[მანანა ნოზაძე]
ხუდონჰესზე პირველი შეტევა ეროვნული მოძრაობის დროს დაიწყო. მაშინ ხმაური „მწვანეებმა“ ატეხეს და მრავალათასკაციანი მიტინგებიც მოეწყო. ეროვნულმა მოძრაობამ ეკოლოგიური ხასიათის ამ პრობლემის გადაჭრა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საბჭოთა სამხედრო პოლიგონის გაუქმების რანგში აიყვანა. მასზე ამახვილებდა ყურადღებას მაშინდელი მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ზურაბ ჟვანიაც. ამ მხრივ აქტიურობდნენ სხვა „მწვანეებიც“: ხათუნა გოგორიშვილი და გია ბარამიძე.
რანდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ხუდონჰესის შეჩერებული მშენებლობის განახლება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის კვლავაც აქტუალური გახდა. თუმცა ამჯერად ხელისუფლებაში მოკალათებული მაშინდელი „მწვანეები“ რატომღაც, წინააღმდეგობას აღარ გამოთქვამენ. როგორც ჩანს, ხუდონის წყალსაცავში წყლის შეგროვება წლების წინ ეკოლოგიურ გარემოს ცვლიდა, ჰაერში ტენიანობის მაჩვენებელს ზრდიდა, სვანეთის სოფლებს დატბორვით ემუქრებოდა, სვანებში სისხლძარღვების, ფილტვებისა და გულის დაავადებების მატებას იწვევდა, ახლა კი ნაციონალები ამ პრობლემებს ვერ ხედავენ.
ექსპერტების თქმით, ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა თურქეთის გაჩირაღდნების გამო ხდება, რადგან საქართველოდან გატანილი ელექტროენერგია სწორედ თურქეთს უნდა მოხმარდეს.
გარემოს დაცვის სპეციალისტებში გაოცებას იწევევს ის ფაქტიც, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ტურიზმის ზონად შეთვალიერებულ მესტიის პერსპექტივასაც „ჩაფლავება“ ელის, რადგან ხუდონჰესის აშენების გამო მომატებული ტენიანობა სათხილამურო სპორტისთვის დამანგრეველია.
სპციალისტების თქმით, საქართველოში, სადაც 26 000 - ზე მეტი მდინარეა, დაუშვებელია, ხელისუფლება დაკავებული იყოს მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით.
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ხუდონჰესის“ მშენებლობის მიზნით, ხელშეკრულებას გაუფორმებდა ინდურ კომპანია „კონტინენტალ ენერჯის“. მართლაც, ასე მოხდა და არსებული ინფორმაციით, ინდოელები 700-მეგავატიანი ჰესის აშენებას აპირებენ. ინდური კომპანია სამშენებლო სამუშაოების დაწყებას 2011 წლის ბოლოსთვის გეგმავს და მათი გათვლებით, ჰესი 2015 წელს უნდა ჩაირთოს. არსებული პროექტით, ხუდონჰესი ზემო სვანეთში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს, ენგურის კაშხლიდან 35 კილომეტრის მოშორებით და იგი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი გახდება, ენგურჰესის შემდეგ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი პროექტით (მისი მშენებლობა 1979 წელს დაიწყო და 1989 წელს შეჩერდა), ეს ჰესი 201-მეტრიანი უნდა ყოფილიყო.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ახლანდელი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მაღალი კაშხლის აგების შემთხვევაში, ე.წ. დიდი სარკის გაჩენის რისკი ჩნდება, რაც ლოკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ძალიან საშიშია.
„როცა დამბა შენდება, წყალი, რომელიც უნდა დაგუბდეს, ზედაპირზე სარკეს წარმოქმნის, ანუ წყლის სარკის ეს ფენა გარკვეულ ტერიტორიას დაფარავს.
პრობლემა, რაც დღეს აქვს ხუდონჰესს, იგივეა, რაც იმ პერიოდისთვის ცნობილი იყო. კერძოდ, ტენიანობა ნამდვილად მოიმატებს და ჩვენ გვაინტერესებს, რამდენით მოიმატებს? რამდენად დამანგრეველი იქნება ტენიანობის მატება იქაური გარემოსთვის, ეს გათვლა უნდა გაკეთდეს. მით უმეტეს, დღესდღეობით ტენიანიობის მომატება უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე მაშინ.
იმ დროს სახელმწიფოს არ ჰქონდა გათვალისწინებული მესტიაში ზამთრის კურორტის გაკეთება. დღეს ამან შეიძლება ზამთრის კურორტის იდეა ჩაშალოს. ტენიანობის ზრდა იწვევს სველი თოვლის არსებობას, რაც სათხილამურო სპორტისთვის დამანგრეველია და არ არის სასურველი“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, მაშინ საბჭოთა კავშირი საჭიროდ არ თვლიდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასებები გაკეთებულიყო. მართალია, ევროპაში ეს პრაქტიკა არსებობდა, მაგრამ ტოტალიტარულ საბჭოთა სახელმწიფოში ეს მეორეხარისხოვანი გახლდათ.
