„ისრაელში ისეთი კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც საეკლესიო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა“

„ისრაელში ისეთი კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც საეკლესიო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა“

ამ რამდენიმე ხნის წინ იერუსალიმის პატრიარქმა დუმილი დაარღვია და წმინდა მიწაზე ქრისტიანთა მოსალოდნელი დევნის შესახებ ალაპარაკდა. იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის განმარტებით, ისრაელში ისეთი კანონის მიღებას აპირებენ, რომელიც საეკლესიო მიწების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა.

„ყველა ქრისტიანულმა საზოგადოებამ, რომლებიც წმინდა მიწაზე არიან, დამავალეს, მსოფლიოს ყურამდე მიმეტანა ჩვენი წუხილი და მოგვეყოლა იმ სირთულეებზე, რომლებიც იქმნება ყველა ქრისტიანული კავშირისთვის იერუსალიმში. ჩვენ დუმილს ვინარჩუნებდით და მოთმინებით ვიტანდით თავდასხმებს ჩვენი და ეკლესიის მიმართ. თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით ცრუ ბრალდებებს“, - აღნიშნა ინგლისში მყოფმა იერუსალიმის პატრიარქმა ინგლისის ეკლესიის მაღალ სასულიერო პირებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, დიდი ხანია, ცრუ ბრალმდებლებს თვალი უჭირავთ ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე და ცდილობენ, განხეთქილება შეიტანონ ქრისტიანთა ერთობაში, მაგრამ „დღეს გადავწყვიტეთ, არ მოვითმინოთ, არ გავჩუმდეთ, ხმა ავიმაღლოთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, კმარა, ჩვენი მოთმინება დასრულდა, ვევედრებით უფალს, გაგვაძლიეროს“.

პატრიარქის აღშფოთება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ ისრაელის ქნესეთის 40-მა წევრმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ეკლესიებს უფლებას უზღუდავს, თავისუფლად განკარგონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ქნესეთის ინიციატივა სახელმწიფოს სასარგებლოდ ამ მიწების კონფისკაციას ითვალისწინებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იერუსალიმის პატრიარქი უკმაყოფილებას გამოხატავს. გასულ თვეში თეოფილე მესამე მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობის მოწოდებით გამოვიდა წმინდა მიწაზე ქრისტიანობის დასაცავად.

რა პროცესები მიმდინარეობს წმინდა მიწაზე, ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ დეტალებში გარკვეული არ არის, მაგრამ სმენია იმის შესახებ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ იხდის წყლის გადასახადს და ამასთან დაკავშირებით ისრაელში გარკვეული პრობლემებია. ერთხელ ვიღაცამ დაფარა ეს გადასახადი, მაგრამ ძალიან დიდ ფულზეა საუბარი, სავარაუდოდ, 200 ათას დოლარზე.

„არა მგონია, აქ მიწების ჩამორთმევაზე იყოს საუბარი. ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებლების ტერიტორია. მაგალითად, აღდგომის ტაძარი არ ეკუთვნით მარტო მართლმადიდებლებს, ეს ტაძარი ეკუთვნის ხუთ ქრისტიანულ კონფესიას. რაც შეეხება წყლის გადასახადს, მართლმადიდებლები ამ გადასახადს არ იხდიან იმიტომ, რომ ერთმანეთს ხელს უშლიან ამ საქმეში, რადგან, ვინც ფულს გადაიხდის, მერე ჩაითვლება, რომ ეს ტერიტორიებიც მისია. ამიტომ ვერ შეთანხმებულან ერთმანეთში, თანხები როგორ გადაიხადონ“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რთულია ამ თემაზე საუბარი კონკრეტული დეტალების საფუძველიანი გაცნობის გარეშე. თუმცა ერთი რამ ცხადია, ქნესეთი ისრაელის ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი ორგანოა, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. წმინდა მიწა დღეს უმეტესწილად ისრაელის სახელმწიფოს მოიცავს და მის ნაწილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ისრაელის სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, თავისი პოზიცია ჰქონდეს. თუმცა მართლმადიდებლებსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ამ კონკრეტულ დიალოგში შესაძლოა, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, რათა გონივრულად, დაპირისპირების გარეშე გადაწყდეს ეს საკითხები.

„რაღაც ხელოვნურად დრამატიზებული მგონია ეს თემა. არავის აქვს უფლება, კანონიერ საკუთრებაზე კანონიერი უფლება შეუზღუდოს მოქალაქეს, რელიგიურ კონფესიას თუ სხვა წარმონაქმნს. აქ ყველაფერი საერთაშორისო სამართლისა და კონკრეტული კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით უნდა გაირკვეს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე არ ფლობს ინფორმაციას, რა ხდება იერუსალიმში საეკლესიო მიწების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი პარადოქსული ფაქტის შესახებ ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, იერუსალიმში, სადაც დგას ქნესეთის შენობა, ეს ტერიტორია იჯარით არის აღებული ჯვრის მონასტრიდან, ანუ, ფაქტობრივად, ქნესეთი ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზეა.

„თავის დროზე ჯვრის მონასტერს ძალიან დიდი ტერიტორია ჰქონდა. მოგეხსენებათ, ჯვრის მონასტერი ოდესღაც ქართველების იყო, ამჟამად ბერძნებისაა. საინტერესოა ისიც, რომ ჯვრის მონასტერზე ორი დროშა ჰკიდია-ბერძნული და ქართული დროშები. რეალურად, ეს არის ქრისტიანული იერუსალიმის დროშა, რადგან ჩვენი და ქრისტიანული იერუსალიმის დროშები ერთი და იგივეა“.