ფილოსოფოსის ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, მასმედიამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, თუ რა აგრესიით შეხვდა რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბაქოს შეხვედრას და ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი „აბრეშუმის გზის“ იდეის რეალური კონტურების გამოკვეთას, რაც რუსეთმა აღიქვა პოლიტიკური დარტყმად.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
ინფორმაცია არის მწირი, გარდა იმ განცხადებისა, რაც გააკეთა შს მინისტრმა, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმთან. ალბათ, რთულია დასკვნის გაკეთება, მაგრამ თუ გამოვალთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, მისი ჩართულობა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ეპატზე, საქართველო მიმზიდევლი აღმოჩნდა ისლამური ხალიფატისთვის, თუ ამ შემთხვევაში გამოყენებულია, როგორც სატრანზიტო ქვეყანა? ჩვენ გვესმოდა შეფასებები, რომ საქართველო არ იყო პირდაპირი სამიზნე...
ზაზა ფირალიშვილი: ცხადია, ეს არ იყო ლოკალური მოვლენა და არც ძალოვნების მიერ განხორციელებულ ოპერაციას ექნებოდა ლოკალური ხასიათი. დარწმუნებული ვარ, სულ მცირე, ორი–სამი ქვეყნის უშიშროების სამსახური ადევნებდა თვალს, თუ რა ხდებოდა თბილისში და ჩვენებთან კავშირშიც იყვნენ. საქმე ხომ გლობალურ ტერორიზმთან გვაქვს და სხვაგვარად არც მოხდებოდა. მეტსაც ვიტყვი, თვალის დევნების ეს კავშირიც ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური იქნებოდა.
რაც შეეხება ავღანეთის მისიას, ავღანეთში ჩვენი სამხედროების მისია არ არის ისეთი ხასიათისა, რომ ამან ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულ სამიზნედ აქციოს. მათ არ უწევთ აქტიურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც საეჭვოა, რომ საქმე ეხებოდეს რეაქციას ჩვენი ჯარების ავღანეთში ყოფნის გამო. თუმცა კი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენში მოქმედი მავანი წრეები ვითარების დახატვას სწორედ ასე შეეცდებიან.
რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოს“, ცნობილია, რა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ იქ ჩეჩნები. ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გააკეთა ათასობით ჩეჩენი ლტოლვილის შეფარებით, ის კაპიტალია, რომელიც დღემდე ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს პუტინის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ამ ხალხში ნაციონალური იდეა ჯიჰადის იდეით ჩანაცვლებულიყო. ეს მათ საერთაშორისო მხარდაჭერასა და თანაგრძნობას დაუკარგავდა, ამ ვითარებაშიც კი ჩვენ შევძელით მათთან ურთიერთობის შენარჩუნება. ხოლო თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ამას კავკასიაში, ბევრ ახსნას არ საჭიროებს.
წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისითაც მაშინ გადადგმული ნაბიჯების წყალობით კავკასიის პოლიტიკურმა სურათმა შეცვლა დაიწყო. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ასეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩერქეზების გენოციდის აღიარება. ამან აფხაზებს დაუკარგა ის ცალსახა მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდათ. ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კარგად ესმოდა, თუ რა სტრატეგიულ კაპიტალს ვეუფლებოდით ამგვარი დამოკიდებულებით, ამიტომაც ცდილობდა და დღემდე ცდილობს პანკისის ხეობა მუსლიმი ტერორისტების მომზადების ადგილად გამოაცხადოს, ხოლო ჩვენ მათ ფარულ მოკავშირედ წარმოგვადგინოს. მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი ურთიერთობა ჩეჩნებთან სხვა განზომილებისაა და ეს ისტორიულადაც ასე იყო.
