საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე ხელი არ მოაწერა. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.
კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
მაშ ასე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა იმიტომ, რომ „კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი“. მათ შორის მთავარი არის ის, რომ „ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტი არ არის“. ამავე დროს, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები.
მისივე თქმით, ამავე დროს პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანნსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს.
ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია შეიკრიბოს 48 საათის გავლის შემდეგ. პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა აქტი, პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე იმსჯელოს.
„ჩვენ ვამბობდით, რომ მესამე მოსმენა იქნებოდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ და ეს გვინდოდა ყოფილიყო 26 სექტემბერს. გავითვალისწინეთ ის შემთხვევაც, როგორ მოვქცეულიყავით პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზების გამო რომ არ მოეწვია რიგგარეშე სხდომა. ვინაიდან პრეზიდენტს კვირას, 14:00 საათზე გაეგზავნა მოწვევა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, 48 საათი იწურება სამშაბათს, 14:00 საათისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა ეს აქტი, სამშაბათს 14:00 საათიდან პარლმენტს შეუძლია შეიკრიბოს და იმსჯელოს კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენაზე“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნას კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს და პრეზიდენტს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. როგორც კობახიძემ განაცხადა, პარლამენტი პრეზიდენტისგან მსგავს ქმედებებს მიჩვეულია.
„თუ თქვენ დღევანდელ კონსტიტუციას გადავხედავთ, რომელსაც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვიღაცეებს ზეპირად ასწავლის, არის აბსოლუტურად გაუმართავი დოკუმენტი. ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით.
წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიუხედავად მოთხოვნისა, უმრავლესობას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას დანიშნავდა. უმრავლესობა ახალი კონსტიტუციის მისაღებად ემზადება. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილის თქმით, მესამე მოსმენით კონსტიტუციის ახალი პროექტის დამტკიცებით, პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდება.
„პრეზიდენტი, ამ დასკვნით გამოჩნდა და დამტკიცდა კიდევ ერთხელ, რომ დესტრუქციულობის მეტი არანაირ როლს არ თამაშობდა მთელ ამ პროცესში. ძალიან ეცადა, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან გაზიარებული ყოფილიყო მისი მოსაზრებები, მაგრამ ვენეციის კომისიამ არც ერთი მისი მოსაზრება არ გაითვალისწინა. არც მისი არჩევის წესთან, არც უფლებამოსილებებთან და არც უშიშროების საბჭოსთან დაკავშრებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნით ყველაფერს წერტილი დაუსვა, როცა თქვა, რომ კონსტიტუციური რეფორმა არის პროგრესული და ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისათვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა.
„პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო. პოლიტიკური ოპონონტები დღეს მთავარ საკითხად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყენებენ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო კომისია მაშინ დატოვეს, როცა შემუშავებული პროექტით პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის იყო გათვალისწინებული. ამას პოლიტიკური აფიორა ჰქვია. დღეს იგივე კურსს აგრძელებენ და ცდილობენ საკონსტიტუციო რეფორმას ჩრდილი მიაყენონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრადიციულად, მმართველი გუნდის კრიტიკას არ იზიარებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, საქმე გვაქვს სამწუხარო რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან.
„სიტყვები, რომ აუცილებელია დიალოგი და თანხმობა, ესმით, როგორც ძირგამომთხრელი, დესტრუქციული ქმედება. ბუნებრივია, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სამწუხარო პოლიტიკურ რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დაწყების თობაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ პრეზიდენტი საქართველოს ახალ კონსტიტუციას ვეტოს დაადებს. თუმცა, ანა დოლიძე ამბობს, რომ ვეტოზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
„ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ ვეტოზე, რომელიც შესაძლოა, დაედოს ან არ დაედოს ჯერ კიდევ არმიღებულ კონსტიტუციას. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მიღებული იქნება შესაბამისი დოკუმენტი. კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ ბევრი შენიშვნა გამოთქვა, მათ შორის, აღნიშნულია აქვთ, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი რეფორმა დიალოგისა და კონსესუსის გზით უნდა განხორცირლდეს. შენიშვნა გამოთქმულია იმაზე, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადადის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.