[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
მათ, ვისთვისაც ზაფხული ცივ ლუდთან ასოცირდება გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.
„ორი დღის წინ მე და ჩემი მეგობარი კოსტავაზე შადრევანთან ვისხედით. მას ორი ლუდი ჰქონდა ნაყიდი. ერთს სვამდა, მეორე გვერდით გვედო. ჩვენ მსგავსად გარშემო, რამდენიმე ახალგაზრდას ეკავა ლუდის ბოთლი. მოვიდა პოლიცია და ყველას ჯარიმები გამოუწერა. ჩემ მეგობარს - 80 ლარიანი ჯარიმა. გვითხრეს, რომ ქუჩაში ალკოჰოლური სასმელების დალევა, მათ შორის ლუდისაც არ შეიძლება“ - გვიყვება რუსთაველი, ნუკრი თორდია.
იგივე ისტორიას ვისმენთ სხვა რუსთაველებისგანაც.
„ჩვენ შენობის წინ გზის პირას ხის სკამები და მაგიდა გვაქვს გაკეთებული. ხშირად ვსხდებით ხოლმე და კარტს ვთამაშობთ. ზოგჯერ, თუ რამე დღესასწაულებია სასმელი და პატარა პურმარილი გამოგვაქვს. წინა კვირას პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ აქ ჯდომა და სასმელის დალევა არ შეიძლება, რადგან ეს გზის პირია. მე რამდენადა ვიცი, ვისაც კორპუსის შიდა ეზო აქვს და გზის პირას არ ზის ასეთ შეზღუდვებს არ უწესებენ. ჩვენ რა შეგვიძლია მალე გარეთ გამოსვლასაც აგვიკრძალავენ“ – ამბობს რუსთაველი ბადრი გეწაძე.
რუსთავის სკვერებსა და ქუჩებში ახლა ძნელად თუ მოძებნით ლუდის ბოთლით მოსიარულე ახალგაზრდებს. მცირე ცვლილებებია რუსთავსი მაღაზიებშიც.
„წინათ, როცა ლუდს ყიდულობდნენ არ გვთხოვდნენ აუცილებად პარკში ჩადებას. ახლა გამორიცხულია ისე წაიღონ. იციან, რომ პატრული დააჯარიმებთ“ – ყვებიან მაღაზიის გამყიდველები.
შსს-გან ნებისმიერ თემაზე კომენატარის მოპოვება ტრადიციულად პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, ჩვენ ამ უწყებასთან ურთიერთობას არატრადიციული მეთოდებით ვცდილობთ. რადგან თემაზე საპატრულო პოლიციის კომენტარი გვჭიდება, მივდივართ ქუჩაში გაჩერებულ საპატრულო პოლიციეს მანქანასთან. სამართალდამცავებს არ ვეუბნები, რომ ჟურნალისტი ვარ. ვეკითხები, სიმართლეა, თუ არა რომ ქუჩაში სასმელის დალევა არ შეიძლება?
„დიახ, მაგაზე ჯარიმებია დაწესებული. ქუჩაში, სკვერში და პარკში სასმელის ბოთლით სიარული და ლოთობა არ შეიძლება. თქვენ რა ალკოჰოლზე დამოკიდებული ხართ?!“ – გვეკითხება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.