„ზა როდინუუ! ზა სტალინააა!“

„ზა როდინუუ! ზა სტალინააა!“

[სანტიაგო გაუჩო]

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი „პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და, მხოლოდ, მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

მსახიობი გიჟური კომახიძე იხსენებდა: ჯარისკაცის მამას“ რომ ვიღებდით, ყველაზე მეტს მე ვნერვიულობდი. ალბათ, იმიტომ, რომ პირადად ბატონ სერგო ზაქარიაძესთან მიწევდა მუშაობა.

რაიხსტაგის აღების ეპიზოდს ვიღებთ. მე – გოდერძი მახარაშვილი – მაღლა ვარ, გამოწყობილი ტანკისტის ფორმაში და ველოდები ჩემს ეპიზოდს. წუთით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ წუთით და გაისმა ბატონ რეზო ჩხეიძის ხმა: - მატოოორრრრ!

მერე ატყდა და რა ატყდა, ასეულობით ავტომატი ისვრის ათასობით ტყვიას, ყოველივე ამას თან ახლდა ყუმბარების გამაყრუებელი ბათქი. ახლა მიკვირს, მაშინ როგორ არ დავყრუვდი. ვინც ფილმი იხილა, კი გემახსოვრებათ, რომ შტურმის შემდეგ დროებით „ზატიშიეა“.

- შეწყვიტეთ სროლა, - ისმის მეთაურის ხმა და გერმანელებს წინადადება მისცეს, უპირობოდ დაეყარათ იარაღი.

გიორგი მახარაშვილი რომ თანამებრძოლს ეუბნება, - „პრეკრატიტ, ბიჭო, პრეკრატიტო“, ის მომენტია და მოულოდნელად ერთი ტანსაცმელჩამოფლეთილი მეომარი წამოხტა და კიბეებს ეკვეთა.

- ვპერიოოოდ, ბრატცი! ზა როდინუუუ! ზა სტალინუუუ! – იღრიალა და დაასკდა კიდევაც კიბეს. სწრაფადვე წამოხტა, მაგრამ ცხვირ-პირი სისხლით აქვს მოთუთხნული.

ვუყურებ ამ ამბავს ზემოდან, ჩემი პოზიციიდან, და ვერაფერი გამიგია, სცენარში ასეთი არაფერი ყოფილა, არც რეპეტიციებზე მინახავს ეს კაცი. აფუჭებს ამხელა ეპიზოდს. ვიღაცამ მოიფიქრა და გამოუდგნენ დასაჭერად. მომდევენოოო?! თან ავტომატიანებიოოო?! ეს რუსი სულ დაფრთხა და გადაირია.

- ნე ვაზმიოწე, სუკი! – იყვირა და იბრუნა პირი თავდაღმა კიბეებისკენ, აქ კი ვეღარ მოზომა, ერთ ჩანგრეულ საფეხურზე ფეხი გადაუბრუნდა და მოჭრილ მუხასავით დაასკდა კიბეებს. მდევრებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ერთმანეთის მიყოლებით ბარე 5-6 ავტომატიანი წამოემხო თავზე იმ საწყალს.

საწყალი უძახე შენ, გამოძვრა მარჯვედ ამ ზედახორიდან და კვლავ აღმა ეკვეთა კიბეებს „ზა როდინუს“ ძახილით. მოკლედ, კინაღამ მარტო მოიგო ამხელა და ამდენწლიანი ომი. ძლივს დაიჭირეს.

დაკითხვა დიდხანს არ გაგრძელებულა. თურმე ის უბედური თავის დროზე მართლა ყოფილა ფრონტზე, მერე, როგორც ხდება ხოლმე, გალოთებულა. ფილმის გადაღების დროს, წინა ღამეს, მთვრალი შეპარულა გადასაღებ მოედანზე და ნანგრევებში მიყუჩებულს ჩაძინებია კიდევაც. გადაღების დაწყების მომენტში სროლა-ყიჟინის ხმაზე გაუღვიძია, თავი ფრონტზე ჰგონებია და იყვირებდა „ზა სტალინა“, აბა რა ჭირს იზამდა?! საწყალი ისე იყო დასისხლიანებული, მგონი, ამდენი სისხლი ნამდვილ ომშიც არ დაუკარგავს“.

