“გლასტონბერი-2011” გაიხსნა

“გლასტონბერი-2011” გაიხსნა

გლასტონბერის  ფესტივალი დიდ ბრიტანეთში წლის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვში შედის. ადგილობრივი მელომანები მასზე დასასწრებად თადარიგს დიდი ხნით ადრე იწყებენ. გასულ წელს მას 200 ათასი ადამიანი დაესწრო.

 

“ინგლისის ვუდსტოკად” მონათლული გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის ისტორია შორეულ 1970 წელს იწყება. ერთ დღეს, პატარა დასახლება გლასტონბერიში  მცხოვრებ მაიკლ ივისის ახალი იდეა დაებადა. ამერიკული ვუდსტოკით მოხიბლულმა, პროფესიით ფერმერმა  მაიკლმა, საკუთარი ტერიტორიის დიდი ნაწილი, მომავალი მუსიკალური ღონისძიების ჩატარებისათვის გამოყო და იგი “გლასტონბერის მუსიკალური ფესტივალის” სახელით მონათლა.

 

ახალმა წამოწყებამ ბრიტანელ მუსიკის მოყვარულებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და რამდენიმე წელიწადში უსაზღვრო პოპულარობასაც მიაღწია.

 

გასულ წელს ფესტივალის 40 წლის იუბილე დიდი პომპეზურობით აღინიშნა, ორი დღის წინ, ოთხშაბათს კი “გლასტონბერი-2011” გაიხსნა.

 

წლევანდელი ფესტივალი 22-დან 26 ივნისამდე ჩატარდება. მრავალი უცნობი მუსიკოსის გვერდით არაერთ ნაცნობ სახეებსაც ვიხილავთ.

 

გახსნის საზეიმო ცერემონიალს 150 ათასი ადამიანი დაესწრო, კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ჯგუფმა “Coldplay”-მ მიიღო.

 

გლასტონბერის ღონისძიების მთავარ სცენაზე “Pyramid”-ზე “ დღეს ლეგენდარულ ბლუზმენ ბი ბი კინგს ვიხილავთ, ხვალ მუსიკის მოყვარულები ირლანდიურ ჯგუფს “U2”-ს მოუსმენენ, ფესტივალს კი ამერიკელი მომღერალი ბეიონსი დახურავს.

 

ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსების გარდა, “გლასტონბერი-2011”-ის საპატიო სტუმრებად მიწვეულები არიან და კონცერტებს ჩაატარებენ ტაინი ტემპი, პოლ საიმონი, “Primal Scream”, “Mumford & Sons", "The Chemical Brothers”. “White Lies”, “Queens of Stone Age”, Cee lo Green, Ke$ha  და სხვები.