ადრე ოსმალეთი და რუსული თვითმპყრობელობა ცდილობდა ამ კავშირს შორის ჩამდგარიყო, ამჟამად მუსლიმი ტერორისტები და კვლავ და კვლავ, ჩვენი ჩრდილოელი „კეთილისმყოფელი“ ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენს შორის არსებული ძარღვის გასაწყვეტად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაპირისპირებაც გვქონია, ერთმანეთის პატივისცემა არ დაგვიკარგავს და ურთიერთობათა მორალური ასპექტი შევინარჩუნეთ. ამ ფონზე მით უფრო გასაკვირია მომხდარი და მით მეტი კითხვები ჩნდება მასთან დაკავშირებით. მით უფრო ძლიერდება ეჭვი იმის გამო, რომ ტერორისტების მოქმედება ვიღაც მესამის მიერ იყო მართული.
თუ გამოვალთ დროის ფაქტორიდან, რა დროს ჩატარდა სპეცოპერაცია და მანადმე ორი კვირით ადრე მიყურადება, დროში ემთხვევა საქართველოში ჩანიშნულ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, მათ შორის 28 ნოემბერს ტარდება „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელსაც რამოდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მსოფლიოს 26 ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრება. შეიძლება ითქვას, რომ სამიზნე იყო სწორედ ფორუმი, რადგან ამ დაჯგუფების მიზანია რეზონანსული ტერაქტის მოწყობა?
– ძნელია, გადაჭრით რამე ითქვას, თუმცა ლოგიკა გვკარნახობს, რომ რაღაც მსგავსთან გვაქვს საქმე. თუ რუსეთის კვალს ვივარაუდებთ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ იგი კვლავ თავისი ტლანქი და საპირისპირო შედეგების მომტანი ლოგიკით მოქმედებდა. მომხდარს სხვა არაფერი შეიძლება მოჰყვეს, თუ არა ჩვენი კიდევ უფრო მჭიდრო დაახლოება იმ ქვეყნებთან, რომლებთან დაახლოების გამოც ასე ღიზიანდებიან. თუ მათ იმის იმედი აქვთ, რომ მომხდარს მოსახლეობაში დაბნეულობა და ანტიდასავლური ან ანტიისლამური განწყობების გაძლიერება მოჰყვება, ცუდად სცოდნიათ ქართველი კაცი.
ცხადია, ასეთი იდეების მატარებელი მარგინალებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ისინი ვერ ითამაშებენ რაიმე მნიშვნელოვან როლს. სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს ვარაუდი, რომ მიზანი, უმალ, ჩვენთან დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების და პროექტებისათვის ხელის შეშლა იყო. ჩვენმა მასმედიამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, თუ რა აგრესიით შეხვდა რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ბაქოს შეხვედრას და ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი აბრეშუმის გზის იდეის რეალური კონტურების გამოკვეთას. ეს მათ აღიქვეს იმდენად არა ეკონომიკურ, რამდენადაც პოლიტიკურ დარტყმად.
მათ მიერ სატრანზიტო კომუნიკაციების ლამის მონოპოლური ფლობა საეჭვო გახდა. მართალია, ჩვენი გზის შესაძლებლობები არ იქნება განსაკუთრებით დიდი, მაგრამ მისი არსებობა რუსეთისათვის, სულ მცირე, გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ დივერსიფიკაცია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ამით ისინი საბოლოოდ ჰკარგავენ ჩვენი რეგიონში ძველი სახით და ქცევის ყაიდით დაბრუნების პერსპექტივას.
ამ ფონზე საინტერესოა გრიგორი კარასინის განცხადება, რომ საქართველოს არ შეუმსუბუქდება სავიზო რეჟიმი, იმიტომ, რომ აქ ტერორისტების აქტივობა შეინიშნება. რატომ შეიძლება გამოირიცხოს რუსეთის ინტერესები, რომ მიზანმიმართულად შექმნას საქართველოში დაძაბულობის და დესტაბილიზაციის კერა, მით უმეტეს, რომ არაერთხელ ყოფილა მსგავი ფაქტები საქართველოს უახლოეს წარსულში და იგივე პანკისის მიმართულებით და სწორედ ტერორისტების თემის გააქტიურებით...
