ევროსაბჭო ლომჯარიას წარდგენას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს

ევროსაბჭო ლომჯარიას წარდგენას წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე ოფიციალურად წარადგინა და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, დღეს, ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტება უმცირესობის მისამართითაც გააკეთა და განაცხადა, რომ ლომჯარია შეირჩა არა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასახელებულ ოთხ კანდიდატს შორის, არამედ შეირჩა შვიდი კანდიდატიდან, რომელთა შესახებაც უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს.

მართალია, ლომჯარია არასამთავრობო სექტორიდან არის, მაგრამ საპარლამენტო უმცირესობას პრეტენზიები მის მიმართაც გააჩნია, მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი თვლის, რომ ლომჯარია სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას ხელისუფლების კრიტიკით არ გამოირჩეოდა. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნინო ლომჯარია უსამართლოდ გააკრიტიკეს და ეს არ არის კარგი დასაწყისი მომავალი სახალხო დამცველის კარიერის დაწყებისთვის.

თავისი ნდობის მიუხედავად უმრავლესობამ ლომჯარია „გააფრთხილა“ კიდეც - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, ნინო ლომჯარია ცნობილია თავისი პრინციპული პოზიციით, მაგრამ იმედი აქვს იმ ცდუნებას არ აჰყვება, რაც ხშირად ჰქონდა უჩა ნანუაშვილს, რომ პოლიტიკაში შემოჭრილიყო თავისი განცხადებებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია მზადაა სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭიროს მხარი, თუმცა როგორც მელია აცხადებს, უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა პარტიებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს“, - განაცხადა მელიამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მხრიდან ფართო კონსულტაციების გამართვას მიესალმება. ელჩის შეფასებით, მმართველი გუნდის ეს ნაბიჯები დადებით შედეგს მოუტანს ქართული დემოკრატიის შემდგომ განვითარებას.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში არსებული დემოკრატიული კონტროლისა და დაბალანსების სისტემაში საკვანძო როლს თამაშობს. ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის დასახელება საქართველოს გადაწყვეტილებაა და ის პარლამენტმა უნდა მიიღოს. იმ საერთო პრინციპების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, მიმაჩნია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, როდესაც სახალხო დამცველის ოფისს ხელმძღვანელობს კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც შესწევს უნარი იმოქმედოს დამოუკიდებლად შესაბამის პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და რომლის მხარდაჭერა სცილდება ვიწრო, პარტიულ ჩარჩოს. შესაბამისად, ჩემი მხრიდან ძალზე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ფართო კონსულტაციები გამართა – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან - და მზად არის გაითვალისწინოს მიღებული შედეგები. ეს დადებით შედეგს მოუტანს ქართული დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ჰერმანმა.