სასტუმრო „არმაზის“ შემდეგ ტრაგედია სასტუმრო „ლეოგრანდშიც“ დატრიალდა. 24 ნოემბრის 20 საათზე გაჩენილმა ხანძარმა ბათუმის ამ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, ათი საქართველოს, ხოლო ერთი-ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო. დაღუპული ორი ახალგაზრდა ლიფტთან იპოვეს, ორი კი-სავარჯიშო დარბაზთან. როგორც ამბობენ, ორი მათგანი ლიფტში გაიგუდა, ერთ-ერთმა დედასთან დარეკვა მოასწრო, მიშველე, ვიხრჩობიო. მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს და მათი დროული ევაკუაცია მოახდინეს.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 40-მილიონიანი დოლარის ინვესტიციით აშენებული სასტუმრო, რომლის 180 ნომერშიც მსოფლიო კლასის მომსახურებით ამაყობდნენ, უსაფრთხოების ელემენტარულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე. სასულიერო პირებმა დაღუპულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
„ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. აღნიშნული წესების დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ „ლეოგრანდის“ საევაკუაციო კიბე სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებდა და კიბის გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. აჭარის ხელმძღვანელობაში ირწმუნებიან, რომ ამ გაუმართაობის გამო სასტუმროს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც.
„გამოძიება უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. მინისტრის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. როგორ მოხდა, რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები არ იყო დაცული, სავარაუდოდ, გამოძიება უმოკლეს დროში დაადგენს.
„პირველადი მოკვლევით, ხანძრის კერა იყო მეოთხე სართულზე. სამწუხაროდ, დერეფნის ერთადერთი კიბის დაკვამლიანება მოხდა და ხალხი იყო ბლოკირებული მეშვიდე სარულზე. მადლობა მაშველებს, რომ შევძელით ადამაინების ჩამოყვანა მეშვიდე სართულიდან. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა. დღეის მდგომარეობდიან შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა. თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება-განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ამჟამად კი, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
სასტუმრო „ლეოგრანდი“, რომელშიც ძლიერი ხანძარი გაჩნდა, ხუთვარსკვლავიანია და ის 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირობას დებს, რომ „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. სავარაუდოდ, ამ ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში არსებული ყველა სასტუმრო შემოწმდება.
ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როცა ზღვისპირა ქალაქის სასტუმროში მომხდარმა ტრაგედიამ მოსახლეობა შეძრა. 2015 წლის მაისში ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ფოლკლორული ანსამბლის წევრი, სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა ასაკიც 10-დან 13 წლამდე იყო. ტრაგიკულ შემთხვევას მოგვიანებით ამავე სასტუმროს მეპატრონის შვილის თვითმკვლელობა მოჰყვა, რომელსაც ბანკებმა 400 ათასი აშშ დოლარის გადახდა დაავალდებულეს. ხანძრის მიზეზად მაშინ გაუმართავი ელექტროგაყვანილობა დასახელდა.
ვითარებას ადგილზე გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი გახარია და აჭარის მთავრობის წევრები.
„მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას BBC აქვეყნებს. ბრიტანული მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები.
ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდი“ თურქ ბიზნესმენს, ეროლ ავგორენს ეკუთვნის. თურქული პრესა იუწყება, რომ დაშავებულთა შორის სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეებიც არიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი, აჭარის მთავრობა სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ, მწუხარებას გამოთქვამენ და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდიან მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს და ექიმებს, ყველას ვინც, უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევს, რომ ასეთ სასტუმროებს ექსპლუატაცია უნდა შეუწყდეთ. For.ge-სთან საუბარში მედეა ვასაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ ყურადღებას ძალიან ვამახვილებთ ინვესტიციებზე და იმაზე ნაკლებ მოთხოვნას ვუყენებთ ინვესტორს, ვიდრე ქართველებს. თუმცა, როდესაც ორი პრობლემური საკითხია - ინვესტიცია თუ საჯარო ინტერესი, ცხადია, საქმე საჯარო ინტერესის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
„მოგეხსენებათ, ხანძრის დროს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები კი არ იწვის, არამედ ხრჩოლავს და დნება. სასტუმრო „ლეოგრანდშიც“ სერიოზული ხანძარი და ცეცხლი არ ყოფილა. ცეცხლი არ დაგვინახავს, არც ერთი დაზარალებული და, მით უფრო, არც ერთი გარდაცვლილი დამწვარი არ ყოფილა. ე.ი. ტრაგედია სამშენებლო პლასტიკატების და მათი გამონაბოლქვის მიზეზით მოხდა. ვერ ასახელებენ ხანძრის დაწყების ლოკაციას, რომელ სართულზე დაიწყო, სად დაიწყო ხანძარი. 11 გარდაცვლილი ჯანსაღი, ახალგაზრდა მამაკაცები არიან, 22-დან 29 წლის ჩათვლით, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევდნენ. ისინი შესულნი იყვნენ სპორტულ დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ჩვენ მწარე გამოცდილება უკვე გვქონდა, ქობულეთში სამი არაჩვეულებრივი ბავშვი დაღუპვის გამო, რასაც მოჰყვა მეორე უბედურება და იმ სასტუმროს მესაკუთრემ, ახალგაზრდა წესიერმა კაცმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე?! შს მინისტრმა განაცხადა, რომ უხეშად იყო დარღვეული უსაფრთხოების წესები. მეჩვენება, რომ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები ფართხალებენ, ცდილობენ, საკუთარი პასუხისმგებლობის აცილებას, გვეუბნებიან, სარეკომენდაციო ხასიათის ღონისძიებები გავატარეთ, აკრძალვის უფლება არ გვაქვსო.
შე კაი კაცო, თუ შემოწმებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა დააფიქსირე, რატომ არ ატეხე ხმაური და არ შეატყობინე მას, ვის კომპეტენციაშიც ამ წესების დაცვა შედიოდა?! საინტერესოა, იყო თუ არა პროექტში სახანძრო კიბეების მოწყობა?! მართალია, ეს პროექტი ძველი ხელისუფლების დროს შედგა და მაშინ დაიწყო ამ სასტუმროს მშენებლობა, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს დასრულდა და, თუ რამე აკლდა, ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. ახლა ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა, მაგრამ იმ 11 ადამიანს ხომ არაფერი ეშველება?“, - აცხადებს მედეა ვასაძე.
მისივე თქმით, ასეთი ტრაგიკული ფაქტები აჭარაში უფრო მეტად ჩანს, რადგან აჭარა საინტერესო რეგიონია, აქ ხშირად იმართება ღონისძიებები, ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ამ საკურორტო ზონას. მედეა ვასაძის განმარტებით, სულ ახლახანს „ლეოგრანდში“ 50 ულამაზესი გოგონაც შეიძლება დაღუპულიყო, რომლებიც ემზადებოდნენ „მის საქართველოს“ ღონისძიებისთვის. ისინი გადარჩნენ მხოლოდ იმიტომ, რომ რესტორანში იმყოფებოდნენ და ვერანდაზე გასვლის საშუალება ჰქონდათ.
პირადად მედეა ვასაძე ბათუმის სხვა სასტუმროებს ანიჭებდა უპირატესობას, ვიდრე „ლეოგრანდს“, სადაც ძალზე ჭრელი საზოგადოება იყრიდა თავს და ეს არ ყოფილა აკადემიური ტიპის სასტუმრო, აკადემიური სტუმრებით.