„მაშინდელი მწვანეების მოთხოვნა ძალიან პროგრესული იყო, თუმცა არავინ გაითვალისწინა და არავინ ინება პროექტი გადაკეთებულიყო ისე, რომ ყოფილიყო არა ძალიან დიდი კაშხალი, არამედ მცირე ზომის. ხუდონს ჰქონდა ერთი სერიოზული პრობლემა, რასაც ენერგეტიკოსები არ ამბობდნენ, რადგან მათთვის უფრო ხელსაყრელი იყო ამ კაშხლის აშენება, ვიდრე ამ პროექტის გადაკეთება. დღესაც ვამბობთ, რომ გადაკეთება უნდა მომხდარიყო, უნდა ზედმიწევნით შეესწავლათ გეოლოგიური პირობები, რადგან ხუდონის კაშხალი რღვევაზე დგას. მეორე სერიოზული პრობლემაა, რა ზემოქმედებას იქონიებდა ეს იქაურ მხარეზე“.
ჩხობაძის თქმით, ხუდონჰესის მიდამოებში სოფლები დღესაც იტბორება, რაც ჰიდროელექტროსადგურებისთვის დამახასიათებელი ნეგატიური მოვლენაა.
„როგორც წესი, ამაზე არცერთი ქვეყანა არ მიდის, მათ შორის, თურქეთიც კი, რადგან თქვენ იცით, ჭოროხზე თურქეთს გათვლილი ჰქონდა ძალიან დიდი კასკადური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. იუსუფელის კაშხლის მშენებლობა, რომელიც იმავე მასშტაბისაა, როგორც დემირელის კაშხალი და დღეს მისი მშენებლობა თურქეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ორი სოფელი იტბორება.
ვერ გიპასუხებთ, რატომ არ იღებენ ხმას მაშინდელი „მწვანეები“ - ეს ხათუნა გოგორიშვილს და გია ბარამიძეს ჰკითხეთ, რადგან ისინი უფრო აქტიურ პროცესში იყვნენ ჩართულნი. 21-ე საუკუნეა, გლობალური კლიმატის ცვლილებაა, არასეზონური წყალმოვარდნები ფიქსირდება საქართველოში. ასე რომ, ნებისმიერ ასეთ დიდ ჰიდროელექტრონაგებობას ყოველთვის საშიშროება მოაქვს“.
ნინო ჩხობაძე არ ფლობს ინფორმაციას, თუ სად აპირებს დღევანდელი ხელისუფლება ელექტროენერგიის გაყიდვას. მისი აზრით, მთავარია, ბაზრის მოთხოვნა. ექსპერტის თქმით, დიდ ჰიდრიელექტროსადგურებთან მიმართებით დღევანდელი მსოფლიოს მოთხოვნა გაცილებით მკაცრია.
„ბაზრის მოთხოვნა ნამდვილად არის ენერგეტიკაზე, ოღონდ ევროგაერთიანებამ ბოლო პერიოდში გაამკაცრა კანონმდებლობა ენერგეტიკასთან მიმართებით და შემოიღო სულ ახალი პრინციპები. კერძოდ, ენერგოდაზოგვა, რომ ენერგია, რომელსაც მოიხმარს ევროკავშირის ქვეყნები, უნდა იყოს მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებზე დამყარებული. ანუ, ჩვენგანაც არ იყიდიან ელექტროენერგიას, თუ ჩვენ არ მივიღეთ კანონი ენერგოდაზოგვაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე, მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებზე დამყარებული“, - აცხადებს ჩხობაძე.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე იხსენებს, რომ თავის დროზე ხუდონჰესის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია, მრგვალი მაგიდა. სწორედ ეროვნული მოძრაობის ინიციატივით გაიმართა სვანეთში ცნობილი მიტინგები. განსაკუთრებულ პრობლემას ქმნიდა სოფელ ხაიშის დატბორვა, რომლის მოსახლეობაც უნდა გადაესახლებინათ. ამ დროს კი იქ იყო კულტურული მემკვიდრეობის, ჩვ.წ. აღ-მდე პირველ-მეორე საუკუნის, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა ძეგლები.
„ამგვარი გიგანტური წყალსაცავების მშენებლობა სვანეთს ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას უქმნიდა. იზრდებოდა ნალექებისა და ტენიანობის რაოდენობა, აგრარულ სექტორსა და სოფლის მეურნეობაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებდა. პარალელურად, ეს მთიანი რეგიონი მიწისძვრების აქტიური ზონაა.
