გომბორის გზა აღარ არსებობს, ნიკოლაიშვილი - ჯანმრთელადაა

გომბორის გზა აღარ არსებობს, ნიკოლაიშვილი - ჯანმრთელადაა

[ეკა ბაქრაძე]

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზა, რომლის რეაბილიტაციაზეც ოფიციალური ინფორმაციით, 24 მლნ ლარი დაიხარჯა, თითქმის განადგურებულია. ბოლოდროინდელი უნალექობით გამოწვეულმა მეწყერებმა გზა რამდენი ადგილას წალეკა და ხევში ჩაიტანა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გზაზე სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები და ავტობუსები ვეღარ მოძრაობენ.  გზის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება მსუბუქი ავტომანქანებისთვისაც სახიფათოა. დამეწყრილ ადგილზე მიწა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოწყდეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. არსებული მდგომარეობის მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს გომბორის გზაზე შეზღუდვები ამ დრომდე არ დაუწესებია.

ის კი არადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გომბორი გზის დაზიანებას აბსურდს უწოდებს. „შეგიძლიათ თავად ჩახვიდეთ და ნახოთ რა სიტუაცია გზებზე, ზოგადად საქართველოში მეწყერული მოვლენებია, თუმცა ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული არ არის“, - განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა.

ვაზიანი-გომბორი-თელავის „რეაბილიტირებული“ გზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რვა თვის წინათ გახსნა. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „გზა გაკეთებულია და საერთოდ, პრობლემა არ იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რეაბილიტაციაში ყოველ 8 წელიწადში ერთხელ ფულს ვიხდიდით, ბატონო პრეზიდენტო, გარანტიას ვიძლევი, რომ 10 წელი ამ გზას პრობლემა არ ექნება“, - აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

გახსნიდან ერთ თვეში გზა დაზიანდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს, თუმცა ამ მასშტაბის დაზიანება, როგორიც ახლაა, ჯერ არ ყოფილა.

გომბორის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც ტარდება.  2-კილომეტრიანი მონაკვეთი ახლიდან მოასფალტდა, რადგან მუშების თქმით, მეწყერმა გზის აღნიშნული მონაკვეთი ისე დააზიანა, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარებოდა. საუბარი სწორედ იმ ადგილზეა, სადაც ხუთი თვის წინათ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა ასფალტის საფარის სისქე გაზომეს. ასფალტის საფარის სისქე, პროექტით გათვალისწინებული 7-12 სანტიმეტრის ნაცვლად, 3-4 სანტიმეტრი აღმოჩნდა.

სამუშაოების მწარმოებლის ზვიად ჯინჭარაძის თქმით, გომბორის გზაზე 2011 წლის 1-ელ ივლისამდე ყველანაირი სამუშაო უნდა დასრულდეს. თუმცა, მუშებს უჭირთ იმის თქმა, მოესწრება თუ არა რამდენიმე დღეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება.

„დაზიანებული ადგილების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხა არ გამოყოფილა და ყველაფერი იმ თანხით კეთდება, რომელიც გომბორის გზის მშენებლობისთვის გამოიყო. გზაზე ივლისამდე ყველანაირი სამუშაო დასრულდება“, - აცხადებს ზვიად ჯინჭარაძემ.

კითხვაზე, რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტს „10 წლიანი გარანტია“, რომ „გომბორის გზას პრობლემა არ ექნებოდა“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პასუხობს: „თავიდან ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაციის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა. იყო 500 მილიონად შეფასებული პროექტის განხორციელების ვარიანტიც, მაგრამ შედარებით იაფი პროექტი ავირჩიეთ, რადგან ამ გზაზე ინტენსიური მოძრაობა არ არის.

გზის გახსნის დროს როცა ვთქვი, რომ ამ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა, ის მონაკვეთები ვიგულისხმე, სადაც მეწყერი არ არის. მაშინ ისიც ვთქვი, რომ ამ გზაზე იყო 12 მეწყერული ზონა და მიმდინარეობდა ამ ზონების გამოკვლევა და მათზე დაკვირვება. ეს კვლევა გზის მშენებლობის დაწყებამდე ვერ ჩატარდებოდა, რადგან ამ გზას დატვირთვა არ ჰქონდა. თუ გზაზე დატვირთვა არ მოვიდა, დაზიანებაც არ გაუჩნდება. ჩვენ ვიცოდით, რომ მეწყერი ამ გზაზე პრობლემებს შექმნიდა. ზაფხულში ყველა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“.

ნიკოლაიშვილი ამ შემთხვევაშიც ცრუობს. საქმე ისაა, რომ ამ გზის შესახებ გეოლოგიური დასკვნა ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა და მკვეთრად უარყოფითი. გეოლოგები მაშინაც და დღესაც ამტკიცებენ, რომ გომბორის მონაკვეთზე გზის მშენებლობა და ექსპლოატაცია საერთოდ არ შეიძლებოდა. ამტომაც იყო, რომ გომბორის გზა ლამის მეოთხედი საუკუნე არ ფუნქციობდა და რატომღაც სააკაშვილის ეპოქაში გაახსენდათ მისი „რეაბილიტაცია“.

ასეთი კატასტროფის ფონზე, ლეიბორისტური პარტია რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვს, ვინც ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე აცხადებს, გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი გამოიყო დამეწყრილი და განადგურებულია. მისი თქმით, საფარის ნაადრევად გაფუჭება გამოწვეულია იმით, რომ სამუშაოები იაფად, დაჩქარებულ რეჟიმში და უხარისხოდ ჩატარდა, რის ხარჯზეც მინისტრმა ნიკოლაიშვილმა და სხვა ჩინოვნიკებმა მილიონები მიითვისეს.

ლეიბორისტული პარტია ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი და გარდა ამისა, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის შესახებ გამოძიება დაიწყოს.