„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე და ხაზი გაუსვა, რომ 2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა.
„გაერო-ს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.
2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცი, საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით, მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
„საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების პროცესში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს. პრემიერის შეფასებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
„ჩვენ წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით.
ამ დიდი წამოწყების ფარგლებში აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, ასევე საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტის მეშვეობით.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება, რაც ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ამ პორტს ააშენებს პროექტის რამდენიმე საერთაშორისო მონაწილე და მისი ოპერატორი იქნება ცნობილი ამერიკული კომპანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის გზავნილებს მნიშვნელოვას უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე, რომლის შეფასებით, პრემიერმა კარგად გამოიკვეთა, თუ რა როლი აქვს საქართველოს რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაში, რასაც პირდაპირ უკავშირდება ყველა ის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და შესაბამისად რეგიონის წარმოჩენას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის კონტექსტში.
როგორც ჯანელიძე აცხადებს, მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა საერთაშორისო გამოწვევების, უსაფრთხოების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში.
„საქართველოს მთავრობის და მის მიერ წარმოებული შერიგების პოლიტიკის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს წლევანდელი დებატების ფარგლებში მრავალი ლიდერი გამოეხმაურა.
ინიციატივები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს შერიგების პოლიტიკის ფარგლებში, მიმართულია თითოეული ადმიანის უფლებების დასაცავად და ახალი შესაძლებლობების გაჩენისკენ, რაც თავის მხრივ მოიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მეტ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რაც მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაერო-ს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ. მისივე შეფასებით, საქართველო როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რეგიონული კვანძის ადგილს იმკვიდრებს, რაც ხელისუფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს გენერალური ასამბლეა იყო წარმატებული საქართველოსთვის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა. რაც მისი თქმით, არის აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ ინკლუზიური, გამჭირვალე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გატარებული პოლიტიკისა. ბაქრაძის განცხადებით, საქართველო გახდა ასევე ინოვაციური კომიტეტის პრეზიდენტი და საქართველოს წარმატებები ამ თვალსაზრისით იქნა აღიარებული.
„უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ მსოფლიო ლიდერების მხრიდან გაერო-ს წლევანდელ სესიაზე დავინახეთ და უნდა ითქვას, რომ ეს ხელისფლების სწორი და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას აფასებენ თბილისში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება - „საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი რგოლია“ ქვეყნის სტრატეგიას სწორად გამოხატავს. კვირიკაშვილის გამოსვლა მოეწონა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, წინ წამოწეული იყო ის თემები, რომელიც იქ მყოფი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.
„პრემიერის გამოსვლაში გამოვყოფდი სიტყვას - „საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი რგოლია და რომ ის ერთნაირად ეძებს ბაზრებს როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში“. საკითხისადმი ასეთი ხაზგასმა, როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური პოლიტიკისა, ამ ტრიბუნიდან არ მახსენდება. ამ საკითხის ასე კონკრეტული ხაზგასმა ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან იქ იმყოფებოდნენ, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორები.
პრინციპში, კონკრეტული სიტყვებით, კვირიკაშვილმა მათ ურთიერთობების უმოკლესი გზა შესთავაზა. ასე რომ, ეს არ იყო უბრალოდ საუბარი საქართველოზე, ეს უფრო იყო შეთავაზება - რას სთავაზობს მათ საქართველო. აბსოლუტურად სწორად იყო დასმული საკითხები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, პრემიერმა საერთაშორისო დონის ტრიბუნიდან დაანახა მთელ მსოფლიოს, გლობალურ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად კონფლიქტებისა და მცოცავი ოკუპაციისა, საქართველო იზრდება, ვითარდება და ამასთანავე, პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, თუ სხვა კონტექსტში.
„არგუმენტირებულად და ფაქტებით ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის ქმედებებზე, მიუხედავად ამისა, განცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა ამისა არის დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნება. მათთვის ადამიანური პირობების შექმნის ხელშეწყობა.
რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვახსოვს უფრო მწვავე გამოსვლები და ეს მწვავე განცხადებები ძალიან ხშირად პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. ისიც კარგად გვახსოვს, რით მთავრდებოდა ასეთი პროვოკაციული გამოსვლები. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა იყო ისეთი, როგორიც შეეფერებოდა ქვეყნის პირველ პირს, პასუხისმგებლობით სავსე საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
პრემიერის გამოსვლისთვის არ მოუსმენია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომლის განცხადებით, კვირიკაშვილის გამოსვლა მისთვის უინტერესო იყო. როგორც ცინცაძე ამბობს, მისთვის საინტერესო იყო აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა. ახლა ინტერესით ელოდება ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლის გამოსვლას.
„ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. საქართველოში რაც ხდება ამას ყველა ვხედავთ. ჩვენმა პრემიერი გაეროში სხვა თქვა და აქ სხვა აკეთებს? არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის, ჩვენი პრემიერი, ან პრეზიდენტი შევარდნაძე და პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რას იტყოდა, ჩემთვის მთავარია საქართველოში როგორ იქცევიან და ცხოვრების როგორ პირობებს ქმნიან.
ისაუბრა კვირიკაშვილმა გაეროში იმის შესახებ საქართველოში ყოველ დღე როგორ იზრდება? თქვა, რომ პარლამენტშო 50 ბიზნესმენი ჰყავს, რომლებიც კანონს არღვევენ და ამ დროს მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და ლუკმა პური ენატრება? თქვა ამის შესახებ? არა. ალბათ, აღნიშნა, როგორ აშენებს დემოკრატიას და ჩვენი სამხედროები ავღანეთში როგორ იბრძვიან. იმდენი გამოსვლა მინახია და ისიც ვიცი როგორ იწერება ასეთი გამოსვლები, ეს უკვე ჩემთვის სენსაცია არ არის. ასე, რომ ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი, რას იტყოდა პრემიერი კვირიკაშვილი“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.