საკონსტიტუციო ბატალიები ვენეციური აკომპანიმენტით

საკონსტიტუციო ბატალიები ვენეციური აკომპანიმენტით

შუალედური დასკვნა, რომელსაც განსაკუთრებული მოუთმენლობით ელოდა ოპოზიცია ვენეციის კომისიამ უკვე მოამზადა და საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადება ძალიან სამწუხაროა და მთავარ შეფერხებას წარმოადგენს კონსენსუსის მისაღწევად.

თუმცა, კომისია აღნიშნავს, რომ მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში აღებული ვალდებულება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელზე გადასვლაც კომისიის მიერ დადებითად შეფასდა, სამი მექანიზმის გამო იყო გაკრიტიკებული. კომისიის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტს ზღუდავდა: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიებისთვის ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება.

„პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული რომ ყოფილიყო, ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მომხდარიყო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც 5%-იანი ზღვარი გადალახა ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე“,-ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც მოსალოდნელი იყო და მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა, ვენეციის კომისია მთლიანობაში საკონსტიტუციო ცვლილებებს პროგრესულად აფასებს -დასკვნაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებას წარმოადგენს.

დასკვნა საკმაოდ დიპლომატიურია და იგრძნობა მცდელობა, არც ხელისუფლება დარჩეს განაწყენებული და არც ოპოზიცია, მთლიანობაში კი კითხვები ჩნდება როგორც აღნიშნული დასკვნის რამდენიმე ორაზროვანი რეკომენდაციის, ასევე უმრავლესობისა და ოპოზიციის მთელი ამ საკონსტიტუციო ბატალიებისადმი. თუმცა ეს ის კითხვებია, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება და მალე პოლიტიკური ძალების შემდგომი ქმედებები და სტრატეგია თავისთავად შეავსებს კითხვის ნიშნებით შექმნილ ვაკუუმს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში დატოვებულია რამდენიმე ძველი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა გაზიარებული ქართული მხარის მიერ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ვენეციის კომისია ძალაში ტოვებს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც ეხება რამდენიმე არასაკვანძო საკითხს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ეხება და რატომ არ მოხდა ამ რეკომენდაციების გაზიარება.

პირველი - ეს არის, რეგიონული პარტიების აკრძალვა კონსტიტუციის დონეზე. კობახიძის განმარტებით, ქართული რეალობის გათვალისწინებით უნდა იყოს აკრძალული ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება.

„ჩვენ ვიცით, როგორია ქართული კონტექსტი და ბუნებრივია, შესაძლოა არ იყოს მისი სათანადოდ გააზრება იოლი ისეთი ექსპერტებისთვის, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ ქართულ რეალობასთან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიების შექმნა ტერიტორიული ნიშნით უნდა იყოს აკრძალული საქართველოს კონსტიტუციით“, -  აცხადებს კობახიძე.

მეორე რეკომენდაცია ეხება იმას, რომ პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში.

„ჩვენთვის ეს რეკომენდაციაც მიუღებელიიყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მაღალი ლეგიტიმაციით უნდა სარგებლობდნენ და ჩვენთვის არ არის მიზანშეწონილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამორიცხვა ამ პროცესიდან. ამის გამო არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია“,- განმარტავს ირაკლი კობახიძე.

მესამე რეკომენდაცია ეხება საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიკვიდაციას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, აქ შესაძლოა იყოს თარგმანის პრობლემა და ერთმანეთში იყოს აღრეული ლიკვიდაცია და აკრძალვა და, სავარაუდოდ, ამას ეფუძნება რეკომენდაცია.

„მიგვაჩნია და დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი საკითხიც სათანადოდ არის მოწესრიგებული“, - მიჩნევს კობახიძე.

ვენეციის კომისიის მორიგი რეკომენდაცია შეეხება რწმენის თავისუფლებას. მასში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესები არ უნდა იყოს რწმენის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი.

„ვთვლით, რომ ამ კუთხით სტანდარტებს შეესაბამება ჩვენი ახალი რეგულაციები და შესაბამისად, დარჩა ძალაში ის ნორმები, რომელიც იყო წარმოდგენილი“,- განმარტავს კობახიძე.

ვენეციის კომისიის შემდეგი რეკომენდაცია ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კუთხით, რომ მას შეზღუდული აქვს არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება.

„ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიცით კარგად ქართული რეალობა, ქართული პრაქტიკა და ის რისკები, რომლებიც გვახსოვს უახლოესი წარსულიდან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შედის ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და აქედან გამომდინარე, გადაისინჯა სწორედ შესაბამისი ნორმა“, - აცხადებს კობახიძე.

კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტის ზედა პალატის შემოღებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს აქაც აქვს ძალიან მყარი არგუმენტები.

„ზედა პალატის ფუნქცია ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლოა იყოს რეგონული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს 2 რეგიონი არის ოკუპირებელი, ბუნებრივია ყოველგვარ აზრს არის მოკლებული პარლამენტის ზედა პალატის არსებობა. აქედან გამომდინარე, სრულიად რაციონალურად არ იყო გაზიარებული ეს რეკომენდაცია“, - განმარტავს კობახიძე.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა მიწის საკითხის მოწესრიგებაზეც, თუმცა როგორც კობახიძე აცხადებს,  ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხის ისეთი სახით მოწესრიგება, როგორც ეს არის მოწესრიგებული ახალი რეგულაციებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალაში ვტოვებთ მიწასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომლითაც იზღუდება არამოქალაქეებზე მიწის გასხვისება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე და მისივე განმარტებით, არც ერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

რაც შეეხება სადავო თემებს, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი აჟიოტაჟი გამოიწვია, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვენეციის კომისია ამბობს, რომ მისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი, კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე, შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ“, - ნათქვამია კომისიის წინასწარ დასკვნაში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა  ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს.

„კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მხარეების როლზე არ საუბრობს“,- აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისია ერთი მხრივ იმას ამბობს, რომ არ ისურვებდა პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედებას, მაგრამ ამავდროულად, კვლავ ოპოზიციური პარტიების როლზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების არაერთი დათმობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედება.

„მე პირადად ვარ პროპორციული სისტემის მხარდამჭერი და ვიზიარებ ამ პოზიციას. თუმცა, ეს შეუძლებელი გახდა და ამაშიც გარკვეული როლი ოპოზიციამ ითამაშა. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას მხარი დაეჭირა გარკვეული ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა, მაგრამ მათ ამაზე უარი განაცხადეს. ამან შეუძლებელი გახადა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის შემოღება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის პროგრესული ნაბიჯი, თუმცა ერთ-ერთ რეკომენდაციაში, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, კომისია მიესალმება 3%-იან ბარიერსაც.

რაც შეეხება ბარიერს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში არ გადაუდგამს.

ოპოზიცია, ბუნებრივია, დასკვნის მისთვის სასარგებლო პოზიციის წინ წამოწევას ცდილობს - როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გიგა ბოკერია აცხადებს, შეუძლებელია, ვენეციის კომისიას ამაზე უფრო მკაფიოდ დაეწერა საკუთარი პოზიცია, რაც აქამდეც ჰქონდა დაფიქსირებული, რომ ძალიან დიდი დარტყმაა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადადება და 2020 წელს კვლავ არსებული სისტემით ჩატარება.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია მიესალმება კონსტიტუციის პროექტის პროპორციული პრინციპის ერთმნიშვნელოვან ხსენებას, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისას კვალიფიციური უმრავლესობის მოთხოვნას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, 2024 წლის 31 დეკემბრიდან მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმებას, პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით სახალხო დამცველის უფრო გრძელი ვადით არჩევას (6 წელი 5-ის ნაცვლად) და კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლის სათაურში ბავშვთა უფლებების ერთმნიშვნელოვან ხსენებას.

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დამატებით რეკომენდაციასაც აძლევს.

ძირითადი უფლებების ნაწილში ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტის 22 (2) მუხლის მიხედვით გაერთიანების ლიკვიდაციის პირობები უნდა განიხილებოდეს ორგანული კანონით და არა ჩვეულებრივი კანონით, ისევე, როგორც სხვა ძირითადი უფლებების და თავისუფლებებისთვის, მაგალითად, შრომის თავისუფლებისთვის და პოლიტიკური პარტიების თავისუფლებისთვის.

კომისიის მოსაზრებით, რჯულის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლების შეზღუდვების კანონიერი მიზნები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-9-ე მუხლის მეორე ნაწილს, ხოლო „პოლიტიკური პარტიების ტერიტორიული პრინციპით შექმნის“ აკრძალვა (კონსტიტუციის პროექტის 23 (3) მუხლი) უნდა გაუქმდეს.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებების შეზღუდვის წესები უნდა გადაიხედოს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მონაწილეობის გარეშე დანიშვნა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენით მათი პრეზიდენტის მიერ დანიშვნა უკეთ უზრუნველყოფს ამ მოსამართლეების დამოუკიდელობას.