– ცნობილი რუსული სტრატეგიაა, შეგიქმნას პრობლემა და შემდეგ მის გადაწყვეტაში დახმარება შემოგთავაზოს. მსხვილ სახელმწიფოებს ამ დახმარების სანაცვლოდ პარტნიორობას სთხოვენ, პარტნიორობას თუ არა, მათი ხელისუფლების დანაშაულებებზე თვალის დახუჭვას, წვრილებს – ვასალიტეტს. ამას ჩვენ უკვე გასული საუკუნის 80-იან წლებში შევესწარით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების გაღვივების დროს.
დასავლურ ქვეყნები მაშინ ნაკლებად აქცევდნენ ამას ყურადღებას. დღეს დასავლეთში უკვე მხოლოდ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს თუ არ სჯერა რუსული სპეცსამსახურების როლისა მიგრანტთა კრიზისში. სრულიად ასევე, ხმამაღლა ლაპარაკობენ საერთაშორისო ტერორიზმის გაღვივებაში რუსეთის როლზე. კიბერომებზე უკვე იმდენია ნათქვამი, რომ აღარ გავიმეორებ.
ერთი ამბავი მახსენდება უახლესი წარსულიდან. 1995 წელს იაპონურმა სექტა აუმ შინრიკიომ ტოკიოს მეტროში მომწამლავი გაზით 5000 ადამიანი მოწამლა. გარდაიცვალა თორმეტი. მათი მიზანი იაპონიის ამერიკასთან დაპირისპირება და მასონებისა და ებრაელების წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომის დაწყება იყო. მაშინ ნაკლებად გახმაურდა, რომ სექტის ლიდერი შოკო ასახარა ხშირად ჩადიოდა მოსკოვში, რომ იქ მას ე.წ. იაპონურ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საშუალება მიეცა და, რომ იგი რეგულარულად ქადაგებდა რუსული ტელევიზიით. მაშინ ამ სექტის წევრთა ოდენობამ რუსეთში სამჯერ გადააჭარმა მათ ოდენობას იაპონიაში.
ასაჰარა უშუალოდ იყო დაკავშირებული უშიშროების საბჭოს მდივანთან ოლეგ ლობოვთან. მისი დახმარებით მისი სექტა ვლადივოსტოკის მიდამოებში არსებული ერთ-ერთი გადამცემიდან რადიომაუწყებლობას ეწეოდა იაპონიის ტერიტორიაზე და ა.შ. ლობოვისვე დახმარებით სამხედრო ვერტმფრენიც კი შეიძინა. ტოკიოს მეტროს მოწამვლის შემდეგ ეს კავშირები გაუგებრობით ახსნეს, მიჩქმალეს და ამ ისტორიას მხოლოდ ლობოვის კარიერა შეეწირა. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ რუსეთს ტერორისტებისა და კრიმინალების გამოყენება სიტუაციის ასამღვრევად არასოდეს უჭირდა.
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ჩრდ. კორეის მიერ ატომური იარაღის გამოყენების შესახებ მუქარა რუსეთის მხრიდან ახალი პრობლემის შექმნის მცდელობას წარმოადგენს, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ცდილობენ სიტუაციის გამწვავების შედეგად ერთგვარი მედიუმის როლი მოიპოვონ და რაღაც ხარისხით მაინც მისაღები გახდნენ.
ჩვენს შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, რუსეთმა რაღაც მსგავს ხერხს მიმართოს, რათა მისთვის არასასურველად წარმართული პროცესები თავის სასარგებლოდ შეაბრუნოს. თუ ასეა, მაშინ მომხდარი მოვლენა ამ მცდელობის ნაწილია. ბედად, დასავლეთი დღეს არნახულად უფრო ფხიზლად უყურებს რუსეთს და ნაკლებად აბრმავებს ამ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე შედგომის ილუზია.
რაც შეეხება საფრთხეებს, ბუნებრივია ტერორიზმი უკვე მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში საფრთხეები რა მიმართულებით არის გაზრდილი, ან შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა ამოიწურა?
