ჯანდაცვის მინისტრი სელექციური (შერჩევითი) აბორტების შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, არასასურველი სქესის მქონე ნაყოფის მოცილება ხდება. ძირითადად იშორებენ შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებს, ასევე, გოგონებს და ეს იმ ქვეყნებში ხდება, სადაც ოჯახში უპირატესობა ვაჟის ყოლას ენიჭება.
გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა გავლენას ახდენს მოსახლეობაში სქესთა თანაფარდობაზე. განსაზღვრულ თანაფარდობად ასახელებენ 103-დან 107 ახალშობილ მამრს 100 მდედრზე.
დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ კიდევ წლების წინ არის გაცემული, თუმცა ამას ერთეულები თუ იცავენ. სქესის წინასწარ გამხელა კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც, უბრალოდ, მიუღებელია.
სელექციური აბორტების შესახებ For.ge ჩაჩავას სახელობის ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ პალიკო კინტრაიას ესაუბრა.
დავით სერგეენკოს თქმით, სქესის არგამხელის ეტიკეტი ყველა ორსულთან დაცული უნდა იყოს. რამდენად მოქმედებს მშობიარეებზე ის ფაქტი, რომ მათთვის არასასურველი სქესის შვილის გაჩენა მოუწევთ და რატომ არის ეს შერჩევა ძირითადად გოგონების გაჩენის საწინააღმდეგოდ მიმართული?
- 50 წელია, მეან-გინეკოლოგი გახლავართ. დავბერდი კაცი და ვინ იცის, ჩემთან რამდენი პაციენტი მოსულა, სამი გოგონა რომ ჰყოლია, მეოთხე გოგონაზე ყოფილა ორსულად და უფიქრია, გაეჩინა თუ არა მეოთხე შვილი, მაგრამ, თუ ამ ადამიანს აუხსნი, რას ნიშნავს აბორტი, არ არსებობს ქალი, რომელიც დაიჩემებს, გინდა თუ არა, აბორტი უნდა გავიკეთოო. ამაზე დამშვიდებულად საუბარი არ შემიძლია, რადგან აბორტი მკვლელობაა. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ადამიანი უნდა მოკლა. ამას დედას რომ აუხსნი, გააგებინებ და ის დედა მაინც იტყვის, მე მაინც უნდა მოვკლა ჩემი შვილიო, ის ადამიანი აღარ არის.
სხვათა შორის, მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში მე საერთოდ ავკრძალე აბორტის გაკეთება. შემდეგ ამას მოჰყვა სხვადასხვა ინსტანციებიდან გადაწყვეტილებები, რომ ეს კანონით დაშვებულია და თქვენ უფლება არ გაქვთ, აკრძალოთ აბორტის გაკეთებაო. კი ბატონო, ამის შემდეგ დავუშვი აბორტი, მაგრამ ამ ინსტანციებს გავაგებინე, რომ აბორტი ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია. ამიტომ ოპერაციისთვის უნდა მოემზადოს ადამიანი. კერძოდ, უნდა მოვიდეს სამშობიაროში, მიმღების საშუალებით მოთავსდეს ქირურგიულ განყოფილებაში და მას განემარტოს, რა მოელის ცოტა ხანში. მაშინ ჩემი შვილი -ნიკოლოზ კინტრაია იყო განყოფილების გამგე. ნიკოლოზმა თანამშრომლებს უთხრა, რომ ავადმყოფი პირველსავე აბორტზე შეემზადებინათ ოპერაციისთვის. შემდეგ პალატაში შევიდა ექთანი და უთხრა, ახლა ქალბატონო, წამობრძანდით, თქვენ გელოდებათ ჯალათი, რომ თქვენი შვილი მოკლას და თქვენ გაგათავისუფლოთ ორსულობიდან. ის ქალი კისრისტეხით გავარდა პალატიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა აბორტისთვის. მოვიდა მხოლოდ მშობიარობის მიზნით. ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, აბორტი არ არის უბრალო ჩარევა, ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა.
მაგრამ ეს ფსიქოლოგიური მომენტი რამდენად გაჭრის იმ ქალბატონზე, რომელსაც გენდერული ნიშნით ბავშვბის მოშორება მაინც გადაწყვეტილი აქვს?
- ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ამიტომ სწორად არ მიმაჩნია ფართო მასშტაბით ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, გინდა თუ არა, ბავშვის სქესი ვუთხრათ, თუ არ ვუთხრათ პაციენტს. დავუშვათ, არ უთხრეს ქალბატონს სქესი და დაიბადა გოგონა, რომელიც მას არ უნდოდა, მერე ის დატოვებს შვილს სამშობიაროში და არ წაიყვანს სახლში, თუ როგორ იქნება? ბიჭია თუ გოგოა და გაიკეთოს თუ არა აბორტი, ეს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ქვეყნის წინსვლასა და გამრავლებაზე თუ შესტკივათ გული, მაშინ ორსულებზე ზრუნვას ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დახმარება გაუწიონ, მეტი თანხა გამოუყონ.
ზოგადად, კავკასიაში გოგონების დაბადების მიმართ ნაკლები ინტერესია. წინა საუკუნეების ტრადიციით, ბიჭი ოჯახს უფრო გამოსადეგად მიაჩნდა. საუკუნეებით ჩამოყალიბებული ეს ტრადიცია როგორ უნდა შეიცვალოს?
- პირადად მეც ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც სამი ბიჭი ჰყავდა, ძალიან უნდოდა, გოგონა შესძენოდა და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გოგო შეეძინა. ბუნებრივია, რომ ადამიანს თუ გოგოები ჰყავს, ბიჭი უნდა და, პირიქით, თუ ბიჭები ჰყავს, გოგოს გაჩენა სურს. არასწორია, ერი იბრძოდეს იმისთვის, გინდა თუ არა, ბიჭები უნდა გავაჩინოთო. აბორტი ჩვენს წელთა აღრიცხვამდე პერიოდიდან მოდის. ძველ რომში აბორტის გამკეთებელი ქვეყნის მოღალატედ ითვლებოდა იმიტომ, რომ ის რომს აკლებდა მომავალ მეომარს. ასეთნაირად ფიქრობდნენ რომაელები. ბიჭი რომ დაიბადებოდა, მას მომავალ დამცველად, მეომრად მიიჩნევდნენ. მხოლოდ ამის გამო იყო აბორტი აკრძალული და არა კეთილშობილური მიზნების გამო.
მაგალითად, საფრანგეთში აბორტის გაკეთებისთვის სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამას მოჰყვა შედეგად ჰომოსექსუალობა და ათასი უბედურება, რომ ეშინოდათ აბორტის გაკეთების. მაშინ არ იყო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები. ფრანგებმა როცა დაინახეს, რომ არ იზრდებოდა შობადობა საფრანგეთში, როდესაც ერი მიხვდა, თუ ფრანგები არ გამრავლდებოდნენ, მათ ტერიტორიებს სხვა ეროვნების ხალხი დაიკავებდა, სწორედ მაშინ დაიწყო საფრანგეთში გამრავლება და დღემდე ეს პროცესი სათანადოდ მაღალ დონეზეა.
საქართველოშიც ეს უნდა იყოს ერის გადაწყვეტილება, რომ უნდა გამრავლდნენ. მთავრობა იქნება თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ მიდგომას. სწორი მიდგომა კი აქვს იმას, ვისაც სწორი გული აქვს და რაღაცის გამორჩენის გამო არ ეწევა საკუთარი მოსაზრებების აგიტაციას.
სქესის მიხედვით შერჩევითი აბორტები განსაკუთრებით გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, საქართველოს ჩათვლით. ამიტომაც გაჩნდა ფრაზა-„სამხრეთ კავკასიის გამქრალი გოგონები“. დასავლეთში სელექციური აბორტები თუ კეთდება?
- დასავლეთში არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ბავშვის სქესს. ამ თვალსაზრისით, გოგო ეყოლებათ თუ ბიჭი, პრობლემა არ აქვთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დამახინჯებული მიდგომაა და, სამწუხაროდ, ამ დამახინჯებული მიდგომით ბევრი ადამიანი ხელს ითბობს. ტელევიზიით გამოდიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არავითარი პატივისცემა არ აქვთ საზოგადოებაში. ხალხმა იცის მათი წარსული, ისიც იცის, რას წარმოადენენ ეს პიროვნებები, რომლებიც დიდი პათოსით გვმოძღვრავენ. ვინ უსმენს ამ ადამიანებს და ვინ თვლის რამედ? უბრალოდ, ხმაურობენ და მეტი არაფერი. ასე რომ, სელექციურ აბორტზე უნდა შეწყდეს ლაპარაკი, ხალხს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ შვილის გაჩენის არ ეშინოდეთ. არ ეშინოდეთ იმის, რომ ვერ არჩენენ, ვერ გაზრდიან. მაშინ საკითხი, ერი გამრავლდება თუ არა, სრულიად სხვა მიმართულებას მიიღებს. დღეს, როცა ცოლიც უმუშევარია და ქმარიც, რა ნამუსით უნდა ვურჩიოთ მათ შვილის გაჩენა?