„ამით „ლეოგრანდს“ არ ვაკნინებ, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ამ სასტუმროში საქორწილო რიტუალებიც იმართებოდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილადაც ითვლებოდა. ხანდახან ჩემთვის ვფიქრობ, ცოტა სხვა მიმართულებით ხომ არ უნდა დაიწყოს გამოძიება? ბოლო დროს ტერორისტულმა აქტებმა დაგვაფიქრა, „ლეოგრანდთნ“ მიმართებითაც მიჩნდება კითხვები, ასე მომენტალურად როგორ გავრცელდა ეს ხანძარი? ცეცხლი რატომ არ ჩანდა? რა მოხდა იქ ისეთი, რომ ადამიანები ბლოკირებულნი აღმოჩნდნენ სართულებზე? როგორ გაითიშა ერთბაშად ყველა სისტემა, შუქი გამოირთო, ლიფტი ჩაიკეტა, კარები აღარ იხსნებოდა? თუმცა ოპერატიულად და ეფექტურად იმუშავეს სამაშველო სამსახურებმა“.
ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აქეთ პრემიერ -მინისტრია უკმაყოფილო და უმკაცრესი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს მსგავს სასტუმროებთან მიმართებით, იქით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იჩენს კატეგორიულობას, თუმცა დასჯა უმაღლესი პირებიდან უნდა დაიწყოს. 2004 წელს გააუქმეს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც მშენებლობის ყველა სფეროს აწესრიგებდა. დღეს კი არც ერთი სამსახური არ არის, ვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს.
„სახანძრო ინსპექტორები ყველა წარმოებაში, ფაბრიკასა და ქარხანაში რეგულარულად დადიოდნენ და ამოწმებდნენ, როგორი იყო ხანძარსაშიში მდგომარეობა. იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სასტუმროების მშენებლობისას გამოყენებულია იაფფასიანი ფალსიფიცირებული მოსაპირკეთებელი მასალა. თურქების ყოფილა ეს თითქოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. უნდა დაიწყოს იმით, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც დააპროექტა, ვინც ააშენა და ვინც ჩაიბარა. სანამ ვიღაც პასუხს არ აგებს, სულ ასეთი უბედურება იქნება. აჭარის ხელმძღვანელობა რომ გამოდის და თავს იმართლებს, ვიღაცამ ხომ მიიღო ეს შენობა ექსპლუატაციაში? ვინც ჩაიბარა და ხელი ვინც მოუწერა, იმანაც უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს, რომ აკრძალულია ისეთი მასალების გამოყენება, რომლებიც ორგანულ შემკვრელებზეა დამზადებული და ტოქსიკურ ნივთიერებს შეიცავს“,-აცხადებს ანზორ საკანდელიძე და აინტერესებს, ჰქონდა თუ არა ამ სასტუმროს სახანძრო კიბეები?!
თუმცა სპეციალისტი ასკვნის, რომ იმის ხარჯზე, სასტუმროში რაც შეიძლება, ბევრი ნომერი გააკეთონ, დერეფნები დავიწროებულია, ვერ გაივლი, არ არის გამოყოფილი უსაფრთხოების ადგილები და, რაც მთავარია, გამოყენებულია იაფფასიანი, ფალსიფიცირებული მასალა, რათა მშენებლობა იაფი დაჯდეს. ანზორ საკანდელიძე დარწმუნებულია, რომ არც ერთი მოსაპირკეთებელი მასალა არ იქნებოდა შემოწმებული, მათ შორის, მათ არავინ შეამოწმებდა ცეცხლგამძლეობასა და ცეცხლმედეგობაზე. სწორედ ეს ნორმები დაირღვა ამ სასტუმროში და ამან გამოიწვია დაკვამლიანება.
ექსპერტის თქმით, თურქები საკუთარ ქვეყანაში ასეთი იაფფასიანი მასალებით არ ააშენებენ ნაგებობებს, რადგან არავინ ჩაიბარებს ამას. თურქეთში მოწესრიგებულია მშენებლობა. მშენებლობის სამინისტრო კი ევროპის ყველა ქვეყანაშია, მხოლოდ ჩვენ გავაუქმეთ. ამის მიზეზია, რომ ორიოდე წლის წინ სამი ბავშვი „ჩაწვეს“ ქობულეთში, ახლა კი 11 კაცი „დაწვეს“ ბათუმში.
„კიდევ რამდენი უნდა შეიწირონ?“ - აინტერესებს სპეციალისტს.