– ცხადია, არ ამოწურულა. ალბათ, იქნება მცდელობა, რომ დაპირისპირების პროცესი გაგრძელდეს და დიდი საერთაშორისო პროექტები, უფრო მეტიც, ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. კავკასია არ არის ერთგვაროვანი. არც თავად ისლამისტები არიან ერთგვაროვნები. ყოველთვის შეიძლება ვინმე ისეთის მოძებნა, ვინც საერთო აზრის წინააღმდეგ წავა. დღეს უკვე საიდუმლო აღარ არის, თუ რა საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს თუნდაც რამზან კადიროვის პოლიტიკური ფიგურა. ამიტომაც არის, რომ ჩვენს უშიშროების ორგანოებს ძალზე დაძაბული და ფრთხილი მუშაობა ელით, თუმცა, ვფიქრობ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
ამ სპეცოპერაციამ რა აჩვენა, რამდენად მზად აღმოჩნდა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქართული სპეცსამსახურები?
– ვფიქრობ, გაცილებით უფრო მზად აღმოჩნდნენ, ვიდრე შეიძლებოდა გვევარაუდა. ერთია თეორიული განსწავლა და მეორე, როდესაც რეალურ საბრძოლო სიტუაციაში აღმოჩნდები. ცხადია, ალბათ, იყო შეცდომები, მაგრამ არ იგრძნობოდა დაბნეულობა. ჩვენებმა შეძლეს ოპერაცია შეძლებისდაგვარად მინიმალური დანაკარგებით ჩაეტარებინათ და არც ტერორისტებისთვის მიეცათ წასვლის საშუალება. მოსახლეობაც რომ დაცული იყო, ეს თუნდაც იქედან ჩანს, რომ იმ სახლში მცხოვრები არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. დღემდე გრძელდება მცდელობა, შემოგდებული იქნას მოკლული მშვიდობიანი მოსახლისა თუ დახოცილი ბავშვების თემა. ვიღაც რაღაც მიზეზებით დაინტერესებულია, რომ ძალოვანების დისკრედიტაცია მოახდინოს.
ამ ფონზე, ალბათ, საინტერესოა ოპონენტების განცხადება ძალოვანების პოლიტიზირებასთან დაკავშირებით...
– ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ რამდენად ვუწყობთ ხელს ამგვარ დეპოლიტიზებას ისეთი განცხადებებით, რომელთა მომსწრეც ვართ? მიამიტური, თუმცა კი თავისი შედეგებით არცთუ კეთილი შედეგების მქონე ფსევდოოპოზიციური ლოგიკით ძალოვნები დღევანდელ ხელისუფლებას წარმოადგენენ და, მაშასადამე, არ შეიძლება რაიმეს სწორედ აკეთებდნენ – მათ შორის არც ტერორისტული აქტის აღკვეთისას. თავი დავანებოთ ამგვარი განცხადებების ჭეშმარიტება–მცდარობას. ამით თავადვე ხომ არ ვქმნით იმგვარ ფსიქოლოგიურ კლიმატს, როდესაც ძალოვნებს არანორმალური ბმა ექნებათ დღევანდელთანაც და ყოველ მორიგ ხელისუფლებასთან და ამას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირება? ბედად, ისეთი ოპოზიციონერებიც აღმოჩნდნენ, ვისთვისაც ასეთი ოპოზიციური რიტორიკა თვითმიზანი არ აღმოჩნდა.
ყველაფერი ეს ზედმეტად ჰგავდა მავანი „პიარის სპეციალისტების“ მიერ სასწრაფოთ შემუშავებული ე.წ. „მესიჯ-ბოქსის“ გახმაურებას, რასაც, ცხადია, შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეს სიმართლესთან და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ტერორიზმთან ბრძოლამ ინტერნეტიდან და სატელევიზიო ეკრანებიდან ჩვენს სინამდვილეში გადმოინაცვლა, მსგავსი დამოკიდებულებით ჩვენი ძალოვნების და უსაფრთხოების სამსახურების პარალიზება შეიძლება აწყობდეს მხოლოდ მტერს, ან არცთუ წინდახედულ მოყვარეს.
