დიდი წინააღმდეგობა დიდი კაშხლების წინააღმდეგ

დიდი წინააღმდეგობა დიდი კაშხლების წინააღმდეგ

[გიორგი ბექაური]

საქათრველოს მთავრობა კომუნისტების გრანდიოზულ ენეგეტიკულ იდეებს უბრუნდება, ხოლო გარემოსდამცველები კი იმ პერიოდს, როდესაც ხუდონჰესის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. თანდათან იკვეთება სურათი, რომ დიდი წყალსაცავებისა და კაშხლების აგებით, საქართველო მხოლოდ წაგეუბლი დარჩება.

საქართველოს „მწვანეთა მოძრაობას“ ქვეყნის მაღალმთიან და სეისმოაქტიურ ზონაში დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა დაუშვებლად მიაჩნია. ასეთი განცხადება „მწვანეთა მოძრაობამ“ ონის, ხუდონისა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობებთან დაკავშირებით გაავრცელა. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა რეგიონში კლიმატის ცვლილების მაღალ რისკს ქმნის.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ საქართველო „ევროპაში გახდეს ერთ-ერთი მთავარი ენერგოექსპორტიორი ქვეყანა“ ჰიდრორესურსების ხარჯზე, მიუღებელია და შეშფოთებას იწვევს ყველა ადამიანში, ვინც თუნდაც მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით და მისი შემდგომი ექსპლოატაცით გამოწვეულ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - აცხადებენ „მწვანეთა მოძრაობაში“.

ჯერ კიდევ 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიამ გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც აღნიშნულია, რომ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები არ განეკუთვნება მდგრადი და ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროებს და, როგორც წესი, შემდგომში, ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ბევრად ნაკლებია იმ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ასეთი პროექტების განხორციელებიდან.

ამიტომაც „მწვანეთა მოძრაობა“ მოუწოდებს, პოლიტიკოსებს, მთავრობის წევრებს, რეგიონული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელონ არა შესაძლო ეკონომიკური სარგებელის მიღებით, არამედ ქვეყნის ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესებით.

„გვინდა ყველას შევახსენოთ ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ „ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს“, რისი აუცილებლობაც თვალნათლივ დაგვანახა იაპონიაში განვითარებულმა მოვლენებმა“, - აცხადებენ „მწვანეთა მოძრაობაში“.

მწვანეები გააქტიურება ბოლო დროს რამდენიმე დიდი კაშხლის აშენების პერსპექტივამ გამოიწვია. მათ შორის, ყველაზე მეტი ეკოლოგიური პრობლემა ნამახვანჰესის მშენებლობას მოჰყვება. უკვე რამდენიმე თვეა სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ნამახვანის კასკადის აგება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

უკვე ცნობილია, რომ „ნამახვანის“ კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება, დაახლოებით, 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ/კმ), აქედან სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი ტყეებია.

ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები.

მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის თქმით, „ნამახვანის“ პროექტი ტექნიკურად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, ამ პროექტიდან საქართველოს ვერც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ვინაიდან ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თურქები საკუთარ ქვეყანაში წაიღებენ.

რაც შეეხება ხუდოჰესს, უკეთესი ვითარება არც ამ მიმართულებითაა. პირველი და უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ხაიში და ახლომდებარე სოფლები დაიცლება. გარდა ამისა, უნდა გამოვემშვიდობოთ, სვანეთში რეკრეაციული ზონის შექმნის იდეას.  სხვათა შორის, მესტიაში სათხილამურო ტურიზმის განვითარებაა დაგეგმილი, შესაბამისი ინვესტიციაც ჩადებულია. ხუდონჰესის აგებამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს კლიმატის სერიოზული ცვლილებები და სვანეთში სველი თოვლი მოვიდეს ან საერთოდ აღარც იყოს თოვლი.  ხომ არ მოხდება ისე, რომ კლიმატური ცვლილებების გამო აღარ გვექნება სათხილამურო ტურიზმის განვითარების საშუალება და ამ სფეროში ჩადებული ინვესტიცია არამიზნობრივი აღმოჩნდება?