[ეკა ბაქრაძე]
წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებს ფოთში გადაასახლებენ, ხოლო წყალტუბოში კი იმ გლეხებს ჩამოასახლებენ, რომელთა სოფლებსაც წყალსაცავი შთანთქავს. მთავრობამ იმერეთსა და სამეგრელოში დიდი შიდა მიგრაცია დაგეგმა.
„საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ დევნილთა ომბუდსმენის მაია ხარაძის მტკიცებით, წყალტუბოში ჩასახლებულ დევნილებს ფოთში გადასახლებას უპირებენ.
როგორც ხარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული საფრთხე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 20-მდე ობიექტში ჩასახლებულ დევნილებს ემუქრებათ, რომლებიც 20 წელია წყალტუბოს რაიონში ცხოვრობენ.
„მინისტრი კობა სუბელიანი თბილისის შემდეგ უკვე საკურორტო ზონებს მიადგა და დევნილების ახლა იქიდან განდევნას აპირებს. მართალია, წყალტუბოს რაიონს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ის მაინც ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად რჩება. ორი ათეული წლის განმავლობაში იქ უკვე დამკვიდრებული და ადგილობრივ დონეზე ინტეგრირებული დევნილებისათვის სხვა რაიონში გადასახლება რთული იქნება“, - აცხადებს ხარაძე.
წყალქუბოში ჩასახლებული დევნილების ფოთში გადასახლების საკითხი არათუ იხილება, არამედ გადაწყვეტილია. ფოთის გაერუბან მალთაყვას მიდამოებში უკვე მიმდინარეობს გაცხოველებული სამუშაოები ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ზღვის სანაპიროდან არცთუ მოშორებით რამდენიმე მოზრდილი კორპუსი შენდება, სადაც გადაწყვეტილია, რომ „წყალტუბოელ დევნილებს“ შეასახლებენ.
ფოთის ადგილობრივი მოსახლეობა ამ სიახლეს მაინც და მაინც კარგი თვალით არ უყურებს, მაგრამ მათი აზრი არავის აინტერესებს. რა უნდა აკეთონ გადასახლებულმა დევნილებმა ფოთის ზღვის მიდამოებში, ძნელი სათქმელია. დასაქმება ამ ქალაქშიც ისეთივე პრობლემაა, როგორც სხვაგან.
მართალია, დევნილები წყალტუბოშიც არ იყვნენ დალხენილნი, მაგრამ წლების განმავლობაში ერთ ადგილას დამკვიდრებით, ასე თუ ისე, ხალხმა ცხოვრების შესაძლებლობა თავად გამოძებნა. თანაც, წყალტუბოდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი, სადაც სამსახურის თუ სახელდახელო სამუშაოს გამოძებნა დევნილებს ყოველთვის შეეძლოთ. ახლა კი მათ ერთ პატარა ზღვისპირა ქალაქში გადაასახლებენ ყოველგვარი დასაქმების პერსპექტივის გარეშე.
თავად წყალტუბოში კი სხვა ტიპის დევნილებს ჩამოასახლებენ. სულ მალე, შესაძლოა, ერთ დროს განთქმულ კურორტზე ეკომიგრანტები ჩაასახლონ. ეს კი ნამახვანჰესის „დამსახურებით“ მოხდება, რადგან ამ „საშვილიშვილო“ პროექტის განხოცრიელების შემდეგ 14 სოფელი დაიცლება.
ცნობილი ხდება, რომ სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობა წყალტუბოში, იმ ახალ კორპუსებში დასახლდებიან, რომელთა მშენებლობაც დევნილი ოჯახების დასაკმაყოფილებლად დაიწყო. ოფიციალური პირები კი, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს სოფლის მოახლეობამ წყალტუბოში აშენებულ კორპუსებში. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით ირჩენენ თავს, შესაძლოა, ოთხ კედელ შუა გამოკეტილები აღმოჩნდნენ. იმერეთის ამ „ნახევრად მკვდარ“ ქალაქში, აქტიური გლეხების ჩასახლება და მათი მიწას მოშორება, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარიდან უგუნური საქციელი იქნება.