როდესაც ასეთი სიდიდის წყალსაცავები შენდება და მილიონობით ტონა წყალი გროვდება, იქ სეისმური მოვლენები აქტიურდება. ენგურის მაგალითმა აჩვენა, რომ მართლაც ტენიანობა და ნალექების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 3-4 კილომეტრის რადიუსში წყალსაცავის გარშემო. მოსახლეობა ამაზე ჩიოდა, რომ მოსავლიანობა დავარდა, გაფუჭდა მოსავალი“.
გაჩეჩილაძის თქმით, ხუდონჰესი დღეს სვანეთს საფრთხეს უქადის.
„ყველამ იცის, რომ ხუდონჰესის მშენებლობის ძირითადი მიზანი არის ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. იმის მაგივრად, რომ ეს იდიოტები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ, ჩვენ თუ ამას ავაშენებთ, მაშინ ელექტროენერგიაზე არსებული ფანტასტიკური ფასი შემცირდებაო, იძახიან, ელექტროენერგია არ გაიაფდება, ეს ჩვენ ექსპორტისთვის გვჭირდება.
იმისთვის, რომ თურქეთმა თავისი ეკონომიკა წელში გამართოს, ჩვენი გარემო უნდა დავანგრიოთ? სააკაშვილი რომ გამოდის, ზამთრის ტურიზმი უნდა განვავითაროთ და თოვლზე ისრიალებთო, წყალსაცავი რომ აშენდება, იქ თოვლი მოვა საერთოდ? ვინმემ დაითვალა ეს? თუ წვიმის სახით მოვა და საერთოდ გაადნობს იქაურობას? ვინმე სპეციალისტს ჰკითხეს? სრულიად ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობენ, თითქოს ტურიზმის განვითარება უნდათ და ამ დროს ეკოლოგიას ანგრევენ - ტყეებს ყიდიან,საკურორტო ზონებში ჭრიან ხეებს.
საქართველოში ტურიზმის განვითარებას თუ აქვს ერთადერთი შანსი, ეს არის ეკოლოგიური ტურიზმი. აქ არავინ ჩამოვა სააკაშვილის, ვერა ქობალიას ან ცათამბჯენის სანახავად. რა ცათამბჯენი უნდა ააშენონ იმისთანა, რომლითაც ვინმეს გააკვირვებენ?“
გაჩეჩილაძის თქმით, ხუდონჰესით დაინტერესებული ინდური კომპანია, სინამდვილეში, აპირებს, მალაიზიურ კომპანიას დაუკვეთოს მშენებლობა, რომელიც არ არის ამის სპეციალისტი. მას არც ის უკვირს, რომ დღეს „ხელისუფლებაში მოკალათებული მაშინდელი მწვანეები ხმას არ იღებენ“.
„ჟვანიას გუნდი 1993 წლიდან მაშინ წავიდა „მწვანეთა პარტიიდან“, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ შეიქმნა. „მწვანეთა პარტია“ კი ოფიციალურად 1992 წელს დაფუძნდა. წელიწადნახევარიც არ იყვნენ ამ პარტიაში. ამდენად, აღარ აინტერესებთ ეს პრობლემა“.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით მაშინდელი „მწვანეების“ წარმომადგენელს, ხათუნა გოგორიშვილს, თუმცა მასთან ინტერვიუს ჩაწერა არ გამოვიდა. გიორგი ბარამიძე, როგორც გვითხრეს, საქართველოში არ იმყოფება.
პრესაგე.ტვ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, შოთა მალაშხიას დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებზე მალაშხიამ განმარტა, რომ ხუდონჰესის აშენება თანამედროვე ტექნოლოგიით მოხდება და ის საფრთხის შემცველი არ იქნება.
„არა მარტო ხუდონჰესის, არამედ რამდენიმე ელექტროსადგურის აშენება იგეგმება, რომელიც ეკოლოგიის დაცვის პრინციპით უნდა გაკეთდეს. საქართველო განახლებადი ენერგეტიკის ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელი უნდა გახდეს.
უშუალოდ ხუდონჰესის მშენებლობა როდის დამთავრდება, არ ვიცი, მაგრამ 2018 წლისთვის პრაქტიკულად 14 თუ 16 ელექტროსადგური იქნება დასრულებული“.
ტენიანობის მატების საშიშროებას, მოსალოდნელ ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მესტიის ტურისტულ ზონად გადაქცევის გეგმის ჩაშლას შოთა მალაშხია გამორიცხავს:
„ასეთ დროს ითვალისწინებენ ეკოლოგიას. სრულად შეისწავლიან და ამის შემდეგ ხდება ამგვარი რაღაცები“, -ასეთი იყო მისი „ამომწურავი“ პასუხი.
შეკითხვაზე, თავის დროზე „მწვანეები“ რატომ აპროტესტებდნენ ხუდონჰესის მშენებლობას, შოთა მალაშხიამ გვიპასუხა: „დღეს სხვა ტექნოლოგიებია. ამხელა წყალსაცავების გაკეთება არ სჭირდება. ტურბინები უფრო მოდერნიზებულია და ბევრი რამ შეიცვალა“.