გაიაფდება.

საქართველოში ნავთობპროდუქტებით საცალო ვაჭრობა რომ ერთობ მომგებიანი საქმეა, ამაზე დისტრიბუციის ბაზარზე განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელმაც „მაგნატისა“ და „სენტას“ ქსელები შეიძინა, „ეკო ჯორჯიას“ ავტოგასამართი სადგურების შეძენასაც აპირებს. „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ სახელით საქართველოს ბაზარზე მსოფლიო სანავთობო გიგანტი „გალფი“ ოპერირებს, ხოლო „ეკო ჯორჯია“ ბერძნული ინდუსტრიული კომპანია „სელენიკ პეტროლიუმის“ შვილობილია.

ექსპერტების ვარაუდით, გამომდინარე იქიდან, რომ მენავთობეების ამგვარ თვითნებობაზე ხელისუფლების წარმომადგენლები ხმას არ იღებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საწვავზე მაღალი ფასების დირექტივა, თვითონ ხელისუფლებიდან მოდის.

„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ეკონომიკური პროცესები „შთანთქმულია“ ხელისუფლების უმაღლესი წრეების მაღალი მადით. ეს არის ფასწარმოქმნის ქართული რეალობა. ჯანსაღი კონკურენცია და საბაზრო პრინციპების დაცვა ზედმეტია. ამიტომ ჩვენთან ყველაფერზე კარტელური ფასებია. ვითომ სხვადასხვა ნავთობკომპანიას, სხვადასხვა ღირებულების საწვავი, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს, თუმცა ბენზინზე და დიზელზე ყველა კომპანიას ერთი ფასი აქვს. ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ღორმუცელა ხელისუფლების მიმართ ხალხის ნდობა მცირდება“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.