დღეს ჩვენც და სხვებიც ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს წინააღმდეგ წარმართულ ჰიბრიდულ ომზე. როგორც მე მესმის, მისი ერთ–ერთი უმთავრესი მიზანი არის ძირეულ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ საკითხებზე საზოგადოებრივი კონსესუსის დარღვევა, ურთიერთუნდობლობისა და ტოტალური ეჭვის სიტუაციის შექმნა, საინფორმაციო ქაოსის პროვოცირება. არ უნდა არსებობდეს თანხმობა არა მხოლოდ ფაქტების მიმართ დამოკიდებულების, არამედ თავად ფაქტების გამოც.
ამის საუკეთესო მაგალითია კითხვა, რომელიც პერიოდულად გაისმის: არის თუ არა რუსული სახელმწიფო ოკუპანტი და ხომ არ არიან ამერიკელებიც ისეთივე ოკუპანტები, როგორც რუსები? ჰიბრიდული ომის ერთ–ერთი მიზანია პროვოცირება სიტუაციისა, როდესაც არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზანდასახულებებით მსგავსი, ზოგჯერ ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალებიც კი საერთო ენას და საერთო პოლიტიკურ პლატფორმას ვერ პოვებენ.
მუდმივი სამიტინგო და რევოლუციური აჟიოტაჟი, რომელიც არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ოდნავ განზე გავდგეთ მოვლენებისაგან და მშვიდად შევხედოთ მას. მე ახლა ჰიბრიდული ომის მხოლოდ ერთი ასპექტი აღგიწერეთ. მთავარი აქ ის არის, რომ ამ სტრატეგიას ძირითადად ჩვენივე ხელით ახორციელებენ. ჩვენ კიდევ, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ჩვენი მაქსიმალისტური მოლოდინებით და ძალაუფლებისათვის ბრძოლის ჟინით, ნებით თუ უნებლიედ, მას ვემსახურებით.
ამასთან, აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგიც. დღემდე გრძელდება მითქმა–მოთქმა, მოკლულთა შორის იყო თუ არა ახმეტ ჩატაევი. ის, რომ ასეთი მასშტაბის ტერორისტის იდენტიფიკაციის პროცესი მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით არ ამოიწურება, სრულიად ცხადია. როგორც მახსენდება, ჩვენზე გამოცდილი ქვეყნების სპეცსამსახურები ზოგჯერ ამა თუ იმ ცნობილი ტერორისტის მოკვლის შესახებ აცხადებდნენ და შემდეგ ეს ტყუილი და მათთვის დაგებული მახე აღმოჩენილა.
იყო თუ არა ჩატაევი, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და როგორც სუს–ის უფროსი აცხადებს, სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია...
– რმდენადაც ვიცი, თუნდაც მხოლოდ გენეტიკურ ექსპერტიზას საკმაო დრო უნდა. თუმცა კი, არ შეიძლება არ ითქვას: ხომ არ აჭარბებენ ჩვენი ძალოვნები ამ ოპერაციასთან დაკავშირებული ბევრი სხვა ინფორმაციის გასაიდუმლოების დროს? ხომ არ გვაქვს საქმე იმ ტრადიციის გაგრძელებასთან, როდესაც ხელისუფლება ასაიდუმლოებს ისეთ ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოებასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ეს მის ავტორიტეტს ლახავს, ან, უბრალოდ, მავანი თავნება მოხელე თავს სულაც არ თვლის მოვალედ, რაიმე ინფორმაცია გასცეს ან საინფორმაციო პოლიტიკის გამართულობაზე იზრუნოს? ამგვარი კითხვები, ალბათ, მხოლოდ მე არ მიჩნდება.
საზოგადოების უზრუნველყოფა დაბალანსებული და სანდო ინფორმაციით სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. როდესაც ეს არ ხდება, მოსახლეობა, ნებით თუ უნებლიედ, მავანთა სკანდალური განცხადებებისაკენ მიმართავს ყურადღებას და შედეგების გამო სხვას არ უნდა დავდოთ ბრალი. ამ საქმისათვის დიდ თანხები გამოიყოფა, მაგრამ ხელშესახები შედეგები ჯერ არ ჩანს. როგორც ჩანს, საინფორმაციო პოლიტიკას მეტი პროფესიონალიზმი, ზრუნვა და, რა დასამალია, ნიჭიერება უნდა.