რეჟისორი გუგული მგელაძე იგონებდა: სერგეი გერასიმოვი იღებს „ახალგაზრდა გვარდიას“ და სჭირდებათ სომეხი. სინჯებზე დაუძახეს სერგო ფარაჯანოვს, კიდევ ორ სომეხ ბიჭს და რატომღაც მეც. სამ სომეხს როგორ ვაჯობებ სომეხის როლზე? კინომსახიობთა თეატრშია შერჩევა. ერთი შევიდა და გაბრწყინებული სახით გამოვიდა. მეორეც გამოვიდა. ბოლოს ფარაჯანოვს მოუსმინეს. ახლა, ჩემი ჯერია. ნაწყვეტი წავიკითხე „ახალგაზრდა გვარდიიდან“ და კვდებიან სიცილით, თურმე იუმორი მაქვს. გერასიმოვის მეუღლე თამარ მაკაროვა გამოვიდა კონკურსის შემდეგ და მითხრა: „თქვენ ითამაშებთ!“.

ალბათ, ფარაჯანოვი იმიტომ გახდა დიდი რეჟისორი, რომ მაშინ ვაჯობე“.

მსახიობი ტრისტან სალარიძე ფილმის “სიყვარული ყველას უნდა” გადაღებისას მომხდარ ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს.

„კახეთში ვართ ფილმის გადაღებაზე. გივი ბერიკაშვილი კახელებისთვის მიწაზე მოსიარულე ლეგენდაა და თავებს „იხოცავდნენ“ სიყვარულის დასამტკიცებლად.

ჰოდა, მე და გივი სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით. კარზე დააკაკუნეს, გავიხედე „ჩვენა ვართ გივი“, მითხრეს კარის გაღებამდე. სიჭარმაგეში შესულ კაცს ხელში ათლიტრიანი ბოცა ეჭირა. ჩემი ღვინისა მოვართვი გივისო. ბატონი გივი არ გახლავთ-მეთქი. „შენ ხომ ხარ, შენც კარგი ბალღებისა სჩანხარო“, - მითხრა და შემოვიდა. გვიანი იყო, ყველა მაღაზია დაკეტილია, საჭმელი და პურიც აღარ მქონდა. თავი უხერხულად ვიგრძენი „მასპინძელმა“. მერე გამახსენდა, რომ პიჯაკის ჯიბეში მზესუმზირით სავსე პარკი მქონდა, დავყარე თეფშზე და შევმატე სუფრას „ლაზათი“. მაინც მოვილხინეთ და მთელი ღამე ვახსენებდით ერთმანეთს, „ნუ მორცხვობ, ყველაფერი საჭმელად არის მოტანილიო“.

მეორე დღეს „პატივნაცემმა სტუმარმა“ თავის „ოჯახში“ გადაგვიპატიჟა მთელი გადამღები ჯგუფი. იქვე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალები ჩემზე „ჭორაობდნენ“ და ყური იმათკენ გამექცა. ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდათ, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვია, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო. მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვ და კაკალიცო“.

მსახიობი კარლო საკანდელიძე იხსენებდა: მე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და რამაზ ჩხიკვაძე დაგვპატიჟეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უფრო სწორედ, კა-გე-ბეში – რაღაცას დღესასწაულობდნენ. იმ დილით გივი შემხვდა და ეშმაკურად მეუბნება:

- ააა, ხომ ვიცოდი, დიდი ხნის პოლკოვნიკი რომა ხარ.

- მე შენზე ადრე ვიცოდი, გენერალი რომ ხარ-მეთქი, - არც მე დავრჩი ვალში.

მაგათ აკადემიაში ერთი ათასი კაცი მაინც იყო შეკრებილი. პატარა სცენაზე აგვიყვანეს. მე ბოლოში დავჯექი. რამაზს ძალიან დიდი ფიალა მიართვეს. მან არც აცია, არც აცხელა – დამაცადეთ, სიტყვას ვამბობო და ფიალა კახის გადასცა. ახლა კახის სიტყვის დრო მოვიდა, იმანაც – გივის გადასცა. გივის ვუთხარი: - მაიტა, მაიტა, მაგ ფიალას მაინც მე გადმომცემთ-მეთქი.

- ამ ჯამს დალევ შენა? – გულწრფელად წამოსცვივდა თვალები კახის.

დარბაზს მივესალმე, სადღეგრძელოც ვთქვი, რაღაცეები ვიბოდიალე – გამარჯვებული გევლოთ-მეთქი, მოვიყუდე და დავლიე. ისეთი სიჩუმეა, ისეთი, ბუზის ხმას გაიგონებ. ხმა ჩაუვარდა დარბაზს. როგორც იქნა, დავცალე და ერთბაშად ატყდა ტაში, ყიჟინა და შეძახილები, ახლა კი გვჯერა, „ღვინის ქურდებში“ ის ჯამი ნამდვილად დალიეო.

ის ფიალა დიდი კი იყო, მაგრამ ფილმში რომ ჯამია, იმაში ხუთი ლიტრა მაინც ჩადიოდა. მართლა კი არ დამილევია“.